USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Фокус» (უკრაინა): „ქვეყანა ბავშვების გარეშე: უკრაინის ხუთი დემოგრაფიული პრობლემა“
дата:  444

„უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია, არამედ მოსახლეობის დიდი საზღვარგარეთული მიგრაციაც, რაც უკრაინისათვის ისტორიულ კატასტროფულ მოვლენას წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - წერს ჟურნალისტი ნატალია მიჩკოვკსკაია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია უკრაინის გაზეთ „ფოკუსში“ (Фокус) სათაურით „ქვეყანა ბავშვების გარეშე: უკრაინის ხუთი დემოგრაფიული პრობლემა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2024 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა: იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში შობადობის მაჩვენებლი 87655 ადამიანია, ხოლო სიკვდილიანობა - 250 872. ბოლო დროს უკრაინის დემოგრაფიის განხილვა უპირველეს თემად იქცა. კითხვაზე „ვინ არის დამნაშავე“ პასუხი რთული არ არის, მაგრამ „რა უნდა გაკეთდეს“ - ამაზე ვერავინ ვერ პასუხობს.

ექსპერტების თქმით, დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრია, უფრო მეტიც - ქვეყანაში დარღვეულია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მაგრამ არის შედარებით სხვაგვარი კითხვებიც: ნამდვილად აქვს თუ არა დემოგრაფიას პირდაპირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის შემცირება - გარკვეულ სიტუაციაში - ქვეყნის უპირატესობად იქცეს? ამ კითხვებზე პასუხისათვის „ფოკუსი“ ეკონომისტებს ესაუბრა.

შობადობა და ქვეყნის კეთილდღეობა: არის თუ არა მათ შორის კავშირი?

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თუ შობადობასა და ქვეყნის კეთილდღეობას შორის რაიმე კავშირი არსებობს, მაშინ მას უკუქცევითი ხასიათიც აქვს. შობადობის საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე პირველ ადგილებს პლანეტის ყველაზე რარიბი ქვეყნები იკავებენ - ნიგერი, ჩადი, სომალი, კონგო... კოეფიციენტით 6, ანუ როცა ერთი ქალი 6 შვილზე მეტს აჩენს. სამაგიეროდ, გაეროს 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები შობადობის რეიტინგში ყველა ბოლო ადგილებზე არიან: აშშ - 133-ე ადგილზე იმყოფება 193 ქვეყნიდან (კოეფიციენტით 1,8), ჩინეთი - 148-ე ადგილზე (კოეფ. 1,7), გერმანია - 165-ეზე (კოეფ. 1,6).

„მაღალი დონის შობადობა შეიმჩნევა არა უბრალოდ ღარიბ ქვეყნებში, არამედ იქაც, სადაც კულტურული ტრადიციები ოჯახში ბევრ შვილს ითვალისწინებს, მაგალითად, მუსლიმანურ ქვეყნებში“, - ამბობს ეკონომიკური სადისკუსიო კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პენდინი. იმავდროულად, მისი თქმით, „ბევრი ევროპული ქვეყნის კულტურული განსაკუთრებულობა დღეს ოჯახებში მრავალშვილიანობას არ გულისხმობს“.

„ოჯახში შვილების რაოდენობაზე გავლენას ახდენს არამარტო ისტორიულ-კულტურული ტრადიციები, არამედ ბავშვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაც“, - აგრძელებს ექსპერტი, - „მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში შობადობა მაღალია, მაგრამ ასევე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის დონეც, ამიტომ მოსახლეობის ზრდა დაბალია. სამაგიეროდ, ევროკავშირში მცხოვრებ ლტოლვილების მუსლიმანურ ოჯახებში, ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების მაღალი დონის წყალობით, ამჟამად 5-6 ბავშვი იზრდება. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა საშუალოსტატიკურ ევროპულ ოჯახში ხშირად ბავშვების დეფიციტია - ან ერთი ბავშვია, ან საერთოდ არ არის“.

უკრაინის დემოგრაფიული პრობლემა: ხუთი ერთში

უკრაინაში დემოგრაფიული „ორმო“ არა იმდენად დაბალი შობადობით ღრმავდება, არამედ ომისა და მიგრაციის გამო. მილიონობით ლტოლვილი - ეს უპირველესად, შრომისუნარიანი ასაკის მქონე ქალები არიან და ის ბავშვები, რომლებიც ხვალ-ზეგ ევროპის შრომის ბაზარზე გავლენ. ისინი კი, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ, უბრალოდ, ბიუჯეტის აუცილებელ შევსებას ვერ უზრუნველყოფენ. ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენას თვითონ უკრაინელები ვერ შეძლებენ, ამიტომ დღეს ხშირად ლაპარაკობენ, რომ მთელი იმედი მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან მიგრანტებზეა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ ევროკავშირს, ლტოლვილთა სახით, შრომისუნარიანი მოსახლეობა გაუზარდა, თვითონ კი „მშრალზე დარჩა“.

„დემოგრაფია - ეს მხოლოდ შობადობა კი არ არის, არამედ მიგრაციული პროცესებიც“, - ამბობს ანალიტიკოსი ალექსი კუში, - ზოგ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაციის მაღალი დონე (ანუ მცხოვრებთა შემცირება) მაღალი შობადობით კომპენსირდება, ზოგში კი, კერძოდ ევროპის ქვეყნებში, დაბალი შობადობა ნაზღაურდება მაღალი მიგრაციით სხვა ქვეყნებიდან. თუ ეკონომიკა ისეთ კარგ დონეზეა, რომ იზიდავს განათლებულ და კვალიფიცირებულ მიგრანტებს, მაშინ არავითარი „ორმოები“ არ ჩნდება. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში საფრანგეთის, გერმანიისა და სკანდინავიის მოსახლეობა, ადგილობრივ ოჯახებში შობადობის დაბალი დონის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 15-20%-ით. პოლონეთის მოსახლეობა, რომელიც შობადობის მაღალი დონით ვერანაირად ვერ დაიტრაბახებს, მილიონზე მეტი მიგრანტით - უკრაინელით -  გაიზარდა“.

გარდა ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უცხოელი მიგრანტების (განსაკუთრებით განათლებულის) ფაქტორი მომგებიანიც კი არის. საკუთარი განათლებული კადრების მომზადებისათვის ქვეყანამ ასობით ათასი დოლარი უნდა დახარჯოს მის სპეციალიზაციაზე, ჯანდაცვით უზრუნველყოფაზე და სხვა მომენტებზე, მიგრანტების მიღების შემთხვევაში კი საქმე მარტივადაა - ქვეყანა იღებს უკვე მომზადებულ სპეციალისტებს საკმაო ცოდნითა და კომპეტენციით.

ალექსი კუშის თქმით, უკრაინის დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა არც ორი არ არის და არც სამი - უფრო სრულად თუ ვიტყვით, ერთ დიდ პრობლემაში ხუთი პრობლემატური საკითხია: დანალი შონადობა, მაღალი სიკვდილიანობა, ომამდელი შრომითი მიგრაცია, ომით გამოწვვეული ლტოლვილების ნაკადი და საომარი პირდაპირი დანაკარგები. სწორედ ამიტომ ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ არა უკრაინის დემოგრაფიულ პრობლემებზე, არამედ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. თუ მოსახლეობის შემცირება ასეთი ტემპებით გაგრძელდება, უახლოეს ორი-სამი თაობის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10-15 მილიონი ადამიანი იქნება.

გარდა ამისა, ანალიტიკოს იური ბოგდანოვის აზრით, ჩვენთან, უკრაინაში, ძალიან არის დარღვეული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა: „ამ სახით მოსახლეობის ტრამვირება ჯერ კიდევ XX საუკუნეში მოხდა - პირველი და მეორე მსოფლიო ომები, შიმშილობა... მისი ექო XXI საუკუნეში დაგვეწია - 1990-იან წლებში შობადობის დაცემისა და სიკვდილიანობის ზრდის სახით. შემდეგ მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა - 2005 წლიდან 2012 წლამდე. 2012-დან შობადობამ სწრაფი შემცირება დაიწყო, სიკვდილიანობამ ისევ მოიმატა - იმიტომ, რომ გარდაცვალება დაიწყო 1930-იანი წლების „ქალთა“ თაობამ  და 1950-იანი წლების „მამაკაცთა“ თაობამ“. 2011 წლიდან 2020 წლამდე მოკვდა თითქმის 7 მილიონი უკრაინელი, დაიბადა მხოლოდ 4,5 მილიონი. ბოლო ოთხ წელიწადში კორონავირუსმა და ომმა ეს ტენდენციები გააძლიერა“.

მოსახლეობის შემცირება: ზოგი ჭირი მარგებელია?

და მაინც რჩება კითხვა: მართლაც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებზე და მის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ-ზე)? ხომ არსებობენ მსოფლიოში მდიდარი და წარმატებული ქვეყნები მოსახლეობის მცირე რაოდენობით? რამდენად შეიძლება უკრაინისათვის - რიგი გარემოებებისა და პირობების არსებობისას - მოსხლეობის შემცირება უპირატესობად იქცეს? თეორიულად, როგორც ცნობილ ანდაზაშია ნათქვამი - „თუ ადამიანები ცოტაა, მაშინ ჟანგბადი მათთვის მეტი იქნება“. და არამარტო ჟანგბადი, არამედ რესურსებიც მეტი იქნება ერთ სულ მოსახლეზე. ხომ არის განსხვავება იმაში, დარჩენილი რესურსები 40 მილიონ ადამიანზე გაიყოფა თუ 10-15 მილიონზე? თანაც ცნობილია, რომ მოსახლეობის მაღალი შობადობა მაინცდამაინც პანაცეა არ არის ყველა პრობლემისათვის. გავიხსენოთ ჩინეთი, რომელიც ხელოვნურად ზღუდავდა შობადობას (ერთი ოჯახი - ორი შვილი) ადმინისტრაციული წესებით.

„სინამდვილეში ჩინეთმა ასეთი პოლიტიკა უკვე დიდი ხანია შეცვალა. შობადობის ხელოვნურმა შეზღუდვამ მოსახლეობის დაბერება და ბუნებრივი შემცირება დააჩქარა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ შობადობის შეზღუდვა შეცდომა იყო, - აღნიშნავს ალექსი კუში, - რაც შეეხება სულობრივი შემოსავლების ზრდას, რომელიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ხარჯზე მატულობს, ამ შემთხვევაში ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს“. ექსპერტის თქმით, როცა იწყებენ საუბარს მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნის კარგ ცხოვრებაზე, ყველაზე ხშირად ავსტრალიის მაგალითი მოჰყავთ (136-ე ადგილი გაეროს რეიტინგით, შობადობის კოეფიციენტი - 1,6). მაგრამ ჯერ ერთი, რომ ავსტრალიის მოსახლეობა ასე თუ ისე მაინც იზრდება, მეორე - ავსტრალია - ქვეყანა-კონტინეტს წარმოადგენს. მას თითქმის არ აქვს საგარეო გამოწვევები და საფრთხეები, ის არ მდებარეობს მიგრაციული ნაკადების გზებზე. ავსტრალიაში ჩასვლა რთულია, მასზე თავდასხმა კი უაზრობაა.

„უკრაინაში კი ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ ევროპის ცენტრში ვიმყოფებით ძირითადი გეოპოლიტიკური ღერძებისა და მიგრაციული ნაკადების  გადაკვეთაზე, - ამბობს ანალიტიკოსი, - ასეთ პორონენშიმცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას, უბრალოდ, არსებობა არ სეუძლია - ის ან მიგრაციული შთანთქმის მსხვერპლი გახდება, ან აგრესიის ობიექტი. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ XXI საუკუნე - ეს არის ეკონომიკის ზრდის პერიოდი მოხმარების მეშვეობით, ანუ რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია მოსახლეობის რაოდენობაზე. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღება საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც კი - მაგალითად, ითვლება, რომ 10 ათასზე მეტ თანამშრომლიანი სამრეწველო საწარმოს აშენება 20 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყნაში მიზანშეუწონელია. ამიტომაც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს მისი მოსახლეობა, მისი მოქალაქეები - ადამიანები - წარმოადგენს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати