USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ჰიპ ჰოპ არტისტ გიორგი ქებურიამ (KAY G) საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო
дата:  2562

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჰიპ ჰოპ არტისტ გიორგი ქებურიას, იგივე Kay G-ის საქმე "გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიამ უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. სასამართლომ დაადგინა:

  • აუცილებელია, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა დაიშვას სისხლის სამართლის საქმეზე;
  • სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არსებითად ემყარება და იმეორებს ინფორმანტის/კონფიდენტის მიერ მისთვის მიწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას, არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამართალდამცველის ამგვარი ჩვენება, თავისი შინაარსით, არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც ნაკლები სანდოობითა და უტყუარობის დაბალი ხარისხით ხასიათდება;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე იმსჯელა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთი, თავისთავად ეს ფაქტი არ უნდა გახდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის დაკანონების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგი არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დასაბუთებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში სამართალდამცველებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავდროულად, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ჩხრეკის დასაბუთებულობაზე.

"აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ წარედგინა, რაც 2017 წელს სამართალდამცავებმა ჰიპ ჰოპ პროექტ Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay G დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. რეპერების დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა და მოგვიანებით, საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება. საქმემ ნათლად გამოაჩინა, როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის "ჩადების" საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმეები, სადაც პოლიციის თვითნებობაზე და ნივთმტკიცების "ჩადებაზე" მიუთითებს ბრალდებული, იშვიათობას არ წარმოადგენს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის განცხადებაში, რომელიც ქეი ჯის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

ჰიპ ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ. თავად რეპერები ამტკიცებდნენ, რომ სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და დაკავების მიზეზი კლიპი "თსლ შავი ზედა" იყო, რომელშიც მუსიკოსებმა პოლიცია გააშარჟეს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати