USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
29 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1139

29 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 149-ე დღე (ნაკიან წლებში - 150-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 216 დღე.

 

დღის მოვლენები

363 : რომის იმპერატორი იულიანე ამარცხებს სასანიდების არმიას ქტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლას ვერ ახერხებს.

1453 : ოსმალებმა სულთანი მეჰმედ II-ის მეთაურობით აიღეს კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღეს. ბიზანტიის იმპერიას, მასთან ერთად რომის იმპერიასაც.

1660 : ინგლისში აღდგენილ იქნა მონარქია.

1727 : პეტრე II რუსეთის ცარი ხდება.

1790 : როდ-აილენდი გახდა აშშ-ს მე-13 შტატი.

1810 : არგენტინამ გამოსცა დეკრეტი ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ.

1825 : რეიმსის საკათედრო ტაძარში გაიმართა საფრანგეთის მეფედ კურთხევის უკანასკნელი ცერემონიალი.

1848 : უისკონსინი გახდა აშშ-ს 30-ე შტატი.

1868 : სერბეთის პრინცი მიხაელ ობრენოვიჩ III მოკლეს ბელგრადში.

1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა ატლანტა ჯორნალში.

1900 : კომპანია „ოტის“-მა დააპატენტა სავაჭრო მარკა „ესკალატორი“

1903 : მაისის გადატრიალება: ალექსანდრე ობრენოვიჩი, სერბეთის მეფე, და დედოფალი დრაგა მოკლეს ბელგრადში ორგანიზაცია "შავი ხელის" (Crna Ruka) წევრებმა.

1913 : იგორ სტრავინსკის ბალეტი „Le Sacre du printemps“ დაიდგა პარიზში.

1919 : ეინშტეინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ტესტირება (მოგვიანებით კი დამტკიცება) ართურ ედინგტონის სრული მზის დაბენელების დაკვირვებით პრინსიპეში და ენდრიუ კრომელინის მიერ სობრალში, ბრაზილია.

1924 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი „რაიო ვალეკანო“

1935 : ჰუვერის კაშხლის მშენებლობა დასრულდა.

1945 : ნორვეგიაში, ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი კნუტ ჰამსუნი.

1953 : ახალზელანდიელმა ე. ჰილარიმ და ნეპალელმა თ. ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი).

1968 : მანჩესტერ იუნაიტედი პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიგო.

1975 : ბელორუსიის საავტომობილო ქარხანამ დაიწყო საბჭოთა კავშირში უდიდესი ტვირთმზიდის „ბელაზ-7520“-ის წარმოება

1988 : აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი პირველად ჩადის საბჭოთა კავშირში, მოსკოვში ზესახელმწიფოების სამიტზე საბჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან შესახვედრად.

1990 : რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე ბორის ელცინი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

1996 : ბინიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

2005 : საფრანგეთი, გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი ინიციატორი, რეფერენდუმში უარყოფს ევროპის კონსტიტუციას.

2008 : ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო მეფე გიანენდრას გადადგომით ქვეყანაში 240 წლიანი მონარქია დასრულდა.

2009 : სოიუზ TMA-15 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა.

2010 : 2010 წლის ევროვიზიის ფინალში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა გერმანიის წარმომადგენელმა ლენა მაიერ-ლანდრუტმა, სიმღერით „Satelite“.

2014 : რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

2016 : მადრიდის რეალი მეთერთმეტედ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

2019 : ეგილს ლევიტსი ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.

ამ დღეს დაბადებულნი

1630 : ჩარლზ II — ინგლისის მეფე.

1879 : ჰამანი, რიხარდ — გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი

1880 : შპენგლერი, ოსვალდ — გერმანელი ფილოსოფოსი.

1909 : ბაუერი, მარიამ — ქართველი ბალერინა

1914 : ნორგეი, თენცინგ — ნეპალელი მთამსვლელი, ევერესტის პირველი დამპყრობი.

1917 : კენედი, ჯონ — აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი.

1990: დავით ღარიბიანი — სომეხი მსახიობი, რეჟისორი, წამყვანი და მოდელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1814:ჟოზეფინ ბოარნე — საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი.

1847 : ემანუელ დე გრუში — საფრანგეთის მარშალი

1910 : ბალაკირევი, მილი — რუსი კომპოზიტორი

1979 : პიკფორდი, მერი — მსახიობი.

1982 : შნაიდერი, რომი — მსახიობი.

1995 : ჰონეკერი, ერიხ — გდრ-ის სახელმწიფო მოღვაწე.

2011 : სერგეი ბაგაფში — აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო - მშვიდობისმყოფელთა დღე.

გაერო - საჭმლის ჯანმრთელი მონელების საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

არგენტინა - სახმელეთო ჯარების დღე

დომინიკის რესპუბლიკა - დედის დღე

რუსეთი - სამხედრო ავტომობილის დღე; საბაჟოს ვეტერანთა დღე

ყირგიზეთი - სამხედრო ძალების დღე

აშშ - უისკონსინის დღე; როდ აილენდი - აშშ-ში შესვლის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდორე განწმენდილი

მუზა ქალწული

წმინდა ვიტე, წმინდა მოდესტო და წმინდა კრისკენტია

გიორგი მიტილინელი

წმინდა ალექსანდრე

ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში გვემულნი

ნიკოლოზ მისტიკოსი

წმინდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული

პეტრე აღმსარებელი

ნიკოლოზ მეჩეველი

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way