USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
28 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  435

28 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 332-ე დღე (ნაკიან წლებში – 333-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 33 დღე.

დღის მოვლენები

1520 : სამხრეთ ამერიკის ყურის გაცურვის შემდეგ პორტუგალიელი მკვლევარი ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით სამი გემი წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომელთაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შესცურეს.

1660 : ლონდონის გრეშამის კოლეჯში რობერტ ბოილი, ჯონ უილკინსი, ქრისტოფერ ვრენი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფუძნებენ სწავლულთა საზოგადოებას, დღეს ცნობილი როგორც სამეფო საზოგადოება.

1821 : პანამის დამოუკიდებლობის დღე. პანამა გამოეყო ესპანეთს და კოლუმბიას შეუერთდა.

1912 : ალბანეთი დამოუკიდებლობას აცხადებს ოსმალეთის იმპერიისგან.

1943 : მეორე მსოფლიო ომი - თეირანის კონფერენცია - აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი თეირანში ომის სტრატეგიას იხილავენ.

1944 : ალბანეთი ნაცისტებისგან განთავისუფლდა ალბანეთის პარტიზანთა მიერ.

1960 : მავრიტანია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1969 : გამოდის როლინგ სთოუნზის ალბომი „Let It Bleed“.

1975 : აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობას აცხადებს პორტუგალიისგან.

1982 : 88 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო პოლიტიკის განსახილველად.

1984 : უილიამ პენი და მისი მეუღლე ჰანნა კალოუჰილ პენი გარდაცვალებიდან 250 წლის შემდეგ აშშ-ის სპატიო მოქალაქეები ხდებიან.

1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია - ხანგრძლივი და მასიური პროტესტების ზეწოლით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.

1994 : ნორვეგიის ამომრჩევლები ევროკავშირის წევრობაზე უარს აცხადებენ.

2000 : უკრაინელი პოლიტიკოსი ოლეკსანდერ მოროზი აქვეყნებს კასეტას, რომლითაც სახალხოდ ამხილა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მონაწილეობაში.

2007 : ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნით.

2018 : საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, რომელიც რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

2021 : სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1757 : ბლეიკი, უილიამ — ინგლისელი პოეტი, მხატვარი და ლითოგრაფი

1820 : ენგელსი, ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი

1857 : ალფონსო XII — ესპანეთის მეფე

1880 : ბლოკი, ალექსანდრე — რუსი პოეტი

1898 : ანდღულაძე, ვასილ — ქართველი თერაპევტი

1898 : ჩხეიძე, უშანგი — ქართველი მსახიობი

1907 : ალბერტო მორავია — იტალიელი რომანისტი და ჟურნალისტი

1910 : ბენაშვილი, დიმიტრი — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე

ამ დღეს გარდაცვლილნი

1685 : დე ნეფვილი, ნიკოლა (ჰერცოგი დე ვილრუა) — ფრანგი სამხედრო მოღვაწე

2010 : ლესლი ნილსენი — კანადელ-ამერიკელი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გური და სამონი და აბიბო აღმსარებელი

ელპიდი, მარკელე და ევსტოქი

წმინდა დიმიტრი

პაის ველიჩკოვსკი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის