USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
"BBC news" (დიდი ბრიტანეთი): ჯო ბაიდენი უკრაინაში: როგორ მომზადდა საიდუმლოდ პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში
თარიღი:  322

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს ახალი ამბების სამსახურმა (BBC news) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი უკრაინაში: როგორ მომზადდა საიდუმლოდ პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში“ (ავტორი - სარა სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თეთრი სახლის ჩინოვნიკები ჯო ბაიდენის „მოულოდნელ“ ჩასვლას კიევში - ქალაქში, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაშია და მუდმივად განიცდის საჰაერო დარტყმებს - აფასებენ, როგორც „უპრეცედენტო ვიზიტს თანამედროვე ისტორიაში“. ისინი იხსენებენ, რომ წინა წლებში აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტები ერაყში და ავღანეთში უზრუნველყოფილი იყო აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფებით, რომლებიც ამ ქვეყნებში იყვნენ დისლოცირებულები.

და მიუხედავად იმისა,რომ ჟურნალისტები აქტიურად განიხილავდნენ ჯო ბაიდენის შესაძლო გამგზავრებას უკრაინაში, ამერიკის პრეზიდენტის კიევში გამოჩენა ყველასთვის მაინც მოულოდნელი ამბავი გახდა - განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა მისი ყოფნის დროს დედაქალაქის ცენტრში, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად, საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენის ხმა ისმოდა. ეს ფაქტი უფრო მეტი მნიშვნელობისა იყო, ვიდრე პრეზიდენტის ის ყოველი სიტყვა, რომელსაც იგი პოლონეთში წარმოთქვამდა.

„ჯო ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯი რისკიანობით გამოირჩევა და არავის არ უნდა ჰქონდეს იმაზე ეჭვი, რომ ჯო ბაიდენი გამბედაობას ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქეით ბედინგფილდმა.

ტელეფონების გარეშე

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჯო ბაიდენი აშშ-დან პოლონეთში - ვარშავაში გაფრინდებოდა და იქ ორდღიანი ვიზიტით დაჰყოფდა. მაგრამ ვიზიტის იმ განრიგის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა, დროის გადანაწილებაში საეჭვოდ დიდი ხარვეზი იგრძნობოდა. შესაბამისად, ამ ფაქტმა ბევრს მისცა ვარაუდისსაფუძველი, რომ სწორედ ამ დროს შეიძლებოდა უკრაინაში ვიზიტი მომხდარიყო.

ჩვენ, რეპორტიორებს, რომლებიც თეთრ სახლში ყოველდღიურ ბრიფინგებს ვაშუქებთ ხოლმე, მუდმივად გვაინტერესებდა ასეთი ვიზიტის შესაძლებლობა. მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დაგეგმილი არ არის და ამ მომენტში, განრიგის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის რაიმე შეხვედრა ვარშავის ფარგლებს გარეთ გათვალისწინებული არ არისო.

კიევში ჩასვლა საბოლოოდ მხოლოდ პარასკევს გადაწყდა, თუმცა მას მრავალი თვის განმავლობაში გეგმავდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამშრომლის მონაწილეობით

კვირას ჯო ბაიდენის ვიზიტის ოფიციალურ განრიგში ჯერ კიდევ იყო დაფიქსირებული, რომ იგი ვარშავის მიმართულებით ადგილობრივი [ვაშინგტონის] დროით 19 საათზე ორშაბათს საღამოს გაფრინდებოდა, სინამდვილეში კი პრეზიდენტის თვითმფრინავი ჰაერში კვირას, ადრე დილით, 04 საათსა და 15 წუთზე აფრინდა. ბორტზე საგანგებოდ მცირერიცხოვანი დელეგაცია იყო, ყველაზე ძირითადი თანამშრომლებით, მედიკოსების ჯგუფით და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებით. პრეზიდენტთან ერთად გაფრენის ნება მხოლოდ ორ ჟურნალისტს მისცეს. მათ განუცხადეს, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ მანამ, სანამ ჯო ბაიდენი კიევში არ ჩავიდოდა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ რუსეთი საქმის კურსში ჩააყენეს. მრჩეველმა აღნიშნა, რომ ეს გაკეთდა „დეკონფლიქტაციის“ მიზნით: „მე არაფერს არ გეტყვით, თუ კონკრეტულად როგორი იყო ჩვენი შეტყობინება და რა და როგორ გვიპასუხეს [კრემლიდან], მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ“, - ხაზი გაუსვა ჯეიკ სალივანმა.

მძლავრი სიგნალი ამერიკული საზოგადოებისათვის

ჯო ბაიდენმა 10 საათი გაატარა სპეციალურ მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდიოდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრისათვის უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ადგილი ამოერჩია, მაგრამ არჩევანი წინასწარგანზრახულად კიევის სასარგებლოდ გააკეთა - უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა.

ჯო ბაიდენმა კიევში ყოფნით მოსკოვს აჩვენა, რომ თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კიევს დახმარება არ შეუწყვიტოს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ამომრჩევლებსაც ძლიერი სიგნალი გაუგზავნა.

გასულ კვირას ჯო ბაიდენის პრეს-მდივანს კარინ ჟან-პიერს კითხვა დაუსვეს საზოგადოებრივი გამოკითხვების თაობაზე, რომელთა შედეგები უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებაზე მიუთითებდნენ ამერიკელებს შორის. მან უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებისა და გამოსვლების ადრესატს უპირველესად ამერიკელი ხალხი წარმოადგენს, თუმცა განკუთვნილია მთელი მსოფლიოს ხალხებისთვისაც. ანუ ეს ნიშნავს, რომ თავისი ვიზიტით ჯო ბაიდენი თვალსაჩინო პასუხს აძლევს რესპუბლიკელთა იმ უმცირესობის წამომადგენლებს, რომლებსაც ასეთი კითხვების დასმა უყვართ - „კიდევ დიდხანს გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინისადმი დახმარებას“.

ამიტომაც, ჯო ბაიდენის მოულოდნელი კიევური ვიზიტის გამო, ბევრ ჟურნალისტს და მათ შორის მეც, პოლონეთში გაფრენა მოგვიწია იმ თვითმფრინავით, რომელსაც პრეზიდენტის თვითმფრინავი კი ერქვა, მაგრამ ცნობილი მოსახმობი სიგნალი „ბორტი ნომერი პირველი“ არ ჰქონდა, რადგან ის მხოლოდ იმ დროს გამოიყენება, როცა პრეზიდენტი ბორტზე იმყოფება.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-us-canada-64710479

მოამზადა სიმონ დოლიძემ

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის