USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
თარიღი:  280

მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმატებით ოპერირებს და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას. იმედი გვაქვს, ასეთი ინიციატივები მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრესრელიზის თანახმად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა. შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ხაზი გაუსვა სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის საერთო ხედვას მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით.

„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურებაა. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის ურთიერთგაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, - აღნიშნა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოაცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის