დღეს, 30 ნოემბერს, ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ასი წლის ასაკში, კონეკტიკუტის შტატში მდებარე საკუთარ სახლში.
„ჰენრი კისინჯერი როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და შემდეგ სახელმწიფო მდივანი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის პერიოდში (1969-1977 წლებში), საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკის ერთ-ერთ არქიტექტორს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჰენრი კისინჯერი: ბრეჟნევიდან პუტინამდე“.
ჰენრი კისინჯერს შარლ ტალეირანისა და კლემენს მეტერნიხის გვერდით, ერთ რიგში აყენებენ. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მე-19 საუკუნის ლეგენდარული დიპლომატები პოლიტიკურ ავანსცენაზე 30 წელზე მეტ ხანს იყვნენ, ჰენრი კისინჯერმა კი მხოლოდ რვა წლის განმავლობაში მოასწრო აშშ-ჩინეთის ურთიერთობის აღდგენა, ვიეტნამის ომის დასრულება და საბჭოთა კავშირთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა. ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოქმედება საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური მოღვაწის სახელი ისტორიაში „დიდი ასოებით“ შევიდეს.
ამბობდნენ, რომ ჰენრი კისინჯერს, თავისი უნარითა დამსახურებისდა მიხედვით, იოლად შეეძლო აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ... იგი აშშ-ის კონსტიტუციის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა - ქვეყნის საზღვრებს მიღმა იყო დაბადებული - ბავარიაში (გერმანია), 1923 წლის 27 მაისს, სკოლის მასწავლებლების ებრაულ ოჯახში. მისი თავდაპირველი სახელი იყო „ჰაინცი“, რომელიც შემდეგ „ჰენრით“ შეცვალა.
ახალი სამშობლო
საერთაშორისო განმუხტვის მომავალი არქიტექტორი 15 წლისა იყო, როცა მისი ოჯახი გერმანელ ნაცისტებს გაექცნენ და თავი ამერიკას შეაფარეს. ჰენრი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე სკოლაში სწავლობდა, იმავდროულად საპარსი ფუნჯების ფაბრიკაშიც მუშაობდა. 1943 წელს იგი არმიაში გაიწვიეს და გერმანული ენის ცოდნის გამო 84-ე ქვეითი დივიზიის დაზვერრვის ქვედანაყოფში ჩარისცხეს. 1945-46 წლებში დაკავებული იყო გერმანიის ჰანოვერისა და ჰესენის მხარეების დენაციფიკაციით და ყოფილი „ესესელების“ ძიებით.
1950 წელს ჰენრი კისინჯერმა წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი - მისი სადიპლომო ნაშრომი სახელწოდებით „ისტორიის მნიშვნელობა“ 388 გვერდიანი იყო და ყველაზე ფართო ნაშრომს წარმოადგენდა უნივერსიტეტის ოთხსაუკუნოვანი არსებობის პერიოდში. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ჰენრი კისინჯერმა წარმატებული კარიერა გაიკეთა პროფესორისა და ექსპერტის სახით.
1969 წელს, ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა უკვე ცნობილ ანალიტიკოსს ჰენრი კისინჯერს თავისი თანაშემწის თანამდებობის დაკავება შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც ამბობენ, პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უსაზღვროდ ენდობოდა თავის თანაშემწეს და იმავდროულად, გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან - უილიამ როჯერსთან, თანაც ხშირად ისეთი, რომ წესიერების ჩარჩოებს სცილდებოდა. პრეზიდენტი აშკარად ამჯობინებდა, რომ საერთაშორისო დიპლომატიური საკითხები უფრო თავის თანაშემწესთან განეხილა, ვიდრე სახელმწიფო მდივანთან.
1973 წელს ჰენრი კისინჯერმა, ერთადერთჯერ აშშ-ის ისტორიაში, თავის ხელში მოიქცია ორივე საკვანძო საგარეოპოლიტიკური პოსტი და საკუთარი განსაკუთრებული სტატუსი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მმართველობის დროსაც შეინარჩუნა.
თავის შეხედულებებში ჰენრი კისინჯერი კლასიკური „რეალპოლიტიკის“ (Realpolitik) მიმდევარი იყო და შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობდა იდეოლოგიას და ადამიანის უფლებებს.
გლობალური ცვლილება
აშშ-სა და მაოისტური ჩინეთის ერთმანეთთან დაახლოება - იმ ჩინეთისა, რომელსაც საბჭოთა კავშირთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად სძულდა დასავლური ფასეულობები, 1970-იანი წლების დასაწყისისათვის აბსოლუტური ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. თუმცა ჰენრი კისინჯერს სჯეროდა, რომ პეკინი გეოპოლიტიკურ ინტერესებს მისცემდა უპირატესობას და არც შემცდარა.
თავდაპირველად კულისებსმიღმა ზონდაჟი მესამე ქვეყნების პოლიტიკოსებისა და დიპლომატების დახმარებით მიდიოდა, განსაკუთრებით რუმინეთის ლიდერის ნიკოლაე ჩაუშესკუს მონაწილეობით. 1971 წლის აპრილში, ყველასატვის მოულოდნელად, ჩინეთმა პირველად მიიწვია თავისთან დასავლელი სპორტსმენები - აშშ-ის გუნდი მაგიდის ჩოგბურთში. მას შემდეგ შევიდა სახელმძღვანელოებში გამოთქმა - „პინგ-პონგის დიპლომატია“.
იმავე წლის 9-11 ივლისს პეკინს საიდუმლოდ ეწვია თვითონ ჰენრი კისინჯერიც, რაც უიშვიათესი შემთხვევა იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკაში და ახლა ასეთად რჩება.
ეს დიპლომატიური პროცესი დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში 1972 წლის თებერვალში, რომლის შედეგად ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა და ამერიკამ ტაივანი ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის ნაწილად დე-იურედ აღიარა. 44 წლის შემდეგ ორი სახელმწიფო ერთმანეთისათვის საკვანძო და შეუცვლელ ეკონომიკურ პარტნიორებად რჩებიან.
1973 წელს ჰენრი კისინჯერმა ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო პარიზის სამშვიდობო შეთანხმების გამო - ვიეტნამში ომის შეწყვეტას, აშშ-ის ჯარების გაყვანასთან და ქვეყნის ორი ნაწილის გაერთიანებისათვის, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. ურთულესი მოლაპარაკებები ოთხ წელიწადს გრძელდებოდა.
მართალია, 1975 წლის აპრილში „კისინჯერისეული მშვიდობა“ იმით დასრულდა, რომ ჩრდილოელმა ვიეტნამელებმა სამხრეთელები იარაღით დაიმორჩილეს და კომუნისტური დიქტატურა დაამყარეს. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ნობელის პრემიების კომიტეტმა იჩქარა, რომ ჰენრი კისინჯერს მშვიდობის პრემია მიენიჭა.
„განმუხტვის“ არქიტექტორი
საბჭოური დიპლომატიის ერთ-ერთი მამამთავარი ანდრეი გრომიკო თავის ამერიკელ კოლეგას ჰენრი კისინჯერს „ეშმაკს“ უწოდებდა, მაგრამ მას იმავდროულად დიდ პატივს სცემდა და ამბობდა, რომ მის სიტყვას ენდობოდა.
1972 წლის მაისში მოხდა „განმუხტვის პოლიტიკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საბჭოთა კავშირში - რიჩარდ ნიქსონი და სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მოსკოვს ეწვივნენ. მანამდე საბჭოთა კავშირში აშშ-ის პრეზიდენტებიდან მხოლოდ ფრანკლინ რუზველტი იყო ნამყოფი - იალტაში, 1945 წელს, "დიდი სამეულის" სამიტზე. იმ დროიდან ჰენრი კისინჯერის სახელი საბჭოთა მოქალაქეების გონებაში მტკიცედ დამკვიდრდა.
ლეონიდ ბრეჟნევმა, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი სტუმრები ლენინგრადში - რუსეთის იმპერიის ძველ სატახტო ქალაქში (სანქტ პეტერბურგში) მიიპატიჟა ქალაქის დასათვალიერებლად. ჰენრი კისინჯერი, გადაუდებელი საქმეების გამო, მოსკოვში დარჩა ანდრეი გრომიკოსთან მოსალაპარაკებლად. არადა, მას ძალიან უნდოდა პეტრე პირველის მიერ დაარსებული ქალაქის ნახვა.
მომდევნო წლებში ჰენრი კისინჯერი კიდევ რამდენჯერმე იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ ვერადავერ მოინახულა პეტრეს ქალაქი. ერთხელ მან თავის საბჭოელ კოლეგას ანდრეი გრომიკოს ხუმრობით უთხრა - "უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, არსებობს თუ არა ლენინგრადი საერთოდო".
"აბა, მაშ სად მოხდა ჩვენი რევოლუცია?, - აჰყვა ხუმრობას საბჭოთა მინისტრი.
- სანქტ-პეტერბურგში", - უპასუხა ჰენრი კისინჯერმა. იგი ამაყობდა რუსეთის ისტორიის ცოდნით, თუმცა მცირე "შეცდომა" მაინც დაუშვა - 1917 წელის რევოლუციის დროს სანქტ-პეტერბურგს უკვე პეტროგრადი ერქვა.
ნადირობა ლეონიდ ბრეჟნევთან ერთად
ჰენრი კისინჯერს პირადი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა ლიდერებთან - რა თქმა უნდა, არა მეგობრული, მაგრამ მაინც ოფიციალური ჩარჩოების მიღმა.
ერთხელ, ლეონიდ ბრეჟნევთან ერთად, გარეულ ტახებზე ნადირობის შემდეგ (კისინჯერს არ უსვრია), საბჭოთა გენმდივანმა სტუმრისათვის პურ-მარილის გაწყობა თვითონ მოისურვა - მაგიდაზე საჭმელები დაალაგა, არყის ბოთლები ამოიღო და ჰენრის უთხრა, "უსაქმოდ რომ არ იჯდე, "კალბასი" მაინც დაჭერიო". კისინჯერი შემდეგ იხსენებდა, ბრეჟნევმა ამიხსნა, რომ ძეხვის დაჭრასაც ცოდნა ჭირდება - როცა კარგად არის დაჭრილი, უფრო გემრიელიაო.
ჰენრი კისინჯერმა ინტერესი რუსეთის მიმართ სამუდამოდ შეინარჩუნა. იგი არაერთხელ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც - სულ ბოლოს მოსკოვში, 2016 წლის თებერვალში. საერთაშორისო დიპლომატიის ვეტერანი რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ ამბობდა, რომ უკრაინის ნატოში მიღების საკითხში აჩქარება არ შეიძლება.
ჰენრი კისინჯერს მრავალრიცხოვანი ტიტულები და წოდებები ჰქონდა, მათ შორის - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საპატიო დოქტორის წოდებები.
წყარო: https://www.bbc.com/russian/features-36675660