USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
23 მარტიდან, ვაკის პარკის რეაბილიტაციის 47-მილიონიან ტენდერზე წინადადებების მიღება იწყება
თარიღი:  591

2025 წლის 25 თებერვალს, თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.

წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47,000,000 ლარს შეადგენს, ხოლო დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება:

  • 2025 წელი - 10,000,000 ლარი;
  • 2026 წელი - 18,000,000 ლარი;
  • 2027 წელი - 19,000,000 ლარი.

შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

პროექტის ძირითადი მოთხოვნები

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • არსებული შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი ვიზუალის აღდგენა;
  • ჰიდროიზოლაციის გაუმჯობესება;
  • ელექტროენერგიის დამზოგველი განათების სისტემის დამონტაჟება;
  • წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების სრული განახლება;
  • სამშენებლო სამუშაოების საქართველოს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელება;
  • ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია ვიდეომეთვალყურეობის, ელექტრომომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და სეისმომედეგი კონსტრუქციების უზრუნველყოფა.

პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7,850,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1,000,000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ.

გარანტია და ვალდებულებები

შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.

ვაკის პარკი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დედაქალაქის ურბანული გარემოს განვითარებაში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის