USD 2.5919
EUR 2.8368
RUB 3.1420
თბილისი
60+ კლუბის“ წევრები სურსათის უვნებლობაზე ტრენინგებს გადიან
 13

თბილისში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“-ის წევრები სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგებს გადიან. შეხვედრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) დაფინანსებით იმართება.

ტრენინგებში კლუბის 65 წელს გადაცილებული წევრები მონაწილეობენ. შეხვედრები კლუბის სამ ფილიალში ტარდება. თითოეული ჯგუფი სამი შეხვედრისგან შემდგარ სრულ ციკლს გადის, ციკლის სამივე შეხვედრას ერთი და იგივე მონაწილეები ესწრებიან. სულ ცხრა სამუშაო შეხვედრა იმართება.  სამ ფილიალში არანაკლებ 36 ხანდაზმული გადის სწავლებას.  

შეხვედრებს უძღვება სურსათის უვნებლოვბის სფეროში სწრტიფიცირებული ტრენერი ვერიკო გულუა. მონაწილეებს პროექტის სიმბოლიკით დამზადებული წინსაფრები, კალმები და ბლოკნოტები გადაეცათ.

რატომ არის სურსათის უვნებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხანდაზმულებისთვის

უვნებელი საკვები ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხანდაზმულ ასაკში ის გაცილებით დიდ მნიშნვნელობას იძენს. მსოფლიოში მოსახლეობა სწრაფად ბერდება და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის: 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი 15.6%-ია, ხოლო პროგნოზით, 2050 წლისთვის ქვეყანაში ყოველი მეოთხე ადამიანი ხანდაზმული იქნება. ამასთან, ხანდაზმულთა კვება ჩვენთან ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი და ყურადღების მიღმა დარჩენილი თემაა.

ასაკთან ერთად ორგანიზმში ისეთი ცვლილებები ხდება, რაც ადამიანს დაბინძურებული საკვების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. სუსტდება იმუნური სისტემა… სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხანდაზმულებმა იცოდნენ და გაიაზრონ, რატომ არის საფრთხის შემცველი საკვები მათი ასაკისთვის განსაკუთრებით საშიში და როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება საკუთარ სამზარეულოში.

სამი თემა – სამი შეხვედრა

ტრენინგები ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ENPARD IV-ის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიით, „სურსათის უვნებლობა 65+ ასაკის პირთათვის“, მიმდინარეობს. ციკლი სამ თემას მოიცავს:

  1. სურსათის უვნებლობა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „ხუთი გასაღების“ პრინციპი. მონაწილეები განიხილავენ, რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა და ხარისხი, და იმას, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული ხუთი ძირითადი წესი – სისუფთავე, უმი და მზა საკვების განცალკევება, სათანადო თერმული დამუშავება, უსაფრთხო ტემპერატურა და უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება – ასაკობრივი ცვლილებების გათვალისწინებით. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები ქეისს „ფერმერი ქალბატონი ლიანა“ - განიხილავენ და მისთვის რეკომენდაციის ბარათებს ქმნიან.
  2. სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ეტიკეტირება. შეხვედრაზე მონაწილეები ქართული პროდუქტების ეტიკეტებს სწავლობენ და ერკვევიან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში: ვარგისიანობის ვადას, შემადგენლობას, ალერგენებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საკითხმა, რომ წარწერა „უშაქრო“ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტი დიაბეტის მქონე ადამიანისთვის უსაფრთხოა, ხოლო „უქოლესტერინო“ – რომ ის ტრანსცხიმებს არ შეიცავს. შეხვედრა მთავრდება აქტივობით „ჩემი საყვარელი კერძის ეტიკეტი“.
  3. სურსათით გამოწვეული დაავადებები. მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას იზიარებენ და განიხილავენ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს, მათ სიმპტომებსა და პრევენციას. სალმონელოზი საქართველოში სურსათით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა – ყოველწლიურად 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. საუბარია ასევე იმაზე, რატომ არის სახიფათო არაპასტერიზებული რძე და შინ დამზადებული კონსერვი.

შეხვედრების ფორმატი ასაკობრივ ჯგუფს ერგება: მოკლე თეორიული ბლოკები, ნელი ტემპი, შესვენებები, მუშაობა 3-4-კაციან გუნდებში და ბევრი დისკუსია. თითოეული შეხვედრის დასაწყისსა და ბოლოს მონაწილეები ერთსა და იმავე კითხვარს ავსებენ, რაც აჩვენებს, რამდენად გაიზარდა მათი ცოდნა შეხვედრის შემდეგ.

როგორ აფასებენ შეხვედრებს მონაწილეები

კლუბის წევრები შეხვედრებს დიდი ინტერესით ესწრებიან. მათი თქმით, ყველაზე მეტად ფასეულია, რომ მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურად, საკუთარ სამზარეულოსა და მაღაზიაში შეუძლიათ. ბევრმა აღიარა, რომ ეტიკეტს აქამდე ყურადღებით არ კითხულობდა, ზოგიერთმა კი პირველად გაიგო, რომ საკვების რამდენჯერმე გაცხელება და ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს დატოვება საფრთხის შემცველია. მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ შეხვედრები მათთვის ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა – მიღებულ ინფორმაციას ოჯახის წევრებსა და მეზობლებს უზიარებენ. ციკლის ბოლოს მონაწილეები კმაყოფილების კითხვარსაც ავსებენ, სადაც შეხვედრების შინაარსსა და ფორმატს აფასებენ.

„60+ კლუბის“ უხუცესი წევრი, 82 წლის ნუნუ ხვიბლიანი ასეთ შეხვედრებს დადებითად აფასებს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცდილება მაქვს, სიახლეს ყოველთვის მივესალმები. დღესაც ბევრი ახალი რამ გავიგე. მაგალითად, მზა სადილი მაცივრის გარეშე მხოლოდ ორი საათით უნდა დავტოვო, არადა მეგონა, რომ 4-5 საათი პრობლემა არ იყო. აქ სხვების გამოცდილებაც გავიზიარე. მივესალმები, რომ ჩვენთვის აქტიურად ტარდება სწავლებები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრების მთავარი გზავნილი მარტივია: რამდენიმე წესის დაცვა საკმარისია, რომ ჩვენი სუფრა უვნებელი იყოს. სუფთა ხელები, სწორად შენახული საკვები და ეტიკეტზე ერთი დამატებითი შეხედვა ჯანმრთელობას იცავს ნებისმიერ ასაკში”.

„60+ კლუბის“ წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწავლას ასაკი არ აქვს. აქტიური, ცნობისმოყვარე და ახლის მიმღები ხანდაზმულები ცოდნას ყოველდღიურად იყენებენ და ზრუნავენ როგორც საკუთარ, ისე ახლობლების ჯანმრთელობაზე. უვნებელი საკვები ხომ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველია, რასაც კლუბის სახელიც გულისხმობს.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის