USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობება და თანამშრომლობა
дата:  567

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.

"ვაიმარის სამკუთხედის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ქმედებები.

ამასთან, განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის თაობაზე, განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ.

“ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს.

ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, - რომელიც სტიგმატირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს,- ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.

გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ დაუშვებს რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.

ჩვენ ველით საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати