USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
თბილისი
14 მაისი- თამარობა
თარიღი:  3929

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ.მე-12 საუკუნის დასასრულს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი - თამარი.

ქალის გამეფება იმ დროს უჩვეულო რამ იყო, ზოგი ქართველიც ფიქრობდა, რომ თამარი ვერ გაუძღვებოდა სამეფო საქმეებს, მაგრამ თამარმა კეთილგონიერებითა და სიბრძნით მალე ყველა დაარწმუნა, რომ ჩინებულად შეეძლო ქვეყნის მართვა. მეფე-ქალმა თავის გარშემო შემოიკრიბა ბრძენი სწავლულები, მამაცი და გამოცდილი სარდლები. მეფე უსმენდა მათ რჩევას და ამიტომაც საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებდა. თამარის დროის ძლევამოსილი ქართული მხედრობა მტკიცედ იცავდა ქვეყნის საზღვრებს და მტერს შიგნით შემოჭრის საშუალებას არ აძლევდა.

თამარის სახელი შორს იყო განთქმული, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მმართველები მეფე-ქალს ერთგულებას ეფიცებოდნენ. თამარიც არ იშურებდა მათთვის წყალობას და მფარველობას უწევდა, საჭიროების შემთხვევაში ჯარითაც ეშველებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო - შირვანის შაჰის დასახმარებლად - თამარის ძლევამოსილმა ლაშქარმა დიდი ბრძოლა გადაიხადა ქალაქ შამქორთან (თანამედროვე აზერბაიჯანი).

თამარი ყურადღებით ადევნებდა თვალს საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებას და ცდილობდა, მეზობელ ქვეყნებში მომხდარი მოვლენები თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ დროს ევროპელმა ჯვაროსნებმა წინდაუხედაობა გამოიჩინეს - დაიპყრეს ბიზანტია და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. ამ ამბავმა სამუდამოდ დაასამარა ბიზანტიის ძველი დიდება. ამით ისარგებლეს თურქ-სელჩუკებმა და შავის ზღვის სამხრეთ ნაპირას მდებარე ბიზანტიის კუთვნილი მიწების ხელში ჩაგდება მოინდომეს. ეს მიწები, თუმცა ისინი ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში შედიოდა, უძველესი დროიდან ქართული ტომებით იყო დასახლებული.

თამარმა თურქებს არ მისცა ამ მხარის დაპყრობის საშუალება, იქ ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია დააარსა და ტახტზე თავისი ნათესავი, ბიზანტიის იმპერატორთა ჩამომავალი ალექსი კომნენოსი დასვა. ამ ნაბიჯით მან ჩვენს ქვეყანას უშუალო მეზობლად კეთილგანწყობილი და ძლიერი, ამასთანავე, მაღალი კულტურის მქონე პოლიტიკური მოკავშირე შესძინა. თამარის მეფობის დროს ქვეყანა კიდევ უფრო აყვავდა. მეფე-ქალმა ააშენა ახალი ეკლესიები, შეამკო ისინი მოხატულობით, წმინდა ხატებითა და ძვირფასი ხელნაწერებით;

ააგო თავშესაფრები და საავადმყოფოები სნეულთა და მოხუცთათვის, გაიყვანა გზები, ხიდები და სარწყავი არხები. იმ დროს ქვეყანა დოვლათით აივსო, აღარავინ იყო ღარიბი, ყველას საკმარისად ჰქონდა პური და ღვინო. ხალხიც დაცულად გრძნობდა თავს და ცხოვრობდნენ მშვიდად - შრომაში, გარჯასა და ლხენაში. ამ დროს დიდად იკლო დანაშაულობებმა. გულმოწყალე თამარმა სიკვდილით დასჯაც კი გააუქმა. თავისუფალ დროს მეფე-ქალი ქარგავდა და ქსოვდა, შემდეგ კი თავის ნამუშევრებს ეკლესიას სწირავდა. ხალხი აქებდა სამართლიან და მოწყალე მეფეს, თქმულებებითა და ლეგენდებით მოსავდა მის სახელს. იმდროინდელი პოეტები თამარს ხოტბას ასხამდნენ.

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანიც'' თამარისადმია მიძღვნილი. საქართველოს სამხრეთით მდებარეობდა ერთ-ერთი თურქული სახელმწიფო - რუმის სასულთნო. სწორედ ეს ქვეყანა ეცილებოდა თამარს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს. მას ძლიერი და ამპარტავანი სულთანი - რუქნადინი განაგებდა. სულთანს შეშურდა საქართველოს ძლიერება, თამარის დიდება და ჩვენი ქვეყნის მოსპობა გადაწყვიტა. რუქნადინმა თამარს თავხედური წერილი გამოუგზავნა: “გირჩევნია სარწმუნოება გამოიცვალო და ცოლად გამომყვე, თუ არადა შენს ქვეყანას გავანადგურებო''.

როცა სულთნის მოციქულმა ამ წერილის კითხვა დაასრულა, თამარის მთავარსარდალმა, ზაქარია მხარგრძელმა, ვერ მოითმინა და მას სილა გააწნა. ელჩი უგონოდ დაეცა. როცა მოასულიერეს, მთავარსარდალმა უთხრა: ელჩი რომ არ ყოფილიყავი, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო. ყველა მიხვდა, რომ დიდი ომი გარდაუვალი იყო. ქვეყანა ომის სამზადისს შეუდგა. არც რუქნადინი იყო გულხელდაკრეფილი. მან თავის მოკავშირე სულთნებს სთხოვა დახმარება და უზარმაზარი ჯარი შეკრიბა. სულთანი დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს დაამარცხებდა და მთელ კავკასიას შეიერთებდა.

ქართველთა ჯარი მტრისაკენ დაიძრა. ხალხში დარჩენილი თქმულების თანახმად, თამარ მეფე, ჯვრით ხელში, ვარძიამდე ფეხშიშველა მიუძღოდა ჯარს. მოწინააღმდეგენი ბასიანთან შეხვდნენ ერთმანეთს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. მტერი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამხედრო ხელოვნებით, სიმტკიცითა და მოხერხებულობით ქართველი მებრძოლები სჯობნიდნენ.

ქართველებმა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, თავად რუქნადინი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დიდი ზეიმით შემოვიდა ქართველთა ჯარი თბილისში, სარდლებმა მტრის დროშები თამარის წინაშე დაყარეს, ტყვეები ჩამოატარეს... მაშინ საქართველო კიდევ ერთხელ გადაურჩა დამანგრეველ ძალას.

ქართულ სახელმწიფოსა და მის სახელოვან მეფეს, თამარს, კიდევ უფრო შეემატა დიდება. თამარი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მეფე-ქალი რუსეთის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ძეს - გიორგის (იური) მიათხოვეს, მაგრამ ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა და თამარი მალე გაშორდა პირველ მეუღლეს. მეორე თამარი ოს უფლისწულზე - დავით სოსლანზე დაქორწინდა, რომელიც დედით ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო.

დავით სოსლანი ღირსეული მეუღლე იყო თამარისა, მას სამეფო კარზე ქვეყნის თავდაცვის საქმე ჰქონდა ჩაბარებული. თამარის მიერ აშენებულ ძეგლთაგან განსაკუთრებით დიდებულია ვარძია, ბეთანია, ყინწვისი. ამ მონასტრების კედლის მხატვრობაში შემორჩენილია თამარის ფრესკული გამოსახულებანიც. თამარის ფრესკა არის შემონახული ბერთუბანშიც (დავითგარეჯი).

თბილისი
ნაძალადევის რაიონში ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ხუთ მისამართზე ჩატარდა
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოძველებული ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა.
ლიფტები შემდეგ მისამართებზე განახლდა:
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 49 450 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N5ა, ღირებულება - 96 000 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N30, ღირებულება - 30 730 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N26, ღირებულება - 30 970 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 31 665 ლარი;
აღნიშნულ მისამართებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 815 ლარი დაიხარჯა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.