USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
18-19 თებერვალი, 1921. გენშტაბი: თფილისის მისადგომებთან მტერმა მარცხი განიცადა
дата:  711

გაზ. ერთობა, 1921 წლის 20 თებერვალი, N39

გენერალური შტაბის ცნობა

თფილისის, თებერვლის 19

ღამით, 18-19 თებერვალს, მტერმა დიდი ძალებით შემოუტია თფილისის მიდამოებში ჩვენს პოზიციებს.

მთელი ღამე გაგრძელდა სასტიკი ბრძოლა. მტერი უკუგდებულ იქნა დიდის ზარალით. ის უწესრიგოთ გარბის. მტრის დევნა გრძელდება ჯერ-ჯერობით წამოვიყვანეთ 1000-მდე ტყვე.

ღამით 18-19-ს მტერი დიდი ძალებით ეკვეთა ჩვენს პოზიციებს თფილისის შემოსასველში. მთელი ღამე სასტიკი ომი სწარმოებდა. დილით 19 თებერვალს მტერი სრულიად დამარცხდა და უწესრიგოთ გარბის. მტერს დიდი ზარალი მოუვიდა. ჯერ-ჯერობით ხელში ჩაგვივარდა ათასამდე ტყვე. მტრის მხარეზე დიდძალია დახოცილი.

19 თებერვალი, 1921: რუსთაველზე წითელარმიელი ტყვეები ჩამოატარეს

გაზ. ერთობა, 1921 წლის 20 თებერვალი, N39

ტყვეები მოჰყავთ

დილის 11 საათია. რუსთაველის პროსპექტზე ავტომობილი გამოჩნდა. წითელ არმიელის ქუდით…

ავტომობილში მკდომთ თოფის ხიშტისთვის „დაუხურავთ“ ეს ქუდი და ისე მოდიან.

გაისმის ხმები: ბოლშევიკი ტყვეები მოჰყავთო.

ცოტა ხანის შემდეგ გამოატარეს პირველი პარტია ტყვეებისა – ჩაგლეჯილნი გამურულნი.

რუსთაველის პროსპექტი ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ხალხი „ვაშათ“- ი ხვდება ჩვენს დარაჯებს, რომელნიც „წითლებს შემორტყმიან გარს. თვით ტყვეებს ზიზღით უცქერის.

„წითელი“ ტყვეები მოდიან თავჩაქინდრულნი, ღონე მიხდილნი.

მათ სახის გამომეტყველება, მიხვრა-მოხვრა, ბიჯი – აშკარა სურათია მათი შერცხვენის და გაბახების…

აგერ სამინისტროს შენობიდან გამოდის ნოე რამიშვილი. ჩაჯდა ავტომობილში.დ აიძრა. მიჰყავთ ტყვეები… ის აჩერებს ავტომობილს და ღიმილით ეკითხება: რას გვერჩით, რისთვის მოდიხართ…

„წითლები“ უპასუხებენ: ჩვენ რა ვქნათ, მობილიზაციით გამოგვრეკეს. მეტი გზა არ გვქონდა.

„წითელი“ ტყვეები ნამდვილი შავები არიან.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати