USD 2.6205
EUR 3.0314
RUB 3.0184
თბილისი
BMG: წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა
თარიღი:  78

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის - წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ჩინურმა კომპანიამ China Railway Tunnel Group Co-მ გაიმარჯვა. საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მასში წინადადებების მიღება 25 მარტს დასრულდა, რომელშიც განაცხადი 10-მა კომპანიამ დააფიქსირა, პირველ სექტემბერს კი გამარჯვებულად China Railway Tunnel Group Co დასახელდა. პროექტის განხორციელების ვადა 36 თვეს შეადგენს.

კომპანიამ ორი პარალელური გვირაბი უნდა გაიყვანოს წიწამურიდან ავჭალის მიმართულებით, აღნიშნული გვირაბი კი დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელზეც 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში კომპანიის შერჩევის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

წიწამური-ავჭალის გზის ტენდერი თავდაპირველად 490 მილიონი ლარის ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილე ყველა კომპანიამ ამაზე მაღალი ფასი დააფიქსირა.

წარდგენილი წინადადებები ასე ნაწილდებოდა:

  • Yuksel Inshaat JSC Branch of Georgia: 951,986,764 ლარი
  • ÖZKAR İNŞAAT SANAYİ VE TİCARET A.Ş.: 770,193,292 ლარი
  • YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ: 699,522,623 ლარი
  • SINOHYDRO BUREAU 16 & SINOHYDRO BUREAU 14: 665,020,060 ლარი
  • Longjian Road and Bridge Co., Ltd.: 640,415,648 ლარი
  • შპს კომპანია ბლექ სი გრუპი: 631,491,532 ლარი
  • Xinjiang Beixin Road & Bridge Group Co., Ltd.: 620,777,762 ლარი
  • Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd.: 611,250,025 ლარი
  • Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd.: 573,637,734 ლარი
  • China Railway Tunnel Group Co., LTD.: 519,690,240 ლარი

თუმცა, გამარჯვებულ კომპანიასთან - China Railway Tunnel Group Co-თან როგორც ჩანს საბოლოო განაცხადის დაფიქსირების შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და ფასი საბოლოოდ 499,147,373 ლარამდე შემცირდა, რაც 20-მილიონიან ფასდაკლებას წარმოადგენს.

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის შესახებ:

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.

"მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.4 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. ზაჰესის გავლით არსებული გზის განახლების შეუძლებლობის გამო, გვირაბი პირდაპირ შემოვლით გზას ქმნის აღმოსავლეთის მიმართულებით.

გვირაბი ორმაგი კამერითაა დაგეგმილი, სადაც მილებს შორის უზრუნველყოფილია კავშირი კომუნიკაციისა და უსაფრთხოებისათვის. მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე (მათ გარეშე, რაც მოიცავს ტროტუარებს) უზრუნველყოფილია 5.00 მ ვერტიკალური ჰაერის სივრცე. გვირაბში დიზაინის სიჩქარე შეზღუდულია 80 კმ/სთ-მდე (საქართველოში მოქმედი ზოგადი წესი). მაქსიმალური გრძივი დაქანება გვირაბში შეადგენს 1.1%-ს. წიწამურის პორტალის საწყისი ნიშნული ზღვის დონიდან არის 498.99 მ, ხოლო ავჭალის პორტალის – 479.10 მ. გვირაბის მაქსიმალური მიწის საფარი დაახლოებით 200 მ-ს შეადგენს.

სპეციალური ტომოგრაფიული ელექტრული კვლევა ჩატარდა გვირაბის მთელ სიგრძეზე ზედაპირიდან, რის შედეგადაც მიღებულია დეტალური და უწყვეტი ინფორმაცია მიწისქვეშა ფენების შესახებ.

პორტალები იდენტიფიცირებულია ახლომდებარე სოფლების სახელებით:

  • წიწამურის პორტალი
  • ავჭალის პორტალი

ორივე პორტალზე შესაძლებელი იქნება მოძრაობის გადართვა ერთი გვირაბიდან მეორეში ტექნიკური მომსახურების, სამუშაოების ან ავარიის შემთხვევაში,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.

წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი გზა დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთს, რომელიც მეტწილად თბილისის ყოფილი შემოვლითი რკინიგზის მარშრუტს გამოიყენებს. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 22.5 კილომეტრი იქნება და ის თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე ძვირად ღირებული მონაკვეთი იქნება.

წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

გზის მესამე ლოტი - ავჭალა-აეროპორტი

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. მისი სავარაუდო ღირებულება 932 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაშიც წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. მონაწილეების მიერ დაფიქსირებული ფასები 950 მილიონი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე მერყეობს.

აღნიშნული ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა, წინადადებების მიღება პირველ ივნისს დასრულდა, ხოლო წინადადებების განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტების საერთაშორისო ტენდერები 2026 წლის 19 ივნისს გამოაცხადა. ტენდერებში ინტერესის გამოხატვის ვადა თავდაპირველად 3 აგვისტოს იწურებოდა, თუმცა მთავრობამ ვადა 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

მე-4 ლოტი დაახლოებით 8.7-კილომეტრიან აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთს მოიცავს და თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. სამუშაოების დაწყებიდან მისი მშენებლობის ვადა 30 თვეა.

მე-5 ლოტი, ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი, 10.2 კილომეტრის სიგრძისაა და შემოვლითი გზის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს. მისი მშენებლობის ვადა 20 თვეა.

ორივე ლოტის დაფინანსება ADB-ის სესხით იგეგმება, ხოლო მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით $250 მილიონია.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის