აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში 2026 წელს 3.8%-იან ინფლაციას ვარაუდობს. თუმცა, ბანკი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ და ნავთობზე ფასების შესაძლო მატებამ, შესაძლოა, ინფლაციური წნეხი გააძლიეროს.
"ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება", - წერია ADB-ის წლიურ ეკონომიკურ გამოცემა "აზიის განვითარების პროგნოზი 2026-ის" აპრილის ანგარიშში.
ADB მიიჩნევს, რომ რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება. ძირითად მიზეზებად მომსახურების სექტორის შენელება და საგარეო მოთხოვნის კლება სახელდება.
კერძოდ, ADB-ის მთავარი წლიური გამოცემის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება.
„გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7.5%-იანი ზრდა აჩვენა,“ — განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას.“
ADB მიიჩნევს, რომ 2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2.0%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება.