USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა
თარიღი:  537
აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა.
გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხოა, როგორც ვიზიტორებისთვის, ისე მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურისთვის.
შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„ლეღვთახევი სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, გვქონდა ქვათაცვენის შემთხვევები. აქ ბევრი ტურისტი მოდის, ქართველებიც ხშირად სტუმრობენ ლეღვთახევს. ამიტომ, პირველ რიგში, გვერდით არსებული ფერდები გამაგრდა და უსაფრთხოების მიზნით, მოეწყო დამჭერი ბადეები. გარდა ამისა, განახლდა გადასასვლელი ხიდები და მოეწყო განათებები. მიხარია, რომ სივრცე მთლიანად რეაბილიტირებულია და სასიამოვნო გარემოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობებზე გეოდინამიკური პროცესების წარმოშობა/გააქტიურების მაღალი რისკი არსებობდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო, როგორც ცალკეული ლოდების დროდადრო ჩამოცვენა, ისე დიდი მოცულობის კლდოვანი მასივის მყისიერად ჩამოშლა, რაც საშიშროებას წარმოადგენდა ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.
მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იყო ხეობაში გამაგრების ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისი სამუშაოები საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა აწარმოვა. კვლევისა და პროექტირების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტებიც, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევდნენ მიმდინარე სამუშაოებს.
გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტაცია ჩაუტარა ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კი გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო. ასევე, სივრცის კეთილმოწყობისა და ვიზიტორთათვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დამონტაჟდა სკამები და ურნები.
ლეღვთახევში, კახა კალაძესთან ერთად, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის