USD 2.7067
EUR 3.1203
RUB 3.3723
თბილისი
23 ნოემბერს გიორგობას ერლომ ახვლედიანს 92 წელი შეუსრულდებოდა - ნაწილი პირველი
თარიღი:  

23 ნოემბერს გიორგობას ერლომ ახვლედიანს 92 წელი შეუსრულდებოდა.

Tbilisipost - ის მკითხველს  სამ ნაწილად გთავაზობთ გენიალური სალოსის ბიოგრაფიას .

 

მწერლომი

(მწერლისთვის დავით ჯავახიშვილის მიერ შერქმეული ზედმეტსახელი )

 

ბავშვობა და სტუდენტობა

 

დაბრუნება

მე ათასჯერ დავბრუნებულვარ შინ. ყველაფერი ნაცნობია ამ გზაზე ჩემთვის. მე ვბრუნდები შინ ხან ქალაქის ტრანსპორტით, ხან ტაქსით, ხან ფეხით, ხან დღეა, როცა ვბრუნდები, ხან ღამეა. ხან თოვლი მოდის, ხან მოდის წვიმა. ისევ ის ძველი გზა, მეც ისევ ისა ვარ. უცებ ამ გზაზე აღმოვაჩენ , ხანდახან არც გამახსენდება, რომ მე უკვე ბევრი წელია ვბრუნდები შინ. ეს , ხდება, როგორც აუცილებელი რამ. სწორედ ეს გზაა ჩემი გზა, სწორედ ეს აღმართია ჩემი აღმართი, სწორედ ეს სახლია ჩემი სახლი და მასში ის ძველი დედა, ძველი მამა, თითქოს შევდივარ იმ ძველ მოგონებებში, სიყვარულში , სითბოში, რომელიც დაწესებულა ჩემს დაბადებამდე და მე არც შემიძლია და უცებ არც მინდა შევცვალო იგი. მე ვრუნდები შინ ანგარიშმიუცემლად, მხოლოდ ერთ გზას ამოვირჩევ, როცა ღამდება და სადღაც შუა გზაში აღმოვაჩენ , რომ მე არ მიფიქრია შინ დაბრუნება.

ერლომ ახვლედიანი

კამოს ქუჩის 91 ნომერში, თბილისურ ეზოში, მეზობლის კიბეზე ზის ერლომი. ზაფხულია. მას მოკლე, ლურჯი შარვალი აცვია. ეს-ეს არის, უკვე მერამდენედ „მოისყიდა“ თანატოლები, რომ „თეთრი“ და „ტროცკისტი“ აღარ დაუძახონ და ახლა მზეს ეფიცხება, მისი სხივების დაჭერას ლამობს. რა მისი ბრალია, რომ დედა დადიანი ჰყავს, მამა კი ახვლედიანი...

ახვლედიანებმა თავადობა მეთექვსმეტე საუკუნეში ერთი პიკანტური შემთხვევის წყალობით მიიღეს. დადიანის ამალას მათ სოფელში, დერჩში ჩამოუვლია. ამ დროს ოთხი შვილის მამას , გიორგი ახვლედიანს ცაცხვის ქვეშ ეძინა. დადიანის ქალს ახალგაზრდა აზნაური ისე მოსწონებია, რომ ამალისთვის მისი მოტაცება უბრძანებია. სასახლეში დაბრუნებულმა კი...ქმრად შეირთო თურმე. ქორწილში გიორგი ახვლედიანის მთელი ოჯახობა ცხენზე ამხედრებული ეწვია ყოფილ ქმარსა და მამას მისალოცად. დიდი ვერაფერი დამსახურებაა ამგვარი თავადობაო- მერე ფიქრობდა ერლომი, მაგრამ ერთი რამ კი საინტერესოდ ეჩვენებოდა : დედამისიც დადიანი გახლდათ. თუმცა ბარბარე, ანუ ვარინკა, როგორც მას შინაურები ეძახდნენ, არასოდეს ამაყობდა ამით. სწორედ დედის თავმდაბლობის გამო კიდევ უფრო ამაყობდა ერლომი.

ეზოში მის მზიან სიმშვიდეს რუსი ბიჭი არღვევს. ის მეზობლად ცხოვრობს. ერლომის მეგობარი ლეო მას  „ხოზიკას“ ეძახის. ერლომს მისი დანახვა მაინცდამაინც არ ეპიტნავა. სულ ეჩხუბება ხოლმე. მართალია ვერ ერევა, მაგრამ აშინებს. „ხოზო“ მიუახლოვდა.

  • იცი ჰილტრერთან ომი დაიწყო - უთხრა მან და ერლომის გვერდით დაჯდა.

ერლომს გაუხარდა, „ხოზო“ რომ არ ეჩხუბებოდა , ომი სულ არ აინტერესებდა. სანამ რამეს იტყოდა, რუსმა ბიჭმა დაასწრო და „დაამშვიდა“ - არაუშავს, ჩვენ გავიმარჯვებთ, ფინელებს ხომ მოვუგეთ.  მაშინ ერლომმა ფინური მხოლოდ დანა იცოდა და მასაც ვერ აკავშირებდა ფინეთთან, ამიტომ გაიფიქრა : „ ნეტავ, ამდენი საიდან იცისო“ - და   „წითლებთან“ სათამაშოდ გაიქცა. ლეო, ჟორა, ვახტანგ, ფელიქს, ნანი, დინარა, ერლომ... ბავშვების ჟრიამულმა აავსო ეზო.

საღამოს ომმა მაინც მიუკაკუნა მათ კარზე. ის მამასთან ერთად მივიდა. სერგო ახვლედიანს მაშინ უკვე დაწყებული ჰქონდა ვაკეში , ტაბიძის შესახვევის 36- ში სახლის მშენებლობა.1941 წლის 26 ივნისს კი მარცხენა ხელის ცერზე შემთხვევით ჩაქუჩი დაურტყამს. გაშავებულ ფრჩხილს დახედა და ცოლ-შვილს მხიარულად დაჰპირდა : ჩვენ გავიმარჯვებთ მანამ, სანამ ეს ხელი მომირჩებაო . ერლომმაც დაუჯერა მამას, მაგრამ დრო რომ გავიდა და ომი არა და აღარ დასრულდა , მიხვდა, რომ ამჯერად ის შეცდა. მალე ომი არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მათი ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა. ომმა დაამახსოვრებინა ერლომს უკანასკნელად ნაჭამი თეთრი პური, რომელიც დამ , მადონამ უყიდა , მამის მოტანილი ნამცხვარი „ნაპოლეონი“ , რომელსაც ერთ მშვენიერ საღამოს დიდი ცისფერი აბაჟურით განათებულ მაგიდასთან სიამოვნებით შეექცეოდა მთელი ოჯახი და ამერიკული ჰუმანიტარული დახმარება , ერთი ქილა შედედებული რძე , რომელიც იმდენად გემრიელი ყოფილა , რომ პატარა ერლომს სიამოვნებისგან გულიც კი წასვლია.

ერლომი სახლთან ახლოს 23 - ე სკოლაში მიაბარეს. იქ , სადაც მამამისი ხატვას ასწავლიდა. სერგო ახვლედიანს, როგორც საუკეთესო პედაგოგსა და ადამიანს, ლამის მთელი ქალაქი იცნობდა. მას, მოწაფეების მიბაძვით, ყველა, შინაურიც და გარეულიც, „სერგო პაპას“ ეძახდა. ერთ დღეს ერლომის პირველმა მასწავლებელმა ნინო ფრანგიშვილმა მოწაფეებს განუცხადა , რომ ისისნი სხვა სკოლაში ისწავლიდნენ , რადგან მათი სკოლის შენობაში , საავადმყოფო გაიხსნებოდა. მართალია, ეს ამბავი ერლომმა მამისგან უკვე იცოდა, მაგრამ ნინო მასწავლებლის მიერ მთელი კლასის წინ ნათქვამმა მაინც აუჩყა გული. თანატოლებთან ერთად, დარდიანი იდგა და ფიქრობდა, რა და როგორ იქნებოდა მის თავს მას შემდეგ, რაც საყვარელ მასწავლებელს დააშორებდნენ.

Picture2

დედა ვერენკა დადიანი და ერლომის და მადონა

ერლომი მშობლებმა თავიდან 106-ე სკოლაში გადაიყვანეს, რომელიც მის ლამაზ 23-ე სკოლას სულაც არ ჰგავდა. მერე კი - მე-4 სკოლაშ. მაინცდამაინც კარგი მოსწავლე არ იყო, თმცა არც ცუდად სწავლობდა.

სერგო პაპა, მას შემდეგ, რაც შენობა საავადმყოფომ დაიკავა, მოხალისედ, სრულიად უსასყიდლოდ დარჩა შენობაში, რათა სკოლის ინვენტარი გაფუჭებისა და დაკარგვისგან დაეცვა. თავდადებული პედაგოგისგან და გასაოცრად პატიოსანი სერგო პაპასგან ეს საქციელი არავის გაჰკვირვებია.

სერგო ახვლედიანი მხატვარი გახლდათ, ის ლეჩხუმში, სოფელ დერჩში , სარიდან და ევგრასტი ახვლედიანების ოჯახში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა. შვიდი და-ძმა იყვნენ - სერგო, გიორგი, ქუჩუკი, ვალიკო, თამარი, კაკია და პასიკო. 1924 წელს ცნობილ გამოსვლებში, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი სვიმონ (ქუჩუკი) ახვლედიანიც მონაწილეობდა. ამიტომ , როდესაც მათი დევნა დაიწყეს,მან ტყეს შეაფარა თავი. ერთ დღესაც სარიდანის სახლს წითლები მიადგნენ. ქუჩუკის ეძებდნენ. მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი არ გასცეს . ხვალ, ნაშუადღევს კიდევ ამოვალთ და თუ არ გვეტყვით, სად არიან, სახლ-კარს გადაგიწვავთო, - დააგდო სიტყვა წითელარმიელმა და ცხენს მათრახი გადაუჭირა. ის, რომ შვილს მტერს არ ჩააბარებდა, სარიდამა მაშინვე იცოდა. იფიქრა, ამ დროს იმაში მაინც გამოვიყენებ, რომ სახლი დავცალო და ნივთები დაწვას გადავარჩინოო. მართლაც ასე მოიქცა, მთელი ღამე ეზიდებოდა შინიდან ყველაფერს , რისი გატანაც შეიძლებოდა და რაც თავად ახვლედიანს სახლში ჰქონდა. მეორე დღეს ეზოში დაჯდა და წითლებს დაელოდა. ამ დროს მასთან ერთი მეზობელი მივიდა თურმე და უთხრა , ზუსტად გავიგე, რომ ამოსვლას აღარ აპირებენო. სარიდანმა , ყველაფერი, რაც სახლიდან გაიტანა, კვლავ უკან დააბრუნა. როცა ბოლო ხალიჩა შეჰქონდა სახლშ, ცხენების ხმა გაიგონა და მხოლოდ მაშინ მიუხვდა მეზობელს მუხანათობას. რამდენიმე წუთში მთელი მისი ქონება ცეცხლის ალში გაეხვია. ქუჩკი ახვლედიანს ტყიდან დაუნახავს თურმე, მის მამაპაპისეულ სახლს ალი როგორ ასდიოდა და სოფელში დასაბრუნებლად იწევდა, მაგრამ მეგობრებს ხეზე დაუბამთ.

იმ სახლში დაიწვა სერგო პაპას თითქმის ყველა ნახატი. მაშინ მისი ფეხმძიმე მეუღლე ვარინკაც დერჩში იმყოფებოდა. ამ ამბის შემდეგ წამოუყვანია ცოლ-შვილი სერგო პაპას და დედაქალაქში დასახლებულა. ხატვა სამუდამოდ მიუტოვებია, მხოლოდ ასწავლიდა. მალე მადონა დაიბადა. მის დაბადებას მშობლები შიშნარევი სიხარულით შეხვდნენ , რადგან მათი ტყუპი გოგონები - თინა და ქეთევანი ჩვილობაშივე გარდაიცვალნენ. დედა ამბობდა, ერთი მამას ჰგავდა, მეორე კი მეო. მადონას შემდეგ, ვარინკას ლალი და ლამარა შეეძინა. მათი ბედიც ტრაგიკული აღმოჩნდა. ლალი თვეების იყო, როცა ძაღლმა შეაშინა და წაიქცა, მას შემდეგ გამუდმებით ტიროდა. საკმაოდ დიდი იყო უკვე და ისევ ხელში აყვანილს დაატარებდნენ მშობლები. ბავშვის ავადმყოფობას ვერც ვერაფერი გაუგეს და ვერც ვერფერი უშველეს. ფერმკრთალი ლამაზი სახე ჰქონია თრმე , 6 წლისა გარდაიცვალა. მანამდე კი ლამარა დიფტერიისგან დაიღუპა. როცა შვილმკვდარი ვარინკა საავადმყოფოდან შინ დაბრუნდა , მადონას წითელა ბატონები ჰქონდა , ლალის კი დიფტერიტი გადასდებოდა. დედამ შვილის დატირება ვერ შეძლო - ბატონებთან ტირილი არ შეიძლებოდა. 1933 წელს დაიბადა სერგო პაპასა და ვარინკას ნაბოლარა შვილი და პირველი ვაჟი . ერლომი მერე, საკუთარი ოჯაახის ისტორიის აღწერისას დაწერს : „ ჩვენ ოთხნი თითქოს ძლიერმა ღელვამ გადმოგვრიყა ნაპირზე“ .

 სახელი ერლომი მის დაბადებამდე არ არსებობდა. უფრო სწორად, არსებობდა, მაგრამ შებრუნებით - მამის ბიძას ლომერი , ანუ ლომი ერისა რომ უწოდეს, სახელის შესაფერისი ძალაც ჰქონდა, ახოვანი კაცი ყოფილა და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ხშირად ახდენდა. მნახველები აღტაცებული შეჰყურებდნენ, როგორ უმკლავდებოდა დაუძლეველ სიმძიმეებს ლომი, სიკვდილიც ისეთ დროს ეწვია , როცა სუნთქვაშეკრული ხალხის შუაგულში ზეაღმართული , საჯილდაო ქვით იდგა. ახვლედიანებს არ სურდათ, მისი სახელი გვარიდან გამქრალიყო და წესად შემოიღეს ვაჟებისთვის ლომერის დარქმევა, მაგრამ სამწუხაროდ, ვისაც გვარში ლომერი უწოდეს, ყველა ბავშვობაშივე გარდაიცვალა. მათ შორის იყო სერგოს ძმა, ქუჩუკის ვაჟიც. სერგომ გამოსავალი მონახა და ლომ- ერი ერ-ლომად გადააკეთა.

პატარა ერლომი ალბომში შეჰყურებს ახოვანი კაცის ფოტოებს. გარს შვილები ახვევიან, გვერდით ცოლი უზის, ყველანი ისეთი ლამაზები არიან , უკეთესს ვერ ინატრებ. ასეთი ყოფილა ლომი ერისა, თავად კი ერის ლომი უნდა იყოს.

  • ვითომ შენა ხარ ერის ლომი? - ჰკითხავდნენ ხოლმე.
  • როგორი ერიცაა, ისეთი ლომი კი ვარო, - უპასუხებდა და დააყოლებდა : - ამავე დროს, მე სულაც არა ვარ ჩემს თავზე მოკრძალებული წარმოდგენისაო. ერლომის დაბადებამ მძიმე ბედისწერა ამ სახელისა სიპი ქვასავით დაანარცხა. ერთი წლის შემდეგ მათ გვარში ისევ დაიბადა ვაჟი და მას ისევ უწოდეს ლომერი. ის მომავალში ცნობილი კინოოპერატორი გახდა.

 

მეორე კლასში იყო ერლომი , როცა აღმოაჩინა, რომ მის ასაკში ბავშმა საათის ცნობა აუცილებლად უნდა იცოდეს. აღმოჩენით კი აღმოაჩინა , მაგრამ საათის ცნობა ვერ ისწავლა. ერთ დღესაც პაპა სერგომ ხელი მოჰკიდა და სახლში კედელზე დაკიდებულ დიდგირებიან საათთან მიიყვანა. მოჰკიდებს ხელს მამა საათის ისრებს , მიიტანს ორიანთან და ერლომს ეკითხება : აბა რომელი საათია? ერლომი საათის ციფერბლატის ნაცვლად, მამას უყურებს სახეში. ცდილობს, იქ ამოიკითხოს, რომელი საათია. რა არ სცადა პაპა სერგომ , რა ხერხს არ მიმართა გამოცდილმა პედაგოგმა , მაგრამ საკუთარ ვაჟს საათის ცნობა ვერა და ვერ შეასწავლა. ბოლოს , ხელი ჩაიქნია , რაც იქნება, იყოსო. გავიდა დრო. ერლომი და საათი , უკვე თავად ერლომის გარდა, აღარავის ახსოვდა. მერე მუსიკაშიც მოეცარა ხელი: მასწავლებელმა მშობლებთან დაიჩივლა, მასალას ვერ სძლევსო. მშობლები ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ განაჩენი იმდენად მტკიცე იყო , რომ აღარაფერი უთქვამთ და მუსიკისთვის თავი დაანებებინეს. ერთხელ ერლომი ავად იყო და  შინ, საწოლში იწვა. მის გვერდით სკამზე მადონა იჯდა და ძმას არითმეტიკაში ამეცადინებდა. ეკითხებოდა, რამდენია სამჯერ თექვსმეტი , ან - ექვსჯერ რვაო? ერლომი კარგად პასუხობდა, მაგრამ ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდა. ხან ერთი რიცხვი თქვა, ხან - მეორე , არც ერთო არ იყო სწორი. მადონას გაეღიმა და ძმას საწოლის პირისპირ , პაპა სერგოს მიერ შვილისთვის საგანგებოდ დახაზულ არითმეტიკულ ტაბულაზე ანიშნა : შეხედე და მითხარი, რამდენიაო. ერლომი გაოგნდა : როგორ, შენ ხედავ მანდ რა წერიაო? ასე აღმოაჩინეს ახვლედიანებმა , რომ მათი ერლომი ვერ ხედავდა. ვერ ხედავდა ვერც ტაბულას, ვერც საათის ციფერბლატს და როგორც ჩანს, ვერც სანოტე ხაზებს. როგორც კი გამოჯანმრთელდა,მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე ექიმთან გააქანეს. რამდენიმე დღეში უკვე სათვალე ეკეთა. მერე იხსენებდა, პირველად თვალი სარკისკენ გამექცაო: არაჩვეულებრივი შეგრძნება მქონდა, რომ ახლა სამყაროში მხოლოდ მე ვიყავი თვალხილული, დანარჩენები კი ვერ ხედავდნენპ. მეორე დღეს სკოლაში დედამ წაიყვანა და მის თანაკლასელებს სთხოვა , არ სასცინოთო.

ასე გაიკეთა ერლომმა სათვალე, რომელიც ცხოვრების ბოლომდე აღარ მოუხსნია. ეს იყო, რომ სათვალის მინები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სქელდებოდა, რის გამოც მისი თვალები სულ უფრო და უფრო პატარა და იდუმალი გეჩვენებოდა.

მზერა მართლაც გამორჩეული ჰქონდა. მისი მეგობარი , ზურაბ კიკნაძე იხსენებს : უნივერსიტეტში ორი ადამიანი დადიოდა მზერით, რომელიც თითქოს პირველად ხედავდა ღვთის ახლადშექმნილ სამყაროს, გაოცებას კი მაღალი დიოპტრიის ლინზები აძლიერებდაო. ეს მზერა ალბათ საგვარეულო იყო, რადგან ეს ორი ადამიანი ნათესავები იყვნენო - სტუდენტი ერლომ ახვლედიანი და მისი ბიძა გიორგი ახვლედიანი . „ ბევრს უნახავს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახე ახლოდან , როცა ის გაკვირვებით შესცქეროდა სხვის სახეს. „ვინა ხარ?“ ამ კითხვაზე, რომელსაც ის მითვის უცნობ პირს - სტუდენტს შეაგებებდა, რა პასუხი უნდა გაცემულიყო, ბოლომდე გაურკვეველი იყო... რას გულისხმობდა ამ კითხვაში შემკითხველი, გვარს და სახელს? წარმოშობას? ვინაობას?  ინტერესს? არსებობის გამართლებას, თუ შენი მყოფობის საბუთს რასმე?“ . ასეთი მზერა ჰქონდა ერომსაც , როდესაც ის სათვალის უძირო სიღრმიდან სახეში შემოგცქეროდა.

ბიძასთან ბავშვობიდანვე მეგობრული ურთერთობა ჰქონდა . მაშინ მეოთხე, თუ მეხუთე კლასში იქნებოდა, წლის ბოლო იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჟურნალი გადაშალა და პიველივე ასო ა-ზე ახვლედიანი შენიშნა. გააყოლა მის გასწვრივ ორიანებსა და სამიანებს თვალი და თავი სინანულით გადააქნია. მერე მზერით ერლომი მოძებნა და გამოუცხადა : - მშობელი მოიყვანე, კლასიდან კლასში შენი გადაყვანის საკითხზე უნდა გავესაუბროთო. ერლომს წინა მერხიდან თანაკლასელი მოუბრუნდა და თვალებგაფართოებულმა თანაგრძნობით სავსე ხმით უჩურჩლა - გტოვებენ , ბიჭო? - ერლომმა მხრები აიჩეჩა. მეორე დღეს კი სკოლაში ბიძასთან ერთად მივიდა. სკოლის დერეფანში დიდი ენათმეცნიერი და სახელოვანი აკადემიკოსი რომ გამოჩნდა, ერთი ამბავი ატყდა. დირექტორი დერეფანში გამოეგება - რამ შეგაწუხათ? რატომ მობრძანდითო? გიორგი ახვლედიანმა - ჩემი ძმის შვილის გამო ვარ აქო. - თქვენი ძმის შვილი ვინ არისო? რომ გაიგეს , ქართულის მასწავლებლისგან ასე ათვალწუნებული მოსწავლე ე. ახვლედიანი დიდი გიორგი ახვლედიანის ძმისშვილი იყო, ყურებს არ დაუჯერეს. ერლომინ  კლასში ჩარჩენას, რა თქმა უნდა გადაურჩა.

სკოლის დასრულების შემდეგ ერლომმა პროფესიის არჩევანი იოლად გააკეთა - მას ყველაზე მეტად აღმოსავლეთის კულტურა, ენა და ისტორია იზიდავდა და უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. სკოლისგან განსხვავებით, სადაც დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა, სპარსულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას დიდი მონდომებით სწავლობდა. არ გაუცდენია ერთ ლექციაც კი. ორი კურსი ასე დაასრულა, მაგრამ მისი ჯგუფი დახურეს და სხვა ფაკულტეტზე გადასვლა მოუწია. რადგან სხვა არაფერი ერთნაირად „ არ აინტერესებდა“ , საბუთები ისტორიულზე გადაიტანა. იმ დღის შემდეგ მისთვის ნამდვილ უნივერსიტეტად იქცნენ უნივერსიტეტის ბაღი და მისი მეგობრები . მათთან, მართალია, ადრეც მეგობრობდა , მაგრამ ახლა მთლიანად მათ მიუძღვნა ლექციებისთვის განკუთვნილი დრო. ედიშერ გიორგაძე, ლევან მალაზონია, ბესიკ ადეიშვილი, შოთა ჩანტლაძე, ირაკლი რამიშვილი, ზურაბ კიკნაძე, ლევან თოლორდავა, თამაზ აბულაძე, ვაჟა დუნდუა, გურამ რჩეულიშვილი  - მათთან ერთად გატარებულ დროს დაკარგულად ნამდვილად ვერ დაარქმევდი.

ყველა ამთგანი განსაკუთრებულად გაიცნო. ზურაბ კიკნაძე მისმა დაბნეულმა მზერამ და სახელის ისტორიამ დააინტერესა, ლევან მალაზონია - საოცრად ბავშვურმა და კეთილშობილმა ბუნება, - უნივერსიტეტის ეზოში იდგა თურმა ლევანი თავის მეგობრებთან ერთად, მათთან ერლომიც მისულა. ბიჭებს სიგარეტი გათავებიათ  და ამტყდარა ერთი ამბავი, ვინ წავიდოდა მოსატანად - ზოგს წასვლა ეზარებოდა, ზოგიც „ყოყოჩობდა“ და თვლიდა, რომ სიგარეტის მორბენინება თავის დამკვიდრებაში შეუშლიდა ხელს . უეცრად ერლომი ადგა და წავიდა, როგორც პატარა ბავშვი და ისე მოგვიტანა, გაოცებული და აღფრთოვანებული დავრჩი მისი საქციელითო, - იხსენებს ლევან მალაზონია. ბესიკ ადეიშვილს ერლომი პოეტმა შოთა ჩანტლაძემ გააცნო. ქუჩაში მოდიოდნენ ერთად და ერლომი შეხვდათ, რა თქმა უნდა, დაბნეული და თავის ფიქრებში აბურდულ - დაბურდული მოდიოდა. გააჩერა შოთამ და ბესიკს უთხრა : - გაიცანი , ეს არის იდიოტიო. დოსტოევსკის რომანის გმირს - მიშკინს გულისხმობდა. ერლომს პასუხად მხოლოდ გაეღიმა თურმე.

„ ერლომი არის სრულიად შეუმჩნეველი , გარეგნობით ყოვლად უპრეტენზიო ადამიანი , მისი ფიზიკური ძალა გაცილებით აჭარბებს სხვებისას როგორც დარტყმით, ისე ხტომით, სირბილით, მისი ბუნება გაცილებით მეტ ალკოჰოლს ითხოვს, ითვისებს და, მიუხედავად ამისა, არავის არ შურს და არავინ არ ნატრობს ჰქონდეს კუნთები და გაეჯიბროს ლოთის სახელში, როგორც ეს მიღებულია ჩვენს წრეებში, ამ ადამიანმა თავისი ბუნებით მიაღწია იმას, რომ არ იწვევს შურს, ამით ის თითქმის ღმერთ გახდა...“-  გურამ რჩეულიშვილის დღიურებიდან .

მაშნდელი უნივერსიტეტის ბაღი, საბჭოთა , უმოძრაო თბილისის ყველაზე ცოცხალი ადგილი იყო. ერთი საგნებს არ კითხულობნენ იქ, თორე სხვა ნებისმიერ თემაზე შეგეძლო გესაუბრა, გეკამათა, სამქე გაგერჩია, ვინმე შეგყვარებოდა, დაშორებოდი... და ანტისაბჭოთა შეთქმულებაც კი დაგეგეგმა.

მაშნ საქართველოში მძიმე დღეები იყო. უმაღლეს საბჭოში ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლას სტალინის კულტის მსხვრევის შესახებ, 1956 წელს საქართველოში გამოსვლები მოჰყვა. ერლომის მეგობართაგან ბევრს, ბელადის წყალობით, მშობლები თვალითაც არ ენახა. დასანახავად სძულდათ ყველაფერი, მასთან დაკავშირებული, - მაგრამ მიტინგებზე მაინც დადიოდნენ. თუმცა საკუთარ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდნენ. მომიტინგეებს რომ გაეგოთ, ანტისტალინისტები იყვნენ, კარგი დღე არ დაადგებოდათ. 9 მარტს კი წითელმა არმიამ მშვიდობიანი მოსახელობა დაარბია. მსხვერპლი დიდი იიყო . სტალინის აღზევებულ საბჭოთა სამშობლოში , სტალინისი სულჩადგმულმა წითელმა არმიამ სტალინის სიყვარულისთვის მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. მეტი [არადოქსი რა გინდოდა ?! 9 მარტის შემდეგ ედიშერ გიორგაძე დააპატიმრეს კიდეც. სხვებიც ფიქრობდნენ, რომ მის ბედს გაიზიარებდნენ, მაგრამ გადარჩნენ. ერთ დღესაც ასეთი აზრი მოუვიდათ თავში : თბილისის არისტოკრატიული და შეძლებული ოჯახები უნდა გაექურდათ, იქიდან ძვირფასი ნივთები წამოეღოთ და რაც შეიძლება იაფად გაეყიდათ. ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ იარაღი ეყიდათ და მერე საბჭოთა საჯარისო ნაწილებს დასხმოდნენ თავს, რათა მათგან კიდევ უფრო მეტი იარაღი წამოეღოთ. მერე... მერე რუსეთთან ომს აპირებდნენ. ამ იდეამ მხოლოდ ერთი დღე და ერთი ღამე იცოცხლა. მერე დღეს უნივერსიტეტში მისულები ერთმანეთს გამოუტყდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.

6fd6d155-e21f-4b0e-97c6-b63578d1f7a2

გიორგი შენგელაია და ერლომ ახვლედიანი

წერდნენ ძალიან ბევრს და ერთმანეთს უკითხავდნენ. ხან აქებდნენ, ხან აკრიტიკებდნენ, ხან გაცხარებით ლანძღავდნენ კიდეც. დაბეჭდვაზე არც ფიქრობდნენ, იცოდნენ, არც ერთი რედაქტორი არ აღმოჩნდებოდა თავზეხელაღებული, რომ მათი ნაწარმოებების დაბეჭდვა გაებედა. მერე ერლომი ხშირად იმეორებდა ხოლმე, - ჩვენ არ ვართ 60 - იანელები, ჩვენ სხვა, უფრო 50 - იანი წლების, ომის შემდგომი პერიოდის შვილები ვიყავითო. მაშინ კი თვითონ იგონებდნენ მიმდინარეობებს. მაგალითად, „ მაისიზმი“. „მაისისტები“ მაისში ვერაზე ჩიბუხებით ხელში მოსეირნე „საეჭვო ელემენტები“ იყვნენ, რომლებიც ერთი შეხედვით ჩამოჰგავდნენ პატიოსან მოქალაქეებს, თუმცა თავში მეტად „არასანდო“ აზრები უტრიალებდათ.

უნივერსიტეტი ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა, თუმცა პროფესიით მუშაობის დაწყება არც უფიქრია. ამიტომ ცხოვრება ისევ ისე განაგრძო, როგორც სტუდენტმა. ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს, საუბრობდნენ, გოგონებს ეცნობოდნენ, ქეიფობდნენ, ლექსებს კითხულობდნენ... ერთი სიტყვით, აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც საერთოდ აკეთებენ ახალგაზრდები.

სწავლის დასრულების შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრმა უნივერსიტეტის ბაღიდან ახლა მის სახლში გადმოინაცვლა. ყველას ძალიან უყვარდა ახვლედიანებთან სტუმრობა, სადაც ვარინკა დეიდა მუდამ ფუსფუსებდა, სერგო პაპა ან სამსახურში იყო, ან ვაკეში სახლს აშენებდა, დროდადრო ერლომი და მისი მეგობრებიც აკითხავდნენ ხოლმე. ერლომს თავისუფალი დრო ახლა მეტი ჰქონდა და ძალაუნებურად, უფრო მეტს წერდა. ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, ნახევარგვერდიანი ჩანაწერი ბიძას მიუტანა , აზრი ჰკითხა. გიორგი ახვლედიანმა ძმისწულს ფურცელი წითელი პასტით აჭრელებული დაუბრუნა და უთხრა : - ნახევარ გვერდზე 34 გრამატიკული შეცდომა გაქვს, მაგრამ გააგრძელე ასე წერა, შენ მწერალი ხარო. „ვანო და ნიკოზე“ მუშაობაც მაშინ დაიწყო. თავიდან მეგობრებს გასართობად უკითხავდა. არც უფიქრია, რამე სერიოზულს ვქმნიო. „ვანო და ნიკოს“ სახელები ორი გაუყრელი მეგობრის, ვანო ყაველაშვილისა და ნიკო გამყრელიძისგან ისესხა. ისინიც სიამოვნებით ისმენდნენ უცნაურ იგავებს, სადაც ვანო სულ კარგი იყო, ნიკო კი - სულ ცუდი. თუმცა სინამდვილეში, რა თქმა უნდა , ნიკო, ისევე, როგორც ვანო, ერთმანეთზე უკეთესები არიანო - ამბობდა ხოლმე ერლომი. 1958 წელს ერლომის ნაწარმოებები - „ ვანო და ნიკო“ და  „ადამიანი დაიბადა“ მისმა მეგობრებმა, მათ შორის გურამმაც, „მნათობის“ რედაქციაში , სიმონ ჩქოვანთან მიიტანეს. მან  „ადამიანი დაიბადა“ დაბეჭდა. ერლომი ნელ-ნელა ლიტერატურაში ჩაბმული აღმოჩნდა.

იმ წლებში ერლომი და გურამი ძალიან დაახლოვდნენ. იმდენად, რომ მისი უფრო ძველი მეგობრები ცოტა ეჭვიანობდნენ კიდეც. „ მე ერლომის მხოლოდ ისა მშურს, რომ მე ის ასე ძალიან მიყვარს... ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლება , ერლომი იმიტომ გაჩნდა, აკეთოს ჩემ მაგიერ, რამ მე ყველაზე ძალიან მინდა და ვგრძნობ... ერლომ, ძმაო, აკეთე შენ და მე, გეფიცები, ეჭვი არ შემეპარება, რომ ყველაფერი ეგ ჩემი გაკეთებულია...“ - გურამ რჩეულიშვილის დღიურებიდან. ალბათ ქვეყანაზე ძნელად თუ მოიძებნებოდა  ორი, ერთმანეთისგან უფრო განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ასეთი ახლო მეგობრები იყვნენ.

1960 წე;ლს 26 წლის გურამ რჩეულიშვილი დაიღუპა. ეს მოხდა გაგრაში, როცა ის ადამიანის გადარჩენას ცდილობდა. ერლომს ეს ამბავი თბილისში შეატყობინეს. იმ ტკივილს, რომელიც მაშნ იგრძნო, სახელი ბოლომდე ვერ მოუძებნა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ,როცა უკვე მისი კიდევ ერთი ახალგაზრდა მეგობარი, გიორგი რევიშვილი მიაბარეს მიწას, თქვა : „ გურამით დამთავრდა ჩემი სიჭაბუკე, რეზოთი ( რეზო ყარალაშვილს გულისხმობდა) გავიარე სიჭარმაგე და გიორგით დაიწყო ჩემი სიბერე“ .

გურამის წასვლის შემდე, ერლომისთვის მძიმე დრო დადგა. წერას თაქვი დაანება. დინებას მიენდო და თავად არ იცოდა, საით ან რატომ მიექანებოდა მისი ცხოვრება. თუმცა 1961 წელს ორი კარგი ამბავი მოხდა : ერთი ის, რომ გამომცემლობა „ნაკადულმა“ მისი  „ვანო და ნიკო“ დაბეჭდა ( მართალია, სიფრთილეს თავი არ სტკივაო და , იუმორის განყოფილებაში მოათავსეს) და მეორე - სერგო პაპამ ვაკეში სახლის მშენებლობა დაასრულა. ერლომი დედ-მამასთან და მადონასთან ერთად , ტაბიძის ქუჩზე გადავიდა. ლამაზი იყო მათი სახლი, ნათელი. ეზოდან მთელი თბილისი მოჩანდა ხელისგულივით. მაღლიდან სალს თავზე კლდის ქიმი გადმოჰყურებდა. - მან ხვამლის მთა მომაგონა, რომელიც დერჩში ჩვენი სახლიდქან კარგად ჩანდა და იმიტომ ავირჩიე სამოსახლოდ ეს ადგილიო, - ამბობდა სერგო პაპა. გასაკვირი იყო, რომ ამოდენა სახლი თითქმის მარტომ ააშენა, დროდადრო, არცთუ იშვიათად, თავისი დის, თამარის ვაჟი, ბუსა ჟვანიაც ეხმარებოდა, იშვიათად - ერლომი და მისი მეგობრები, მაგრამ მთავარმა სიმძიმემ მაინც მის ზურგზე გადაიარა : თითოეული ქვისთვის ასორმოცდაათჯერ მაინც აქვს ხელი მოკიდებულიო, - ნხშირად იმეორებდა. ასეც იყო. ხანდახან მუშაობით ისე იღლებოდა, კამოს ქუჩაზე ვეღარ ბრუნდებოდა და მშენებარე სახლის კედლებში იძნებდა.  „ კედლები იმდენად სქელია, არც გაგიჭირდებოდა. მე და გურამსაც გვძინებია ასე“ , - იხსენებდა ერლომი.

ერთ დღესაც გიორგი შენგელაიამ დაურეკა. „ვგიკიდან“ ახალი დაბრუნებული იყო და ფილმის გადაღებას აპირებდა. ერლომს შესთავაზა, გურამის „ალავერდობა“ გავასცენაროთო. ერლომი დათანხმდა, თუმცა მეგობრის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგაც ვერ შეძლო მის ნაწარმოებზე მუშაობა. თავად ჩათვალა, რომ არაფერი გამოსდიოდა და თავი დაანება. გიორგიმ მაშინ ოთარ იოსელიანი გააცნო, რომელიც ასევე ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან და ფილმის გადაღებას აპირებდა. 1962 წელს გამოვიდა მათი ფილმი „აპრილი“. ის ძლიან განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რასაც მაშინ იღებდნენ. მისი სცენარი ერლომმა რეჟისორთან ერთად შექმნა. მაშინ კინოზე საერთოდ არაფერი ვიცოდი, არც მის სიძნელეებზე და არც შესაძლებლობებზეო, - წერდა მოგვიანებით.

კინომ ის მალე მოხიბლა, თითქოს თავიდან გააცოცხლა. თანაც მის დას, მადონასა და სიძეს, ტიტე კუხიანიძეს პირველი ვაჟი , მალხაზი შეეძინათ. ერთ წელიწადში მოსკოვში, უმაღლეს სასცენარო კურსებზე ჩასაბარებლად წავიდა. პირველ გამოცდაზევე გამოიჩნა თავი. მისი ნაწარმოები საგამოცდო კომისიას დიდხანს ახსოვდა. სცენარში მოქმედება ერთ ქალაქში ხდებოდა, სადაც ორი პარტია მუდმივად ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ერთის ლიდერი ამტკიცებდა - მზე იმიტომ ამოდის, რომ უნდა ჩავიდესო, მეორე კი - იმიტომ ჩადის, რომ უნდა ამოვიდესო... გამოცდის შემდეგ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მათ სახლში დეპეშა მოვიდა: ჩავაბარეო, - ატყობინებდა მშობლებს.

მოსკოვში გატარებულ;ი 2 წელი ერლომის თბილისურ ყოფას არ ჰგავდა. მაშინ ის თითქოს „ცხოვრობდა ყველაფერს“, რაც 30 წლის მანძილზე არ უცხოვრია. ერთობოდა, სვამდა, ბანქოს თამაშობდა. თკი გურამის გვერდით ის ხშირად უსხეულო არსებას ჰგავდა, მოსკოვში სახე იცვალა და გურამი გახდა. თითქოს პირველად გაიცნო საკუთარი სხეული. მერე თავის სტუდენტებს უთხრა: ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მე შევურიგდი ჩემს თავს ისეთს , როგორიც ვარ და მხოლოდ მაშნ დავიწყე ცხოვრებაო. ერთხელ ბანქოში სათვალის ჩარჩოც კი წაუგია და მერე ნაცნობს უნახავს. დღევანდელი პეტერბურგის თეთრი ღამეებით მკრთალად განათებულ ქუჩაში თვალებთან თითებით ეჭირა ლინზები და გზას ძლივს მიიკვლევდა თრმე.

როცა ინსტიტუტი დაამთავრა, მოსკოვური ოდისეის დასრულება  ნამდვილი ქართული ჟესტით მოუნდა. გახსნა საფულე და ფული გადათვალა, მერე თანხა სამ ნაწილად გაყო : ჯერ 37 მანეთი გადადო - ეს მოსკოვიდან თბილისში გადასაფრენი ბილეთის ფასი იყო; მერე ფულის დასტას ორი მანეთიანი გამოაკლო - სწორედ ამდენი ღრდა ტაქსი მეტროდან აეროპორტამდე ;  დარჩენილი თანხით, კი ყველა მოსკოველი ნაცნობ-მეგობრის გამასპინძლება გადაწყვიტა. ასეც მპოიქცა : ჯერ ბილეთი შეიძინა, მერე კი რესტორანში გაემართა და მთლიანად დახარჯა , რაც რამ ებადა. ქეიფის დასასრულს, როცა თვითმფრინავის გაფრენამდე სწორედ ის დრო რჩებოდა , რაც ტაქსით მგზავრობას დასჭირდებოდა, ყველას დაემშვიდობა. აეროპორტში გაცილება, რა თქმა უნდა, შესთავაზეს, მაგრამ იუარა - დამშვიდობება გამიჭირდება, ჯობს, აქ და ამ განწყობით დავცილდეთ ერთმანეთსო. ყველა გაისტუმრა, ყველა გააცილა რესტორნიდან. ბოლოს მარტო დარჩას დიდი ქალაქის უკვე ნაცნობ სიუცხოვეთში. ჯიბეში ორ მანეთიანი მოიჩხრიკა , მაგრამ იქ არაფერი დახვდა. შეწუხებული ერთხანს ეძებდა. იდგა დაბნეული და ფიქრობდა, როგორ გადავაყოლე ის ორი მანეთიო?.. ქარიანი ამინდი იყო... ბინის გასაღებიც კი ჩაბარებული ჰქონდა. ორი ნაბიჯი გადადგა ანგარიშმიუცემლად და უცებ დაუბერა. ქარმა სახესთან პატარა ქაღალდის ნაგლეჯი აუფრიალა და ფეხებთან დაუგდო. ერლომმა დაიხედა - სამმანეთიანი იყო. გაიხედ-გამოიხედა, დარწმუნდა, რომ ირგვლივ არავინ იდგა , რომ ეს სამმანეთიანი მართლაც ქარის მოტანილი იიყო და აიღო. მერე იქვე გასტრონომში შევიდა. ფული დაახურდავა, გამოვიდა ორი მანეთი ჯიბეში ჩაიდო, მესამე კი .. ქარს ხურდად დაუბრუნა - იმისთვის, ვისაც სწორედ მანეთიანი აკლიაო.

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.

„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.

გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტი „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მიზნით თეთრი სახლის გეგმის ნაწილია.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის