USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან 8 წელი გავიდა
Date:  1334

13 ივნისი - თბილისის ტრაგედიის ქრონიკები, ისტორია და შედეგები

ათასობით, თუ არა ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარემ გვერდიგვერდ დააყენა

13 ივნისს, საღამოს თბილისის ცენტრში, 9 სათისთვის დაწყებული წვიმა თანდათან ძლიერდება. მოვლენები რამდენიმე ადგილას სწრაფად და დრამატულად ვითარდებოდა. ქუჩებში წყლის მასა თანდათან იმატებს, მოძრაობა ჭირს და ირგვლივ ყველაფერს ფარავს. მდინარე ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. სტიქიის საერთო სურათი თანდათან იხატებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით შემზარავი კადრები და ფოტოები ვრცელდება. როდესაც წვიმა შენელდა, ადამიანებს გადაადგილება შედარებით უადვილდებათ, მაშველებს დატბორილი სახლებიდან დაზარალებულები გამოჰყავდათ. ხეობაში,მოვარდნილმა წყალმა მობინადრესთან ერთად სახლი გაიტაცა. ახალ გზაზე, ერთი მაშველი ახალ გზაზე დაიღუპა. ვერის ხეობის ახალი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფაქტობრივად განადგურდა მთლიანი ზოოპარკი. გამთენიისას ყველაფერი გამოჩნდა. მდინარე ვერეს ხეობა მთლიანად განადგურებული, ზოოპარკის ცხოველების 600 ბინადრიდან ნახევარი დაიღუპა, ზოგი კი გაქცეულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ღვარცოფის დროს ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე დაკიდებული დათვი ჰაერში დარჩენილი მოწყალებას ითხოვს. ნიანგი მოვარდნილ წყალში ცურავს, ლომები და ვეფხვები ქალაქში დარბიან, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი გადაადგილდება, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივში მოექცა. წაღებულია სახლები, დანგრეულია ქუჩები, დაღუპულია 21 ადამიანი, განადგურებულია ძაღლების თავშესაფარი. დედაქალაქმა დაახლოებით 200 მილიონით იზარალა. საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადეს.. სვანიძის ქუჩაზე მოეწყო სიმბოლური მემორიალი.

ყველაფერი ასე დაიწყო:

პრეისტორია:

სვანიძის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია დგას, საიდანაც მდინარეს 50 წელზე მეტია რაც აკვირდებიან. ლაბორატორიიდან დაახლოებით 70 მეტრში, მდინარე ვერე მოქცეულია დაახლოებით, 350 მეტრის გვირაბში. გვირაბი 1958 წელს აშენდა როდესაც საბურთალოსა და ვაკის დასაკავშირებლად ახალი გზა გაიყვანეს.ამ გვირაბის გაყვანიდან 2 წლის თავზე, 1960 წელს გვირაბი დაიტბორა, რის გამოც შეიქმნა მდინარეზე მონიტორინგის სამსახური. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სამსახური გაუქმდა და სისტემა წინასწარი შეტყობინების გარეშე დარჩა.

ხეობის სიგრძე დაახლოებით 40 კილომეტრია, მდინარე ვერე კი ერთი შეხედვით უწყინარი მდინარეა, რომლის გადალახვა ფეხის დასველების გარეშეც კი შესაძლებელია, თუმცა გაზაფხულზე ინტენსიური წვიმების დროს დიდდება.

განგაშისწინა საფუძველი:

1962 წლიდან, რაც მდინარე ვერეზე მონიტორინგის სამსახური არსებობს, მდინარე ვერეს ხეობაში ყველაზე მეტი წყალი 4 ივნისს, საშინელ სტიქიამდე 9 დღით ადრე დაფიქსირდა. 4 ივნისს, წყლის ხარჯმა წამში 155 კუბური მეტრი შეადგინა. შედარებისთვის, მდინარე მტკვარში წამში მოდის 60 მ3 წყალი. იმ დღეს სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი დაიტბორა, განსაკუთრებით დაზიანდა ძაღლების თავშესაფარი...

გვირაბის შემდეგ, მდინარის 3 - კილომეტრიანი კალაპოტი დასახლებულია, ნაწილზე კი გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გადის. აქაც, მდინარე ორ გვირაბში ექცევა. მტკვართან შესაერთებლად, საბოლოოდ მდინარე ვერემ 800- მეტრიანი გვირაბი უნდა გაიაროს. ორ დიდ გვირაბს შეუძლია წამში 400 კუბზე მეტი წყალი გაატაროს. ეს დაახლოებით 3-ჯერ მეტია, რაც აღრიცხულა 1962 წლიდან, მცირე გვირაბებს კი 250 კუბზე მეტის გატარება შეუძლიათ. ერთი შეხედვით, ყველა საინჟინრო წესი დაცულია. მდინარის მარცხნივ თბილისის ზოოპარკია.

13 ივნისის ღამის ქრონიკები:

დედაქალაქში გადაუღებლად წვიმს, მდინარე ვერეს ხეობაში კი ვითარება კატასტროფულად მძიმდება. საღამოს 9 საათის შემდეგ, 4 საათში აქ წლიური ნორმის 35% მოვიდა.

13 ივნისის ღამეს, მდინარე ვერეს ხეობაში წყლის ხარჯმა 450 კუბური მეტრი წამში შეადგინა. ეს ზუსტად იმდენია, რასაც მტკვარი გაზაფხულის წყალუხვობის დროს აღწევს. ასეთი რაოდენობის წყალი მდინარე ვერეში არასდროს აღრიცხულა.

23:35 წუთი:

სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. გზის 650-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოშლილმა მიწამ ჩაიტანა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ნაშალი მიწა, ქვები, ქვიშა და ხეები საშინელი ხმაურით ჯოხანის ხევში ჩაიშალა. ამ ადგილას ფესვებიანად მოგლეჯილი ხის მასა, 400 დიდ სატვირთო მანქანას გაავსებდა. ჩამოშლილი მეწყერის მასა მდინარის წყალს უხვად აგროვებდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ღვარცოფის მასა დაიძრა დედაქალაქისკენ, რომელსაც დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებდა.

23:50 წუთი:

ღვარცოფმა ჩამოიტანა ქვა-ღორღი, ნაშალი და ხეები რომელიც მდინარის პირველ გვირაბში გაიჭედა. ამ გვირაბში წყლის მოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მანქანა გაიჭედა. ტალახიანი ბლანტი მასა ელვისსისწრაფით იწევდა მაღლა, ფარავდა სახლებს, მოათრევდა ფესვებიანად მოგლეჯილ ხეებს, ანგრევდა და ანადგურებდა ყველაფერს რაც კი წინ ხვდებოდა. ამ დროს, ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება. არც წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა იციან, რა ხდება მდინარის გვირაბთან.

00:35 წუთი:

მაშველებმა დასახლებულ ადგილს მიაღწიეს, სადაც გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი მის მეუღლესთან და მეგობართან ერთად მაშველებს ელოდებოდა. ისმის დახმარების თხოვნის ხმები. ორ წუთში მაშველები მათ დასახმარებლად წყალში შედიან. ამ დროს სახლი უკვე წყალს აქვს გატაცებული. ივლიტა ჯიბუტის მეუღლე ხეს ეჭიდება და გოგონებს ხელით იჭერს, თუმცა შემდგომ წყლის კიდევ უფრო დიდი მასა სამივეს ჩაძირავს. გოგონები წყალმა გაიტაცა, ივლიტას მეუღლე კი მაშველებმა გადაარჩინეს....

00:40 წუთი სვანიძის ქუჩა:

წყალმა 18 მეტრით აიწია, უკვე 50 წუთზე მეტია მდინარე ქალაქის ნაწილს ანადგურებს. ამასთანავე ის გვირაბს დიდი ძალით აწვება. თუ გვირაბი გაიხსნება, ის კიდევ უფრო დამანგრეველი ძალით გადავა წყნეთის ქუჩაზე და მთლიანად გაანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას. 5 წუთში, მდინარემ გვირაბი საშინელი ხმაურით გაარღვია და დაგროვილი უზარმაზარი მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა ელვისსისწრაფით დაიწყო მომატება. ღვარცოფი ახლა მტკვართან დასაკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ისიც ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის მაღლიდან გადავიდა.

02:30 წუთი ზოოპარკი:

წყალმა ზოოპარკი მთლიანად დაფარა, 600 მობინადრიდან ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა, რათა მტაცებლებს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ. ქალაქის ცენტრში სროლის ხმა ისმის. 3 საათი ანგრევდა თბილისის ზოოპარკს, წყნეთის და სვანიძის ქუჩებს სტიქია. 3 საათის შემდეგ მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.

13 ივნისის ღამემ ადიდებულმა მდინარემ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება. კიდევ ერთი ადამიანი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა იმსხვერპლა. ღვარცოფს ზოოპარკის სამი თანამშრომელიც, გულიკო ჭიტაძე,  მისი მეუღლე და გივი დვალი ემსხვერპლნენ. სტიქიამ დები ზარანდიების, ივლიტა ჯიბუტისა და კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 37 წლის მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა 7 ადამიანის სიცოცხლე საკუთარის სანაცვლოდ გადაარჩინა.

მეცნიერების გათვლით, ვერეს ხეობაში მსგავსი მოვლენა შესაძლოა 1000 წელიწადში ერთხელ მოხდეს, თუმცა ბუნება სტატისტიკას არასდროს ემორჩილება და დამცავი ჯებირების მშენებლობა უკვე დაწყებულია. აღდგა მდინარე ვერეს სათავეებში მონიტორინგის სისტემა, რათა მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რისკები. მიუხედავად დამანგრეველი შედეგებისა, მოქალაქეთა ნაწილი დღემდე აგრძელებს ამ ხეობაში ცხოვრებას. არადა, 13 ივნისის სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანისა და ბუნების ბრძოლა ყოველთვის ადამიანის მარცხით სრულდება...

 

შენიშვნა:

სტიქიის წინა დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა. ადრესატები: შსს, საგანგებო სიტუაციები, საქართველოს შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო პოლიცია, მთავრობის აპარატი და პრეზიდენტის დაცვა.

„ყურადღება, 13 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. ელ-ჭექის დროს, ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეების ადიდება და მათ შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

სოლიდარობის აქტი:

15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი განადგურებულია. ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. მოშლილია ყველა კომუნიკაცია. ქალაქი ტალახით, ქვიშით, მოგლეჯილ ხეებითა და მანქანებითაა სავსე. თბილისს მოქალაქეების შველა სჭირდება.

ათასობით, თუ არა ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარე გვერდიგვერდ დააყენა. მიუხედავად მძიმე და სახიფათო სამუშაოსი, თავდაპირველად მათ თითქოს ქაოტურად, დაუფიქრებლად შეუტიეს იმ სტიქიის შედეგებს, რომელმაც 13 ივნისის ღამეს 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ზოოპარკში ცხოველები დახოცა. 4 წლის თავზე სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდები ამბობენ, რომ 13 ივნისის სტიქია მოხალისეების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა. მათივე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა.

13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელის და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. მომდევნო დღიდან მათი ერთსულოვნება ნამდვილ სამოქალაქო მოძრაობად იქცა. ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დატბორილი, მიწამიყრილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახმიმხმარ ახალგაზრდებს. თუკი მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way