USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«BBC Russian» (დიდი ბრიტანეთი): „ყველაფერი გეგმის დარღვევით განვითარდა“: ამერიკულმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოიკვლია, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა“
თარიღი:  507

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით „ყველაფერი გეგმის დარღვევით განვითარდა“: ამერიკულმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოიკვლია, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა“, გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნული პუბლიკაციის შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) ორ ნაწილად გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, რომელშიც გამოკვლეულია უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზები - თუ რატომ ვერ მიაღწიეს შეიარაღებულმა ძალებმა მოსალოდნელ შედეგებს, რამაც, საბოლოო ჯამში, უთანხმოება და დავა გამოიწვია ვაშინგტონსა და კიევს შორის.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები ათობით უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებს ესაუბრნენ. ისინი შეხვდნენ აგრეთვე ფრონტის წინა ხაზზე მყოფ 20-ზე მეტ ოფიცერს და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინის არმიიდან.

პირველ ნაწილში - „აშშ-ისა და უკრაინის შეცდომები და უთანხმოება კონტრშეტევის დაგეგმვის დროს" - გადმოცემულია აშშ-ის მონაწილეობის მასშტაბებეზე უკრაინის არმიის კონტრშეტევის მომზადებაში და საუბარია იმ ფაქტორებზე, რომლებმაც საომარ სიტუაციაზე ნეგატიური გავლენა მოახდინეს.

მეორე ნაწილში - „რატომ შეჩერდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა" - აღწერილია ზაფხულში და შემოდგომაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, როცა პარალელურად ძლიერდებოდა უტანხმოება ვაშინგტონსა და კიევს შორის.

კონტრშეტევის დაგეგმვა

კონტრშეტევის მომზადებისას, უკრაინელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა ოფიცრებმა  რვა ფართომასშტაბიანი „სამხედრო თამაშები“ ჩაატარეს, რომლის დროსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის სავარაუდო განვითარების ვარიანტთა მოდელირება განახორციელეს, სპეციალური კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფით. უკრაინელი ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ ისინი გაიმეორებდნენ 2022 წლის შემოდგომის წარმატებას, როცა უკრაინის არმიამ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს ხარკოვის ოლქიდან და ხერსონიდან უკან დაახევინა.

კიეველ გენერლებს კონტრშეტევის განხორციელება ისევ რამდენიმე მიმართულებით უნდოდათ, მაგრამ დასავლელი ოფიციალური პირები (როგორც „სამხედრო თამაშების“ დროს, ასევე კონფიდენციალურად) უკრაინელებს თხოვდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ძალების „ერთ მუშტად შეკვრა“, ანუ კონტრშეტევის ერთი ძირითადი, მთავარი სტარტეგიული მიმართულებით განხორციელება - მელიტოპოლის დაკავებით, აზოვის ზღვაზე გასვლით და ყირიმ-დონბასის სემაერთებელი სახმელეთი დერეფნის გადაჭრით.

ყველაზე ოტიმისტური სცენარის მიხედვით, უკრაინას აღნიშნული მიზნის მიღწევა შეეძლო 60-90-დღიანი ბრძოლების განმავლობაში. მოდელირება ითვალისწინებდა მძიმე და სისხლიმღვრელ ბრძოლებს - ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის 30-40%-იან დაკარგვას.

„სამხედრო თამაშების“ შედეგებმა ამერიკელები აიძულა უკრაინელი კოლეგებისთვის ეთქვათ: „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან-ძალიან-ძალიან გინდათ წარმატების მიღწევა, მაგრამ ისე როგორც თქვენ გეგმავთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ“, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტის’ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი.

იმავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ იმას, თუ რამდენად მძიმეა  ისეთი სტრატეგიის მიღება, რომელიც მნიშვნელოვან დანაკარგებს ითვალისწინებს. უკრაინელი ჩინოვნიკების თქმით კი, „სამხედრო თამაშების“ დროს განხილული გეგმა საერთოდ არ ემთხვეოდა რეალურად ფრონტზე შექმნილ ვითარებას.

პენტაგონს სურდა, რომ კონტრშეტევა აპრილის ბოლოს დაწყებულიყო, რათა რუსებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ თავდაცვის ხაზი განემტკიცებინათ, მაგრამ უკრაინელები აყოვნებდნენ და აცხადებდნენ, რომ აუცილებელია დამატებითი მომზადება და იარაღის მეტი რაოდენობით მიწოდება. კიევის ერთ-ერთი საკვანძო უთანხმოება ამერიკელებთან ის იყო, რომ ამერიკელები უკრაინელებისაგან მოითხოვდნენ ისე ებრძოლათ, როგორც ნატოს არცერთ სახელმწიფოს არ უბრძოლია - ჰაერიდან ეფექტური მხარდაჭერის გარეშე. თავის მხრივ, უკრაინელები ითხოვდნენ თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით უზრუნველყოფას.

„უკრაინელები [კონტრშეტევის დაწყების] თარიღებს გვისახელებდნენ, ბევრ თარიღს, - ამბობს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, - ხან აპრილში, ხან მაისში... ვადები ბევრჯერ გადაიდო. საბოლოოდ, ივნისის დასაწყისს გვეუბნებოდნენ“.

უკრაინელი ჩინოვნიკების ვერსიით, კონტრშეტევის დაწყების გადადება იმითაც იყო გამოწვვეული, რომ დაპირებული სამხედრო ტექნიკა გვიან მიიღეს და როცა მიიღეს, გაუმართავები აღმოჩნდნენ. რასაკვირველია, რემონტს დრო დაჭირდა.

ამერიკელები ამ ფაქტს უარყოფენ: „ჩვენ მათ ყველანაირი სახმელეთო ტექნიკა მივეცით, რაც მოითხოვეს“, - უთხრა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. რიგ შემთხვევებში, ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ ვერ მოახერხა დროულად და ოპერატიულად განელაგებინა მიღებული ტექნიკა ფრონტის ხაზზე. გარდა ამისა, უკრაინის არმიის სარდლობამ ამერიკული ტექნიკის ნაწილი სარეზერვოდ შეინახა ან ისეთ ქვედანაყოფებს გადასცა, რომლებიც კონტრშეტევაში არ მონაწილეობდნენ.

აშშ და ევროპელი მოკავშირეები იმედგაცრუებულნი იყვნენ უკრაინელი კოლეგების საქციელით და გრძნობდნენ, რომ კიევი მათ მთლიან ინფორმაციას უმალავდა და არ აძლევდა. „შესაძლოა უკრაინელებს შეეშინდათ, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაეღუპებოდათ?“ - ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციის ავტორების მიერ, - „ან შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასა და არმიის სარდლობას შორის უთანხმოება გაჩნდა“?

საბოლოო ჯამში კონტრშეტევა ივნისის პირველ ნახევარში დაიწყო და მაშინვე გეგმიდან გადახვევით განვითარდა.

კონტრშეტევა

„ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების უკვე მეოთხე დღეს უკრაინელებმა უარი თქვეს თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმაზე, რომელიც ამერიკელებთან ერთად რამდენიმე ტვის განმავლობაში შეიმუშავეს, შემდეგ კი შეტევა პრაქტიკულად შეაჩერეს: უკრაინის არმია იცოდა, რომ დანაღმული ველების გადალახვა მოუწევდა, მაგრამ არ ელოდნენ იმას, რომ ტერიტორია რუსების მიერ ესოდენ მჭიდროდ იქნებოდა დანაღმული.

„მიწის თითოეული კვადრატული მეტრი ოთხ იარუსად იყო დანაღმული“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“. უკრაინელმა სამხედროებმა დანაღმული ველების ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადალახვის წესები გერმანიაში, სწორ ადგილზე შეისწავლეს, მაგრამ გერმანიაში შეძენილი ცოდნა უკრაინაში არ გამოადგათ: ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ნიადაგი ფხვიერია და ლანდშაფტიც გერმანიისაგან განსხვავდება, მათ ძალიან გაუჭირდათ ნაღმებისაგან გათავისუფლებულ ვიწრო ადგილებზე მძიმეწონიანი დასავლური ტანკებით გადაადგილება.

კონტრშეტევაში მონაწილე ზოგიერთი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა 70 პროცენტს საბრძოლო მომზადება გავლილი არ ჰქონდათ. შესაბამისად, ისინი საომარი გამოცდილების გარეშე ჩაებნენ ბრძოლაში. სწორედ ეს ქვედანაყოფები იყვნენ თანამედროვე დასავლური ტექნიკით აღჭურვილი.

საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ დღეში 14-კილომეტრიანი გარღვევა მოეხდინათ, როგორც დაგეგმილი იყო, უკრაინელებმა, თითქმის ექვსთვიანი ბრძოლების შედეგად, წინ მხოლოდ 32 კილომეტრით წაიწიეს და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ის, რომ რუსეთმა ისეთი 1000-დოლარიანი დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) კონცენტრაცია მოახდინა, რომელსაც მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ტანკი მწყობრიდან გამოჰყავდა.

საარტილერიო საბრძოლო მასალებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან ძვირფასია ორივე მხარის არმიებისათვის, FPV ტიპის ერთჯერადი იაფფასიანი დრონები შეიძლება გამოყენებული იყოს ქვეთი სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ - როგორც სანგრებში, ასევე მათი გადაადგილების მომენტში. რუსული დრონების წარმატებული მოქმედების გამო დაყოვნდა დაჭრილების ევაკუაცია და მოწინავე ნაწილების მომარაგება, რაც სასიკვდილო და სახიფათო ამოცანად გადაიქცა.

„ჩვენი პრობლემა ჯერ ნაღმები იყო, შემდეგ კი დრონები“, - ციტირებს „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინის არმიის 47-ე ბრიგადის ოცეულის მეთაურის ოლეგ სენცოვის ნათქვამს.

ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკები, რომლებიც თავიანთ დოქტრინას ეყრდნობოდნენ, უკრაინელებს მოუწოდებდნენ, რომ სანამ მექანიზებული სახმელეთო ნაწილები თავიანთი სამიზნეების დასაკავებლად წინ მიიწევდნენ, მანამ მტრის გასანადგურებლად არტილერია გამოეყენებინათ. ამასთან, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, სიკვდილისმთესველი რუსული დრონების გამო მათ დასახული ამოცანები ვერ შეასრულეს და გეგმის დარღვევა მოუწიათ.

უკრაინის არმიის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აშშ-სთან უთანხმოება გამოიწვია. „ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს კონტრშეტევის დაწყების დროს კიევში ტელეფონზე არ პასუხობდნენ.

ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე

როც აშკარა გახდა, რომ უკრაინის არმია წინ ვერ მიდიოდა, ამერიკელები სულ უფრო მეტად შფოთავდნენ, რომ უკრაინის არმიის სარდლობა სამხრეთის მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. აგვისტოში ჩატარებული ვიდეოკონფერენციის დროს, ამერიკელი სამხედროები დაბეჯითებით ითხოვდნენ, რომ შეტევისათვის ჯარის თავმოყრა ერთ წერტილში უნდა მომზდარიყო. ამის საპასუხოდ ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელებს პრობლემები გააცნო: ჰაერიდან მხარდაჭერის არარსებობა, დიდი ფართობის მქონე დანაღმული ველები და რუსების თავდაცვის ორგანიზება საკმაოდ მაღალ დონეზე (გამაგრებული ზღუდეები, სანგრებისა და ტრანშეების ჩათვლით).

სექტემბერში, როცა ნატოს გენმდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს - „რატომ მიმართა ჯარის დიდი ნაწილი აღმოსავლეთით და არა სამხრეთით“, მან უპასუხა, რომ თუ რუსები ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს - დონბასს დაკარგავენ, ისინი ომში დამარცხდებიან.

საბოლოო ჯამში, თითოეული მხარე მეორეს აბრალებდა შეცდომებს და გაუთვლელობას, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ამერიკელი ჩინოვნიკები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინამ ვერ აითვისა საბაზო სამხედრო ტაქტიკა, დანაღმული ველების მიწისზედა დაზვერვის ჩათვლით. 

უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელებს არ ესმით, რომ დამრტყმელმა დრონებმა და სხვა ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალეს.

კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და პოზიციურ ბრძოლად გადაიქცა, თანდათანობითი და დაყოვნებული წინსვლით.

„უკრაინამ დაახლოებით 520 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მაგრამ ათობით ათასი დაღუპული მეომრის სიცოცხლის ფასად. დასავლეთის მიერ მილიარდობით გაწეული სამხედრო დახმარებამ სასურველი ნაყოფი არ გამოიღო“, - ასკვნის „ვაშინგტონ პოსტი“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cz92mm3z2qjo

 

---------------

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის