USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
3 თვეში თბილისში $958 მილიონის ღირებულების 10 907 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart
თარიღი:  168

2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაყიდული ბინების რაოდენობა წლის ჭრილში 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ზომა 23.1%-ით. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ზრდა დაფიქსირდა, წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო. მეორე მხრივ, გაყიდვებმა მეორად ბაზარზე რიგით მეორე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია 2022 წლის შემდეგ.

მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მე-6 თვეა წლიურად მცირდება.

საინვესტიციო ბანკის თანახმად, ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა - პირველადი ბაზრის ფასები ზომიერი ტემპით გაიზარდა ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე.

მოთხოვნა

2026 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,121 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 26.9%-ით გაიზარდა და 2,068 შეადგინა (პირველ კვარტალში +15.1% წ/წ).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 36%-ით გაიზარდა და 2,053 შეადგინა (პირველ კვარტალში +16.6% წ/წ).

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წლიურად 8.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (ჯამურად 2026 წლის პირველ კვარტალში +16.9% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.

მიწოდება

2026 წლის მარტში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 150,241 კვ.მ შეადგინა (-6.7% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეექვსე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 29.9%-ით შემცირდა.

ფასები

2026 წლის მარტში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1,403 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 1,305 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2026 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა (-1.2% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.

ცნობისთვის, პირველადი ბაზარი გულისხმობს დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ტრანზაქციებს, ხოლო მეორადი ბაზარი - ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულს. ბინების გაყიდვების სტატისტიკა ეფუძნება საჯარო რეესტრის მონაცემებს, სადაც პირველადი ბაზრის ტრანზაქციები დაგვიანებით აისახება. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად Galt & Taggart სისტემატურად ატარებს დეველოპერების გამოკითხვას. 2026 წლის მარტში, საინვესტიციო ბანკმა ჩაატაეა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს).

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის