USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
4 აპრილი NATO - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაბადების დღეა
თარიღი:  1265

4 აპრილი NATO - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაბადების დღეა!
ნატო უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებში და მსოფლიოში მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას!

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორც ახლა! საქართველო ალიანსის გამორჩეული, ღირსეული და საიმედო პარტნიორია. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ გზაზე მიაღწია, საყოველთაოდ აღიარებულია.

საქართველო ყოველ ეტაპზე უახლოვდება მტკიცე და ურყევ სურვილს-გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი-სახელმწიფო!

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციანატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'

Atlantique Nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო, ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[5] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[6] დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

ისტორია

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები და მათი ჩრდილოატლანტიკელი მოკავშირეები, ნათლად ხედავდნენ საბჭოთა კავშირის ექსპანსიურ პოლიტიკას. დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო ძალების შემცირებასა და სამხედრო მოსასახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა, საბჭოთა კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ინარჩუნებდა ევროპის კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნების გათვალისწინებით აშკარა იყო, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვისკენ მოწოდება არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტი. მოსალოდნელ საფრთხეზე 1946 წლის 5 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა (რომელიც დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის რანგში წარდგა) აღნიშნულ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის რკინის ფარდის დაშვებას შეადარა 1948 წელს საბერძნეთი და ნორვეგია კომუნისტური ექსპანიის პირდაპირი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, იმავე წლის აპრილში ყველა არსებული ხელშეკრულების დარღვევით კრემლმა განახორციელა ბერლინის ბლოკადა ხოლო ივნისში, ჩეხოსლოვაკიაში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება. კორეის ომმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა დასავლეთი საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტურ ამბიციებში, რომელიც მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არ ვრცელდებოდა.

1948 წლის მარტში, დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ -  დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ბრიუსელის პაქტს. ეს კავშირი მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას და ერთმნეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც წინ აღუდგებოდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას. ბრიუსელის პაქტი დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა საფუძველი NATO-ს დაარსებისა 1949 წელს. ბრიუსელის პაქტის ქვეყნები, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი აქტის თანახმად, წევრი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ, რომ ისინი არ შეუერთდებოდნენ სხვა ისეთი ტიპის გაერთიანებებს, რომლის მიზნებიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებთან. NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსი არის უნიკალური გაერთიანება, რომელიც აღიარებს და იცავს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, ინდივიდის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების მოთხოვნის შესაბამისად, ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნამ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, განაპირობა საბჭოთა კავშირის მიერ აგრესიული ქმედებების შეჩერება. თუმცა, მოსკოვის მხრიდან საფრთხე კვლავ აშკარა იყო.

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან, დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები საბჭოთა კავშირის სატელიტის, ჩრდილოეთ კორეის მიერ. კომუნისტური ბანაკი იწყებდა გლობალურ შეიარაღებულ აგრესიას დემოკრატიულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, გააქტიურეს ძალისხმევა ერთობლივი სამხედრო სტრუქტურების გასაძლიერებლად.

გაფართოება

NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება, რომლის მიხედვითაც: „მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“. გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ალიანსის წევრად მოწვევის შესახებ იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზე. NATO-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის, ალიანსის გაფართოების მიზანი სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, ერთიანი და თავისუფალი სივრცის მშენებლობა, მშვიდობისა და საერთო დემოკრტიული ღირებულებების დაცვაა. NATO-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღოს მონაწილეობა. 1949 წლიდან NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12-დან 29 ქვეყანამდე გაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა ექსპანსიურმა პოლიტიკამ, განაპირობა ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად 1952 წელს ალიანსი პირველად გაფართოვდა და NATO-ს ორი ახალი წევრი შეუერთდა თურქეთისა და საბერძნეთის სახით. 1955 წელს ალიანსს დასავლეთ გერმანია ხოლო 1982 წელს ესპანეთი შეემატა.

ვარშავის პაქტის გაუქმებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ სამხედრო ინტერვენციის საფრთხე თითქოს გამქრალი იყო, საგრძნობლად იმატა არასტაბილურობამ ევროპის მთელს კონტინენტზე. იუგოსლავიის მოვლენებს დაემატა კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყოველივე ამის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ NATO კვლავ უნდა დარჩენილიყო კოლექტიური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მთავარ გარანტად ევროპაში. 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ (დოკუმენტი უკანასკნელად განახლდა 2008 წელს), რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა), უნგრეთი და პოლონეთი მიიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი NATO-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე ქვეყნებისთვის NATO-ში გაწევრების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan - MAP) შეიმუშავეს. 2002 წელს გამართულ პრაღის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, წევრობის შესახებ მოლაპარაკება ერთდროულად შვიდ ევროპული ქვეყანასთან დაიწყო. გაწევრების სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგად კი 2004 წელს ალიანსში ბულგარეთი, ესტონეთი ლატვია ლიეტუვა რუმინეთი სლოვაკეთი და სლოვენია გაწევრიანდნენ.

2008 წელს გამართული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე ალბანეთი და ხორვატია ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო - 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა .

2019 წელს ლონდონის სამიტის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.