USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია მოკლეს
თარიღი:  1621
გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი.
 
თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მას საქართველოში არ კავებია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა.
 
თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები თითქოსდა "დაისაჯნენ" კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები, კერძოდ, მამუკა გიორგაძე და სხვები, არ დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის “მსჯავრდებულ პირთა” სწრაფმა შეწყალებამ პოლიტიკური თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
 
გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი, რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა (როგორც გამოჩენილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა განაცხადა, გიასთან ერთად საქართვერლოს მომავალი მოკლეს) და ვინ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა კრიმინალებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ჰქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.
 
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას.
 
ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, იტყვის, რომ 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი პოლიტიკაში “ბინძურ თამაშებს” ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა.
 
გია ჭანტურიას მკვლელობა სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც გიას ეროვნული, დემოკრატიული, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო! სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესების თანხვდენამ დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია დააყენა.
 
აღსანიშნავია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი დაუფარავი პოლიტიკური მკვლელობა იყო. მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გია ჭანტურია გზიდან არ გადაუხვევია, _ “პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს”, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა.” გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
 
გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს მდგრადი სახელმწიფოებრივი განვითარება, ეროვნული ფასეულობების სრული დაცვით მისი ინტეგრაცია ევროპაში; მიმდინარეობს ანექსიის ლეგალიზაციის პროცესი...
გია ჭანტურიას იდეალების წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება!
 
ამ ოცი წლის მანძილზე არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ამ საქმის ბოლომდე გამოძიებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას და ხელისუფლებას მთლიანად, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული საქმე და განაახლოს ძიება. არავის არ ეგონოს, რომ წლებთან ერთად გიას მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას დაგვავიწყდება ბურუსით მოცული საქმე და გავჩერდებით.
 
გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი გახლდათ. გია ჭანტურიას, როგორც პოლიტიკოსის და პიროვნების დაფასება მომავალი თაობის პრეროგატივაა! და როცა ამას მივაღწევთ, ყველას მოეკითხება და მათ შორის ამ ხელისუფლებასაც ასეთი საეჭვო პასიურობის გამო!
26 წლის წინ საქართველოს გია ჭანტურია მოუკლეს...
 
გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა.
მისი დაფლეთილი სხეული და უკვდავი სული დღესაც მოგვიწოდებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. მას სჯეროდა და ჩვენც გვჯერა, რომ ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება!
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის