აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თურქეთში ჩავიდა, სადაც დღეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, მისი თვითმფრინავი ანტალიაში კატარიდან ჩაფრინდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
რუბიოს თურქეთში ჩასვლის თავდაპირველი მიზანი ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ის სტამბოლში გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააკვირდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოლაპარაკებები, რომელიც ასევე თურქეთშია და მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.
არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.
როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.
რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.