USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Тбилиси
26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
дата:  1108
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!!!
 
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.
 
1946 წელს მერაბი შეჰყავთ თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში.
 
მერაბს კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა და მე-9 კლასიდან სწავლას აგრძელებს ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
 
ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას “გორგასლიანი”.
 
1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანის” წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი… მერაბ კოსტავა მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
 
კონსტანტინე გამსახურდია და მერაბ კოსტავა
 
1958 წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს ათწლედს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონსერვატორიაში სწავლისას, პროფესორი ლადო დონაძე, რომელიც მერაბის სადიპლომო ნამუშევრის – “ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში” ხელმძღვანელი იყო, ამბობდა: “არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავსო!” კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში.
 
1967 წლიდან იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”. აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე.
 
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო” და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო. “ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე – ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული” – იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.
 
1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. “ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია… ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა” – იხსენებს ზურაბ შაუთიძე.
 
გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს“ და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ–შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.
 
ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: “პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”
 
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა – 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებულია, გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10–წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი “თბილი” თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში.
 
ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა
 
ციცინო მაღლაფერიძე: “ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა – “ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდესო“. იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა – “რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!” ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა“.
მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.
 
1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1–ში (ამჟამად ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ციცინო მაღლაფერიძე: “30–მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა – “ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო“.
 
მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს – „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო”. ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო” შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
 
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9–ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო – “ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო“.
 
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო”.
 
ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში (1988–1989) მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
 
ციცინო მაღლაფერიძე: “ყველა თავის გაჭირვებაზე ჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ თქვა – “რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო“. ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ. ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა, დღე–ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდნენ სახლში”.
ერთმა ქალბატონმა მერაბს დაკარგული ძროხის პოვნაში დახმარებას სთხოვა – ”ძროხა დამეკარგა, შეიძლება ჩემმა მეზობელმა წაიყვანა და გთხოვ მაპოვნინეო”. მერაბი ამ ქალბატონის პრობლემას გულგრილი არ დაუტოვებია. დაკარგული ძროხის შესახებ ფიქრობდა: ”ახლა ამ ადამიანისთვის ძროხა არის მთავარიო”.
 
მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო.
ღალიძის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს – კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს. სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა.
 
სიკდილამდე 1 დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.
 
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
 
მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: “ფიქრები საქართველოს მისიაზე”; “ფიქრები ქართულ კულტურაზე” და ა.შ. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები.
ციცინო მაღლაფერიძე: “ლექსებს, რომ წერდა, ვიცოდით, მაგრამ ნანახი არ მქონდა. მერაბის ლექსები პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ციმბირიდან რუსულ ენაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი გამოგზავნა. იქიდან წერილების გამოგზავნა ქართულად ეკრძალებოდა და ამიტომ, წერილებსაც და ლექსებსაც რუსულად წერდა. ერთ–ერთ წერილში ამბობს – “ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლექსს რუსულად დავწერდიო“. დედისადმი მიძღვნილი ერთი არაჩვეულებრივი ლექსი აქვს – “რადნაია რეჩ“.
 
1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
ნინო მიქიაშვილი – ინტერვიუ ციცინო მაღლაფერიძესთან, 26.05.2010
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати