USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 5 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი
თარიღი:  422
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი.
პირველი: მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000-ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქციურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგის“დირექტორი, შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.
თბილისის გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგს“ შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით - 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
შპს ,,ლოგის“ დირექტორმა, შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად, დაამზადა ყალბი დოკუმენტები თითქოსდა 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი 178 რეისად გატანილ იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანისა და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგს“ გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის