USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
BMG: „ქირის ფასი 17%-ით, ამონაგები კი 11.2-დან 8.8%-მდე შემცირდა“ - რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე?
თარიღი:  628

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით 2024 წლის ბოლოს უძრავი ქონების სექტორმა ქვეყანაში 4,3 მლრდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 72% -ს თბილისი, 20%-ს კი ბათუმი წარმოადგენს. აჭარაში გასული წლის ბოლოს ბაზრის ზომა 900 მლნ დოლარი იყო, რაც 2023 წლის იდენტური მაჩვენებელია.

როგორც კომპანიის სექტორის უფროსმა მკვლევარმა რეზი მაისურაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ მიერ გამართულ ღონისძიება GREMO-ზე წარმოდგენილი პრეზენტაციისას აღნიშნა, გასულ წელს გაყიდვები რაოდენობრივად ბათუმში 4%-ით შემცირდა, წელს იანვარში კი კლება 1%-ია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საგულისხმოა ქირის ფასზე შემცირებული მაჩვენებლები და ამონაგები, რაც სამომავლო პერსპექტივაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაზღვრავს.

„2024 წელს ქირის ფასი შემცირდა 17%-ით, ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 11,2%-დან 8.8%-ზე ჩამოვიდა. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა დასტაბილურება ცალსახაა.

ჩვენი ანალიტიკით, ბათუმში პირველ ზოლში გასულ წელს საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1 900$-ს აღწევდა, ცენტრში 1 500$-ს, გარე უბნებში 1 200$-ს, პერიფერიებში კი 1000$-ს. დინამიკაში რომ დავინახოთ ტრანზაქციების რაოდენობა ვხედავთ, რომ წლების მიხედვით კლებით ხასიათდება, განსაკუთრებით ცენტრში და პირველ ზოლში. ამის ახსნაა ის, რომ ბათუმში ახალი დეველოპერული პროექტების მიწოდება იყო შემცირებული. გასაყიდ ფასს რაც შეეხება, ფასების დონე გაზრდილია, მხოლოდ პირველ ზოლში 2024 წელს იყო უმნიშვნელო შემცირება.

პირველ ზოლში უმეტესად იყიდება 35კვ.მზე ფართობის ბინები, დანარჩენ უბნებში კი 50-75კვ.მ-მდე ბინები. უმეტესად ბათუმში საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებას და ძირითადად ბაზრისადმი ინტერესია სხვა ეროვნების მოქალაქეების მხრიდან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბათუმის ბაზარი გაცილებით უფრო მგრძნობიარეა შიდა თუ გარე შოკების მიმართ. რა თქმა უნდა მიმდინარე მოვლენების გამო ცოტა მძიმე სიტუაციაა და სენტიმენტები გავლენას ახდენს ისეთ ძვირად ღირებულ და გრძელვადიან ინვესტიციაზე როგორიც არის უძრავი ქონება, ამიტომაც მნიშვნელოვანი იქნება ყოველთვიურად დავაკვირდეთ ყველა ინდიკატორს რომელიც არის როგორც რეგიონში, ისე თბილისში.“ - განაცხადა მაისურაძემ.

 წყარო:https://bm.ge/

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის