USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს და როგორ უნდა გავიგოთ პრიგოჟინის ამბოხება?“
дата:  334

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს  სტატიას სათაურით „ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს და როგორ უნდა გავიგოთ პრიგოჟინის ამბოხება?“. ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები და დასაქმებული რუს მეცნიერ-პოლიტოლოგთა და ექსპერტთა თვალსაზრისები გადატრიალების მცდელობის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ბიბისის“ მიერ გამოკითხული სპეციალისტების საერთო თვალსაზრისით, „ვაგნერის“ ანტისამთავრობო გამოსვლა ინსცენირება ნამდვილად არ ყოფილა: „ასეთი მოვლენების ინსცენირება უკიდურესად რთულია. დღევანდელ რუსეთში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები ჰყავთ, რომლებიც თითქმის რეალურ წარმოდგენას შეუქმნიდნენ მაყურებელს... და ეს იმ დროს, როცა ისინი მსგავს მოქმედებას სხვა გარემოებების დროს არ გამოავლენდნენ“.

ჰქონდა თუ არა ევგენი პრიგოჟინს მხარდაჭერა?

„ამბოხების დაწყების გადაწყვეტილება ევგენი პრიგოჟინს ერთპიროვნულად არ მიუღია, მან, როგორც ჩანს, თავდაპირველად „ვაგნერის“ ქვედანაყოფების მეთაურებთან მოილაპარაკა, - დარწმუნებულია ევგენი როშინი, პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, - პრიგოჟინმა, რომელიც ბიზნესმენია და რომელსაც წარსულში სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, შეძლო დიდი კერძო სამხედრო კომპანიის ჩამოყალიბება და ბევრი საბრძოლო გამოცდილების მქონე  პროფესიონალი სამხედრო პირები მიიზიდა. აშკარაა, რომ „ვაგნერის“ მრავალათასიან ქვედანაყოფებს ავტორიტეტიანი ოფიცრები მეთაურობენ. ის, რომ პრიგოჟინს მათზე გავლენა აქვს და ისინიც მხარს უჭერენ, ბიზნესმენისათვის დიდ მიღწევას ნიშნავს. ასე რომ, ეს მხოლოდ ევგენი პრიგოჟინის ისტორია კი არ არის, არამედ მასში „ვაგნერის“ ოფიცრების შემადგენლობაც არის ჩართული. ყურადღება მივაქციოთ: როგორც ჩანს, „ვაგნერელ“ ოფიცრებს ახლო კავშირები აქვთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ კოლეგებთან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, კერძოდ, არ მოსწონთ სერგეი შოიგუს და სხვების მოქმედება“.

ვლადიმერ გელმანის - ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორის - აზრით, ევგენი პრიგოჟინს ამბოხების დაწყებისათვის, ალბათ, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ გამოცემულმა ბრძანებამ უბიძგა, რომლის თანახმად, პირველ ივლისამდე უკრაინაში მოქმედ „ვაგნერის“ ყველა მებრძოლს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან უნდა დაედოთ. მინისტრის ბრძანებამ ევგენის პრიგოჟინის მკვეთრი უკმაყოფილობა გამოიწვია და განაცხადა, რომ არცერთი „ვაგნეროველი“ კონტრაქტს არ გააფორმებს“.

„ევგენი პრიგოჟინისათვის უკიდურესად მიუღებელი იყო ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვით, იგი თავის ავტონომიურობას დაკარგავდა, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ არსებული ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს გადაეცემოდა. ასეთ შემთხვევაში ევგენი პრიგოჟინი კარგავდა რესურსების მნიშვნელოვან რაოდენობას და თავის პოლიტიკურ გავლენას“, - ამბობს ვლადიმერ გელმანი. საბოლოო ჯამში კი, პრიგოჟინმა, ალბათ, ყველაფერი დაკარგა - „ვაგნერიც“, მატერიალური რესურსებიც და გავლენაც.

„ლაშქრობა მოსკოვისაკენ“: რატომ არ შეუშალა ხელი არავინ?

„მოსკოვისაკენ მიმართული „სამართლიანობის მარშის“ დაწყების წინ „ვაგნერელები“ თითქმის დაუბრკოლებლად შევიდნენ დონის როსტოვში და სამხედრო ობიექტები მშვიდად დაიკავეს, თვით რუსეთის არმიის სამხრეთის დაჯგუფების შტაბის ჩათვლით. შემდეგ სამხედრო-სატრანსპორტო კოლონის სახით მოსკოვისაკენ გაემართნენ, გაირეს რუსეთის რამდენიმე ოლქის ტერიტორიაზე, სადაც არავითარი სერიოზული წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

„რუსეთს რომ მართლაც ცენტრალიზებული და ორგანიზებული არმია ჰყავდეს, რომელიც იქ უნდა იყოს დისლოცირებული, სადაც წესით და კანონით უნდა იყოს და არა მეზობელი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ „ვაგნერს“ რასაკვირველია, წინააღმდეგობა ექნებოდა“, - ამბობს გრიგორი იუდინი, მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლის (ე.წ.„შანინკის“) პროფესორი.

ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები, რომლებსაც „ვაგნერისათვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, ამჟამად ფრონტი ხაზზე იმყოფებიან, ხოლო რუსეთში დარჩენილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უუნარონი აღმოჩნდნენ ხელი შეეშალათ მოსკოვის დასალაშქრად მიმავალი ჯავშანტექნიკისათვის - იყო მხოლოდ პოლიცია მსუბუქი შეიარაღებით. თეორიულად არსებობს „როსგვარდიაც“, მაგრამ მისი ფუნქცია მასობრივი უწესრიგობების წინააღმდეგ ბრძოლაა. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარებისათვის არავინ მზად არ იყო“.

როგორც მოსკოველი პოლიტოლოგი, „შანინკის“ პროფესორი ეკატერინა შულმანი ამბობს, „ვაგნერის“ ქვედანაყოფების თავისუფალი გადაადგილება მოსკოვისაკენ იმას ნიშნავს, რომ არმია არცერთ ქალაქს არ იცავს, გარნიზონები არ არსებობს. არც საზღვრები არ არის ნორმალურად დაცული, რასაც ბელგოროდის ამბებიც მოწმობს. ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთს უყურებენ. ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად არცერთი სულდგმული არ გამოსულა“.

„საფრთხე იმით კი არ გამოხატულა, რომ ვიღაცეებმა მხარი დაუჭირეს ამბოხებულებს, არამედ იმითაც, რომ არავინ არ აღმოჩნდა საჯაროდ დაეცვა არსებული სტატუს-ქვო. ადგილობრივი ხელისუფლება პასიურად მოქმედებდა - არავინ აშკარად არავის მხარეზე არ გამოსულა. გასაგებია, რომ ვლადიმერ პუტინის საგანგებო განცხადებას ცენტრში ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ადგილობრივი მერები და რეგიონების გუბერნატორები თავდაპირველად ჩუმად იყვნენ: კი, მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ, სიმშვიდე დაეცვათ, მაგრამ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამდნენ“, - ამბობს ვლადიმერ გელმანი.

[თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ რუსულ პრესაში გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, „კრემლს იმდენი რეაქტიული ავიაცია მაინც ჰყავს, რომ გზატკეცილზე გამწკრივებული „ვაგნეროველთა“ ავტომანქანები და ტანკები დაებომბა, მაგრამ პრეზიდენტმა, სისხლისღვრის ნაცვლად, სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარება აირჩია].

„რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მფრინავებს, ალბათ, ძალიანაც არ სიამოვნებთ რუსეთის ტერიტორიაზე „ვიღაც-ვიღაცეების“ დაბომბვა, მით უმეტეს, რომ იმ „ვიღაცეებს“ მათი ჩამოგდება შეუძლიათ („ვაგნერელებმა“ განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერტმფრენი გაანადგურეს). თუმცა, რასაკვირველია, ბევრ პილოტს ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ და ისინი, უბრალოდ, ბრძანებას მაინც შეასრულებდნენ“, - აღნიშნავს გრიგორი იუდინი.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?

„მომხდარი ფაქტი მოწმობს იმას, რომ რუსეთის სახელმწიფო ღრმა დაცემა-დაკნინების პროცესშია შესული“, - თვლის ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ გელმანი. მისი თქმით, კრემლი კერძო შეიარაღებულ სტრუქტურას „ვაგნერს“ წლების განმავლობაში დიდ რესურსებს აძლევდა. ეს, ალბათ, დასაშვები იყო იმ დროს, როცა „ვაგნერი“ საზღვარგარეთ მოღვაწეობდა (აფრიკაში, სირიაში...), მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე საჯარისო კერძო სტრუქტურის ასეთი მაღალი დონის ავტონომია დაუშვებელია. ამიტომაც, როცა ხელისუფლებამ ეს პრინციპი დაარღვია, „ვაგნერი“ კონტროლიდან გამოვიდა და სახელმწიფოსთან კონკურენცია დაიწყო. უფრო მეტიც, ხელისუფლებას თავის პირობებს კარნახობდა.

„ევგენი პროგოჟინის ამბოხებამ რუსული სამხედრო მანქანის ფეოდალური ხასიათი გამოამჟღავნა და აჩვენა, რომ სამხედრო სტრუქტურები რუსეთში, სხვა ქვეყნების თანამედროვე არმიებისაგან განსხვავებით, ერთ ცენტრალიზებულ სისტემას არ წარმოადგენენ, - ამბობს გრიგორი იუდინი, - რუსეთის არმია ფეოდალური არმიაა, რომელიც შუა საუკუნეების მსგავსი „დრუჟინებისაგან“ შედგება. მასში არის სხვადასხვა ელემენტები - კერძო რაზმები, რეგიონული ეთნიკური რაზმები, სხვადასხვა უწყებებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები... ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ სწორედ ასეთ „დრუჟინას“ წარმოადგენს. რუსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ ფეოდალები ერთმანეთს სწორედ ასეთი „დრუჟინებით“ ებრძოდნენ. დღევანდელ რუსეთში თავდაპირველად კონფლიქტების მოგვარება ფარულად, არასაჯაროდ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მათ უფრო აგრესიული ხასიათი შეიძინეს და საბოლოოდ ყველაზე რადიკალურ ფორმაში - ამბოხებაში გადაიზარდნენ“

ამბოხებამ დაადასტურა ის ფაქტიც, რომელიც უკვე შეიმჩნევა რუსულ საზოგადოებაში: ძალადობის მონოპოლია სახელმწიფოს თანდათან ხელიდან უსხლტება. „ძალადობის მონოპოლიის დეზინტეგრირება უკვე აშკარად ჩანდა, მაგრამ ახლა ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდა. გამოდის, რომ ძალადობის გამოვლენის უფლება არა მარტო სახელმწიფოს  აქვს (ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების - შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი და სხვა მსგავსი სტრუქტურების მეშვეობით, არამედ რომელიღაც კერძო კომპანიებს. ამ ყველაფერს კი მოსახლეობა უყურებს და ხედავს“.

ვინ მოიგო და ვინ წააგო?

„წააგო კონფლიქტის ყველა მონაწილემ“, - თვლის ვლადიმერ გელმანი: „ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გარკვეული დროით მისი კონტროლიდან გამოვიდა, ანუ იგი სახელმწიფოს სრულად ვეღარ მართავს, ხოლო ევგენი პრიგოჟინმა თავის მიზნები ვერ განახორციელა და შესაბამის ადგილზე მოსვეს“. ვლადიმერ გელმანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ - სერგეი შოიგუმ და ვალერი გერასიმოვმა თავი ვერაფერით ვერ გამოიჩინეს, რითაც საკუთარი იმიჯის ღრმა დისკრედიტაცია მოახდინეს ყველას თვალწინ“.

პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ევგენი როშინი ვარაუდობს, რომ „რუსული საზოგადოების ელიტებში განხეთქილება ხდება, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფებებიც მონაწილეობენ“. განხეთქილების „ვირუსი“ შეიძლება ძალოვან სტრუქტურებსაც გადაედოთ.

„პრეზიდენტის ხელისუფლება სუსტდება, რის შედეგადაც შეიძლება „შფოთიანი დრო“ დადგეს, რაც არაერთხელ მომხდარა რუსეთის ისტორიაში წარუმატებელი ომების შემდეგ“, - აღნიშნავს ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი, - არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოგვიწიოს საქმე გვქონდეს ძალიან სახიფათო და გაუწონასწორებელ რუსეთთან, ათი და მეტი წლის განმავლობაში. „ვლადიმერ პუტინის გრძელვადიანი მმართველობა, როგორც ბევრს ჰგონია, შეიძლება მოკლევადიანი აღმოჩნდეს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხება ამის მომასწავებელია“.

და ბოლოს - რა ელოდება სერგეი შოიგუს?

რა თქმა უნდა, ამბოხების მცდელობა არმიისა და სამხედრო სარდლობის იმიჯზე დადებით გავლენას არ მოახდენს. უნუგეშო დასკვნებს აკეთებენ პროკრემლური კომენტატორები. „ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის სახელმწიფო მართვის სისტემა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნაწილობრივ დისფუნქციონალურია“, - ამბობს ექს-დეპუტატი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, - კონტროლიდან გამოვიდა ყველაზე სახელგანთქმული და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ქვედანაყოფი. ძალოვანი სტრუქტურები უძლურები აღმოჩნდნენ. სახელმწიფო იძულებული გახდა ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკება დაეწყო“.

„ბი-ბი-სი“ გაესაუბრა ევგენი პრიგოჟინის ახლოს მდგომ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელმაც საჯაროდ სახელის გამხელა არ ისურვა. მისი აზრით, „ერთი მხრივ, გარკვეული თვალსაზრისით ამ სიტუაციიდან გამარჯვებული სწორედ სერგეი შოიგუ გამოვიდა. „ვაგნერთან“ მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სერგეი შოიგუს სახით პრეზიდენტს დაუმტკიცა, რომ თუ ვინ არის მისი ერთგული სინამდვილეში. ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ევგენი პრიგოჟინს და მას რესურსებს და თავისუფლებას აძლევდა, მაგრამ, „კერძო სამხედრო სტრუქტურის მხარდაჭერის ექსპერიმენტი“ აშკარად წარუმატებლად დასრულდა. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ პრეზიდენტი ამიერიდან მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს დაეყრდნობა.

მეორე მხრივ, სამხედრო ტელეგრამ-არხებში“ აქტიურად დაიწყეს სერგეი შოიგუს მოსალოდნელი გადადგომის განხილვა და მისი სავარაუდო ჩანაცვლება ტულის ოლქის გუბერნატორის ალექსი დიუმინის სახით, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე რეალური მონაცმებეი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, გასაგებია, რომ რუსეთის არმია და ძალოვანი სტრუქტურები საკადრო ცვლილებებს ვერ აიცდენენ.

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/articles/c6pd63p1qjpo

https://www.bbc.com/russian/articles/cn08pvl0wp5o

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати