USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
102 წლის წინ ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი მიანიჭეს
თარიღი:  1501
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიაში გაწეული დახმარება მალევე დაუფასა რუსეთმა ,,აჯანყებულ ოსებს“. 102 წლის წინ 1922 წლის 20 აპრილს ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი მიანიჭეს.
 
XIX ს.-მდე ტერმინ ,,სამხრეთ ოსეთის“ გამოყენების არავითარი ცნობა არ არსებობს არც ქართულ და არც უცხოურ წერილობით წყაროებში. ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი’’ პირველად გამოყენებულია 1830 წლის წერილების სერიაში, რომელიც დაიბეჭდა ,,ტიფლისკი ვედომოსტში“. ამ ტერმინის გაჩენა, რუსული იმპერიული ძალების დიდ მცდელობასთან ერთად, იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ შიდა ქართლს ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის გადაღმა, უშუალოდ ესაზღვრება ისტორიული ოსეთი. შორსგამიზნული ტოპონიმიური დივერსიით ნოყიერი ნიადაგი მზადდებოდა ,,სამხრეთ ოსეთად“ მონათლულ ძველთაძველ ქართულ მიწა-წყალზე ოსთა ტერიტორიული პრეტენზიების და ორი ,,ოსეთის" სამერმისო გაერთიანების იდეისათვის, რამაც XX ს.-ში უკვე აგრესიული ოსური სეპარატიზმის სახით იჩინა თავი. რუსეთის ეს ქმედება გამიზნული იყო სამხრეთ კავკასიაზე სამხედრო და პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად.
 
სტატუსით. ,,სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიურ ოლქს უკანონოდ მიაკუთნეს 40 ქართული სოფელი და ქალაქი ცხინვალი 20 000 ქართველით, (ცხინვალში ოსი მოსახლეობის რაოდენობა 1100 შეადგენდა).
 
შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნულ უმცირესობათა მიმართ რიგი პრივილეგიების გატარება დაიწყო. შიდა ქართლში ჩამოსახლებული ოსების შიდა მიგრაციული პროცესები ემსახურებოდა ავტონომიური ოლქის საზღვრების გაზრდას.
 
საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ მიღებული 1928 წ. 5 აპრილის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება ტირიფონის ველზე ოსთა ჩასახლების შესახებ, რომელიც სრულიად საიდუმლო დოკუმენტთა ნუსხას ეკუთვნის, ნათელი მაგალითია, თუ როგორ იზრდებოდა ხელოვნურად ოსების განსახლების არეალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. დადგენილების თანახმად, ,,სამხრეთ ოსეთიდან" აუცილებლად უნდა მომხდარიყო უმიწო და მცირემიწიანი ოსური ოჯახების (300 კომლის) გადასახლება ტირიფონის ველებზე. აქვე ირკვევა, რომ ტირიფონის ველებს პატრონად ადგილობრივი ქართული მოსახლეობა გამოსჩენია, და მათთვის მიწების ჩამორთმევა ძალდატანებით მომხდარა.
 
დღევანდელი რეალობა კი ასეთია... ოსები არამარტო შიდა ქართლში ცხოვრობენ, არამედ მთელს საქართველოში. ჩვენ მჭიდროდ გვაკავშირებს საერთო ტრადიციები, წეს- ჩვეულებები, მატერიალური და სულიერი კულტურა, და რაც მთავარია, სისხლისმიერი ნათესაობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალზედ ხშირი მოვლენაა ქართულ-ოსური ქორწინებები. ასეთი ქორწინების შედეგად შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, თანაბრად ეფუძნება ქართულ და ოსურ კულტურას. ამ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი ქართველი და ოსი ხალხების მტრები არიან, რომლებიც ცდილობენ, თავს მოხვეული ბინძური პოლიტიკური კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაზარდონ. საქართველოში მცხოვრები ყოველი ოსი ეროვნების მოქალაქე საქართველოს და ქართველი ერის ნაწილია. რაც შეეხება ოსეთს, არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი და ისიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია.
 
პოსტი მომზადებულია შსს-ს "საარქივო მოამბის" სტატიის მიხედვით.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის