სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი იუწყება.
დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაზე, სადაც კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა, დრონებით შეტევა იყო.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში დაადანაშაულა „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ და „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს.
ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.