USD 2.8478
EUR 2.9967
RUB 2.6780
თბილისი
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა
თარიღი:  359

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) 1861-1927

„სული ღმერთს, გული სამშობლოს“

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია, დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა და იქვე, ჯერ სოხუმში, შემდეგ ახალ ათონსა და ლიხნში მსახურობდა. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმპერიის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. ამავე დროს ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი წლით ადრე იგი დაქვრივდა, თუმცა თავისი სამი შვილი გვერდიდან არ მოუშორებია, თან ჰყავდა ყაზანში სწავლისა და გადასახლებაში ყოფნის დროსაც კი. გადმოცემით, ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. ამბროსი ხელაია იქვე, ყაზანში აღიკვეცა ბერად და არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს, მალე კი საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1904 წელს, თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერიცვალების მონასტრის წინამძღოლად გადაიყვანეს. მაშინვე აქტიურად ჩაება ე. წ. ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.

1907 წელს კი, ესწრებოდა იმ საეკლესიო კრებას, რომელმაც სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების ქართულ ენაზე სწავლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიის სინოდი დიდი აღშფოთებით შეხვდა ამ ფაქტს. საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა კაზაკების ძალებით დაარბია ავტოკეფალისტთა კრება, მის მონაწილეებს მათრახებით სცემეს, მაგრამ ნიკონი ამით არ დაკმაყოფილდა და პეტერბურგს მოსთხოვა: „სემინარიას, თუ იქ ეროვნულ ენაზე შემოიღებენ სწავლებას, აღეკვეთოს სახელმწიფო ხაზინის დახმარებაო“.

1908 წლის 28 მაისს სინოდის კანტორის კიბეზე რევოლვერის ტყვიით მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, მართალია, მკვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ დაიწყეს ნიკონის „იდეური მოწინააღმდეგეების“ ავტოკეფალიის მომხრე მღვდლების დევნა და გადასახლება. რუსეთში გადაასახლეს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, ასევე ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა დასწამეს ეპისკოპოს კირიონს. მართალია, ბრალი ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ორივე დასაჯეს: მამა ამბროსის მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტ ხანს სასტიკ რეჟიმში უწევდა ცხოვრება. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

1917 წელს ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. ამავე დროს განაგრძო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.

1921 წლის სექტემბერში წმიდა სინოდი მიტროპოლიტ ამბროსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად ირჩევს. ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშეა: იწყება ეკლესიის დევნა, ქართული ენის უფლებების შეზღუდვა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემა. კათოლიკოსი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრება, უგზავნის მემორანდუმს.

კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა:

მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:

  1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
  2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე კათოლიკოსი ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს 9 წევრიც განისჯებოდნენ.

მათ ბრალად დასდეს: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“

პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.

სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.

და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:

„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“.

დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! ... გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაათავისუფლეს და წირვის ჩატარების უფლება მისცეს. ტაძარში უამრავი ხალხი მივიდა. შევიდა თუ არა კათოლიკოსი სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე კათოლიკოსს სიხარულით – „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“. თუმცაღა, ღონემიხდილ მწყემსმთავარს, შუა წირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა. მალე კათოლიკოსი ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს, რეპრესიები და ცილისწამება მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი – ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 1995 წელს წმ. მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია სიონის ტაძარში და მისი ხსენების დღე 16(29) მარტს აღინიშნება

ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.