USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«USA Today» (აშშ): „რობერტ კენედი-უმცროსმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გამოაცხადა. მას ჯო ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან“
თარიღი:  1014

აშშ-ის გაზეთ USA Today-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობერტ კენედი-უმცროსმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გამოაცხადა. მას ჯო ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან“ (ავტორი - სიუზან ფეიჯი), რომელშიც განხილულია სავარაუდო კანდიდატის საარჩევნო პერსპექტივა და საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია მოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რობერტ კენედი-უმცროსმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად 2024 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან. გამოკითხვების მონაცემებით, რომელიც USA Today-სა და ბოსტონის საფოლკის კვლევითი უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ჩატარდა, გაირკვა, რომ რობერტ კენედის მხარს უჭერს ჯო ბაიდენის 2020 წლის მომხრეთა 14%. ეს პოპულარობის საკმაოდ საკვირველ შედეგს წარმოადგენს ცნობილი პოლიტიკური კლანის წარმომადგენლისთვის - რობერტ კენედი-უმცროსი განთქმულია როგორც შეთქმულების თეორიების აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით ბავშვთა აუტიზმისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით.

გამოკითხვის დროს, რომელიც 15-18 აპრილს ჩატარდა სტაციონარული და ფიჭური ტელეფონების მეშვეობით აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის, მხოლოდ 67%-მა განაცხადა მათგან, ვინც ჯო ბაიდენს ხმა მისცა 2020 წელს, რომ კვლავ მხარს დაუჭერენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტ კენედიმ კი ყოფილი „ბაიდენისტების“ 14%-ის ნდობა დაიმსახურა. კიდევ 5% მომხრეა მწერალ მარიან უილიამსონისა, რომელიც ავტორია პოპულარული წიგნისა ფსიქოლოგიის შესახებ. 13%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს თავის ხმას. ცდომილობა დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგები ხაზს უსვამს ჯო ბაიდენის პოტენციურ მოწყვლადობას დემოკრატიული პარტიის უფრო პოპულარულ პრეტენდენტებთან შედარებით, რომლებიც, მართალია, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან.

„2020 წელს ჯო ბაიდენმა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ის ისტორიაში, მაგრამ გამოკითხვა აჩვენებს, რომ დღეს იგივე ამომრჩეველი მზად არის მხარი დაუჭიროს დემოკრატების სხვა წარმომადგენელს. პრაიმერიზი ძალიან დაძაბული იქნება“, - განაცხადა დევიდ პალეოლოგოსმა, საფოლკის უნივერსიტეტში არსებულმა პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, - რობერტ კენედის შანსები ჯერ-ჯერობით მცირეა, მაგრამ მას საკმაოდ მოულოდნელი ორნიშნა პროცენტული მხარდაჭერა აქვს, რაც ძალზე წარმატებული დასაწყისია“.

იმავე გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ რობერტ კენედის მხარს უჭერენ ჯო ბაიდენის ყოფილი მომხრეები კონსერვატორებიდან (რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტი ძალიან ლოიალურია), ახალგაზრდებიდან და მათგან, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს.

რობერტ კენედი-უმცროსი, 69 წლის იურისტი-ეკოლოგი, არის რობერტ ფიტცჯერალდ კენედი-უფროსის შვილი, რომელიც 1968 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლოს-ანჟელესში მოკლეს და ძმისშვილი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯონ კენედისა, რომელიც 1963 წელს დალასში მოკლეს. კენედების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ აუტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა სასარგებლო კი არ არის, არამედ მავნეა. იგი თავის აზრს მტკიცედ იცავს იმის მიუხედავად, რომ ვაქცინის მავნებლობა სამეცნიერო კვლევებით არ დადასტურდა.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს რობერტ კენედი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში იმით, რომ იგი წინააღმდეგი იყო აცრებისა და თვლიდა, რომ აცრებზე იძულება პიროვნების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენდა. არცთუ იშვიათად რობერტ კენედი-უმცროსი აცრებზე იძულებას ჰოლოკოსტს ადარებდა და ეჭვი შეჰქონდა ანტიკოვიდური ვაქცინის უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, მისი შეხედულებები ხშირად ემთხვეოდა დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების პოზიციებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2017 წელს დონალდ ტრამპმა სწორედ რობერტ კენედის სთხოვა ეხელმძღვანელა საპრეზიდენტო კომისიისათვის ვაქცინების უსაფრთხოების დადგენის თაობაზე.

წყარო: https://www.usatoday.com/story/news/politics/2023/04/19/rfk-jr-campaign-poll-biden-voters/11690888002/

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის