USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
თბილისი
1956 წელის სისხლიანი 9 მარტი - საბჭოთა ჯარების მიერ სისხლში ჩახშობილი დემონსტრაცია თბილისში
თარიღი:  387

1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ლავრენტი ბერია ჩამოიცილა. ამის შემდეგ იმდენი ცუდი ითქვა და დაიწერა ბერიას მიმართ, რომ ქართული საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ამ მოვლენამ გადააწყვეტინა სკოლის მოსწავლეებს, 14-15 წლის ბიჭებს: ზვიად გამსახურდიასა და ანატოლი მიქაძეს ლ. ბერიას სახელის დასაცვად არალეგალური ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. მათ შეუერთდნენ თამაზ გუნჯუა და ვლადიმერ სიხარულიძეც. ლ. ბერიას საშინელ საქმეებს მალე ნათელი მოეფინა და ჯგუფის საქმიანობაც დროებით შეწყდა…

1956 წელს კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე. წ., “დემოკრატიული განვითარების კურსი” აიღეს.

სტალინის კულტის კრიტიკამ დიდი მასშტაბები მიიღო. აქცენტი კეთდებოდა მის ქართველობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი იყო რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი “საპროგრამო სიტყვა” ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისათვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

ამ ამბებით გაღიზიანებული ზვიად გამსახურდიას ყოფილი არალეგალური ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფს უკვე ორგანიზებული სახე ჰქონდა და წევრთა რაოდენობაც გაზრდილიყო. ორგანიზაციას “გორგასლიანი” ეწოდა.

მათ შექმნეს ფულადი ფონდი საწევროს სახით. შეაგროვეს 30-30 მანეთი და შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელზედაც 1956 წლის 1 დეკემბრის ღამეს მონაცვლეობით დაბეჭდეს ანტისაბჭოური შინაარსის წერილები. სულ შვიდი ცალი.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე ადამიანებმა უცნაური შინაარსის წერილები იხილეს კედლებზე გაკრული…

ჯგუფის წევრებმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტი პროკლამაციების გავრცელებით გამოხატეს.

მისია წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი. ჯგუფის წევრები წარმატების აღსანიშნავად რესტორან “დარიალში” შეიკრიბნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე გ. დოჩანაშვილსა და თ. მეტრეველს ჩხუბი მოუვიდათ, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა.

1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 42-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე…

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გრიფით “совершенно секретно” წერილი მოსკოვში გაიგზავნა. წერილის ადრესატი გახლდათ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მ. პ მალიაროვი. წერილი იუწყებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს.

ფაქტად, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრილ ჯგუფის წევრ გ. დოჩანაშვილის შესახებ და დანარჩენების დააპატიმრებაზე მიუთითებდნენ.

დაიწყო გამოძიება, რათა სრულად გამოვლენილიყო ამ დაჯგუფების საქმიანობა, შემადგენლობა და მათი მოკავშირეები…

მართლაც, “გორგასლიანის” წევრები დაიკითხნენ, გასამართლდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. რადიკალურად განწყობილი ეს ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ…

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის