USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
თბილისი
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
თარიღი:  7397

პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის. სწორედ შავი ზღვვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში, ოქროს საწმისის წასაღებად.

1. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაშე გავრცელებული შემდეგი ვერსიებია:

ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს.

მეორე ვერსიის თანახმად, “შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წლყის ზღვარი – 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.

2. იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.

3. შავ ზღვაში, 350–400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინება არის და ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის საპატივცემულოდ, «კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს.

4. ყირიმი – შავი ზღვის ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია.

5. შავ ზღვაში ფაუნის 2 500 სახეობა ბინადრობს, რაც ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 9 000-მდე სახეობაა.

6. შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს.

7. ძუძუმწოვრებიდან, შავ ზღვაში ორი სახეობის დელფინი, ზღვის ღორი და თეთრმუცელა სელაპი ბინადრობს. ზოგიერთი ცხოველი, მის აკვატორიაში, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გავლით ხვდება.

8. დიდი ზომის ზვიგენების სახეობებიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი, ბინადრობს. მას ადამიანების ეშინია და ნაპირებთან იშვიათად ჩნდება. ერთადერთი ხიფათი, რაც ადამიანებს ამ ზვიგენებისგან ელით, მათ ზურგზე განლაგებული შხამიანი ეკლებია.

9. ყველაზე სახიფათო თევზი შავ ზღვაში — ზღვის დრაკონი არის. მის ზურგზე განთავსებული ეკლები და ფარფლი, ასევე ლაყუჩების საფარი ძლიერმოქმედ შხამს შეიცავს.

გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს შხამიანი წვეტი აქვს.

10. მთების სიმაღლე, შავი ზღვის ირგვლივ, თანდათანობით იზრდება, ხოლო ზღვა დიდდება. და თუ მთებს, 100 წლის მანძილზე, სიმაღლეში მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრი ემატება, ზღვის სანაპირო ზოლი 20–25 სმ-ით იზრდება, იმავე პერიოდში. ამის გამო, სანაპიროსთან მდებარე, უძველესი დასახლების პუნქტები, უკვე წყლით არის დაფარული.

 

ავტორი: ლალი ადიკაშვილი

ანალიტიკა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.