USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
თბილისი
60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს ამკაცრებს
თარიღი:  205

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

„განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები - თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის