USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
თბილისი
"BM.GE": მშენებლობის სფეროში ჩართული მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
თარიღი:  621

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ეს ცვლილება („სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილებაში) საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს მცირე სამშენებლო კომპანიების გაქრობას, სამშენებლო სექტორში ხელფასების შემცირებას და ფასების ზრდას სამშენებლო/ სარემონტო მომსახურებაზე. სამშენებლო მომსახურების გაძვირება ბუნებრივია აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზე. დეველოპერებს და კერძო მშენებლებს გაეზრდებათ ხარჯები, რაც საბოლოოდ უძრავი ქონების ღირებულების ზრდას გამოიწვევს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ცვლილებების“ შესახებ BMG DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერს ანა ლობჟანიძეს ესაუბრა.

- კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ დადგენილებაში და კონკრეტულად ვის შეეხება ეს ცვლილებები?

2025 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. ეს ცვლილება ეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც სამშენებლო მომსახურებას უწევენ საწარმოებს, ორგანიზაციებს ან სხვა მეწარმეებს. ამ ტიპის კომპანიები 1 თებერვლიდან ვალდებულნი იქნებიან მიღებული შემოსავალი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგრონ. 1%-იანი განაკვეთი შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია არამეწარმე ფიზიკური პირისთვის. მეტი სიცხადისთვის განვმარტავ, რომ სამშენებლო სამუშაო მოიცავს როგორც უშუალოდ მშენებლობას, ასევე რემონტს და მოპირკეთებას.

- რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება სამშენებლო მომსახურების ბაზარზე?

ამ ცვლილების პირდაპირი შედეგი იქნება სამშენებლო მომსახურების ფასების ზრდა. მეწარმეებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გათვალისწინება ფასის განსაზღვრისას, რაც ბუნებრივად აისახება დამკვეთზე. დღეს, ბევრი სამშენებლო კომპანია იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურებას სამშენებლო პროცესში. ეს ეხება როგორც მსხვილ სამშენებლოებს და დეველოპერებს, ასევე მცირე კომპანიებს. შესაბამისად, შეღავათის გაუქმება პირდაპირ გააძვირებს მომსახურების ფასს და შესაძლოა შეამციროს მეწარმე ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავალი.

- რა ეფექტი ექნება უძრავი ქონების ბაზარზე ამ ცვლილებას?

უპირველესად, სამშენებლო ხარჯების ზრდა გააძვირებს უძრავ ქონებას, განსაკუთრებით იმ სეგმენტში, რომელიც საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა ორიენტირებული. მცირე მეწარმეები დაკარგავენ კონკურენტულ უპირატესობას, რაც შეიძლება მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ახალი წესები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს მათ, ვისაც შეზღუდული რესურსები აქვთ. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ცვლილების გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე იყოს და გამოიწვიოს მცირე სამშენებლო კომპანიების გაქრობა, სამშენებლო სექტორში ხელფასების შემცირება და ფასების ზრდა სამშენებლო/სარემონტო მომსახურებაზე.

- რა უნდა გაკეთდესრომ ეს ცვლილებები ნაკლებად დამაზიანებელი იყოს მცირე ბიზნესისთვის?

აღნიშნული ცვლილება მიღებულია და არ ითვალისწინებს საშეღავათო პერიოდს. 2025 წლის 1 თებერვლიდან გადასახადი ოცმაგდება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სხვა ალტერნატივა არ რჩება. ამ ეტაპზე აუცილებელია სამშენებლო კომპანიების და შესაბამისი შეღავათით მოსარგებლე მცირე მეწარმე ფიზიკური პირების ინფორმირება მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით. შეღავათის გაუქმება არსებითად ცვლის როგორც სამშენებლო პროექტის ხარჯების სტრუქტურას, ასევე მცირე მეწარმეების შემოსავლის ოდენობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაქტიკულად ერთი თვეა დარჩენილი კანონის ამოქმედებამდე, აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნულ საკითხზე საგადასახადო ორგანოების პროაქტიური მუშაობა სამშენებლო კომპანიებთან და მეწარმე ფიზიკურ პირებთან. სამწუხაროდ, მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი თვალს ვერ ადევნებს საკანონმდებლო ცვლილებებს. პროაქტიური მიდგომის გარეშე, ამ პირებს შესაძლოა, დამატებითი ზიანი მიადგეთ, საგადასახადო ჯარიმის დაკისრებით არასწორი საგადასახადო ანგარიშგების წარდგენის გამო.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის