მეცხრე საუკუნიდგან დაწყებული, ვიდრე საქართველო შეუერთდებოდა რუსეთს, ათონის მთაზედ დიდებულ ივერიის მონასტერში არ შეწყვეტილა ქართული წირვა-ლოცვა.
ქართველების წინამძღვრების ხელში იყო ეს ძვირფასი საუნჯე და მასთან ერთად კიდევ ბევრი ბრწყინვალე სავანე ბრწყინავდა აქაც და პალესტინაშიაც.
1852 წლიდან მოკიდებული, როცა რუს-ოსმალთა ომი დაიწყო, ქართველების მოძრაობა საზღვარგარეთ და აქაც ნელ-ნელა შემცირდა, ასე, რომ ამ ორმოც-და ათის წლის განმავლობაში, მეტადრე კი ამ ოცდა ათის წლის წინათ, ივერიის მონასტერში სულ ხუთიოდე ქართველი ბერიღა ირიცხებოდა მონასტრის ძმათა შორის, ისინიც მონასტრის ზღუდეს გარეთ, წმინდა ილია წინასწარმეტყველის საგანდეგილო უდაბნოში, თავიანთ ნებითვე დაყუდებულნი.
ესენი იყვნენ: ჩვენის სასიქადულო აწ გარდაცვალებულის იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის ძმა ბესარიონი, მოძღვარი ქრისტეფორე ახვლედიანი, სამი კიდევ სხვა და ერთიც რატიანი. ამ პატარა დასაყუდებელ სავანეში ახლა ერთიღა დარჩა. ამ საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ ბარკალაიამ, აწ მღვდელ-მონაზონმა ბენედიქტემ, მოიყვანა ათონის მთაზედ რამდენიმე სამონაზვნოდ მომზადებული ქართველი და მიჰმართა ივერიის მონასტერს, ხოლო ამ უკანასკნელმა ისინი შიგ მონასტერში აღარ შეიწყნარა, მონასტრის გარეთ მისცეს მათ ადგილი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე სენაკი, სადაც ძველ ქართველებს საღვთისმეტყველო აკადემია ჰქონიათ.
მისცა ეს ადგილი ისე, როგორც მონასტრის ძმებს და თან ნება დართო აეშენებინათ საჭირო შენობები და ახალი ეკლესია. ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება ნეტარ ხსენებულმა გაბრიელ ეპისკოპოსმა და მაშინდელმა ქართველთა საზოგადოებამ. მიეცა ქართველ ძმობას კონდაკი საქართველოში შესაწირავის მოკრეფისათვის და კაიძალი ფული მოიკრიფა. დაიწყეს სავანის შენება, ჯერ-ჯერობით ორმოცდაათი სულისთვის ააშენეს სახლი და ზედ მიადგეს ეკლესია. როცა ეკლესია სრულდებოდა და ყოველივე მასალა მზად იყო, გუმბათიც დადგეს და ის ის იყო უნდა დაეხურათ, რომ მოცვივდნენ ბერძნის ბერები ივერიის მონასტრითგან და ეკლესიის გუმბათი ჩამოანგრიეს.
ამ ნაირად ქართველთა მონაგარი შეწირულების თითქმის ერთი მესამედი ასე შეუპოვრად და უღვთოდ განადგურდა. ამ ხნიდან მოკიდებული აგერ ოცდაათი წელიწადი სრულდება, ქართველთა ძმობისა და ივერიის მონასტრის ბერძენთა შორის დავა არ შეწყვეტილა. ჭეშმარიტად ძნელი ჩამოსათვლელია, რა წვალება და რა სივიწროვე, რა ნაკლულევანება გამოიარეს. თუმცა რუსეთის მთავრობამ სამუდამოდ შეიწყნარა ქართველთა სავანე 42 ბერით და ივერიის მონასტრის ოცი ათასი თუმნის რუსეთიდგან შემოსავალისაგან სამასი თუმანიც განუწესა, როგორც დახმარება დავის გადაწყვეტამდის;
ოსმალეთის მთავრობისაგანაც ბევრჯერ მოუვიდა ბრძანება აქაურ მმართველობას „არ შეეხოთ ქართველ ძმობას“-ო, მაგრამ ყოველივე ცდა დროებითი აღმოჩნდა. ივერიის მონასტერის ბერები მაინც არ აძლევდნენ მოსვენებას ქართველ ბერებს. ბევრჯერ მოუხტნენ იარაღით ხელში და მოუნდომეს გარეკვა სავანიდან, მაგრამ ქართველები, რამდენადაც მათ ეს შეეფერებოდათ, როგორც ბერებს, წინ აღუდგნენ. ამრიგად დიდის წვალებითა და ტანჯვით დღემდის გაუძლეს ამ წვალებას. აგერ ოცი წელიწადია, რაც ძალას დაადგნენ ივერიის ბერძნის ბერები და ნებას არ აძლევენ ქართველ ძმობას იხმარონ შეშა და წყალი და ააშენოს ანუ შეაკეთოს დაზიანებული შენობები. ამათს საცოდაობას მთელი ათონი ჰღაღადებს და ვგონებ არა ერთსა და ორს პატივცემულს ქართველებსაც უხილავს თავიანთის თვალით., მხოლოდ ამათ საქომაგოდ ხმის ამომღები კი არსად არავინ არ არის. ეს არც საკვირველია, რადგან ქართველები ძველადვე ფატალისტები იყვნენ და ახლაც ვგონებ ასეა. „რაც ღმერთსა და ბუნებას უნდა, ის იქნებაო“. „ვინც არა სტირის, იმას არა უჭირს რაო“, ნათქვამია და მათ საქმეც ასე ჰგონიათ.
მე კი დამტკიცებით ვიტყვი და ვარწმუნებ ყველას, რომ ამ საცოდავებს ნამეტანის ტირილისაგან ცრემლებიც -კი შეაშრათ, მაგრამ ხსნა მაინც არ არის.
ამ რამდენისამე დღის წინათ ქართველმა ძმობამ გადაწყვიტა ერთი პატარა ქოხი აეშენებინა სავანის ხორაგეულებისა და შეშის დასაწყობად. დაუწყეს შენება, მაგრამ ჯერ სვეტებიც კი არ დაესოთ, ამოვიდა ივერიის მონასტრიდგან სწორედ წირვის დროს ოთხი კაცი ოთხის ათონის მთის ჯარის კაცით და სრულიად შეუპოვრად გამოუძახეს წინამძღვრის მოადგილეს მამა იონას და წყრომით უთხრეს, რატომ არ შეგვატყობინე თუ რამეს აშენებდითო. როცა ათონის მთაზედ მოვედი, იმ დროს აი ეს წარბები რომ მაქვს, -თითი წარბებზედ მიიდვა- ამდენი ულვაშები ძლივს მქონდა წმინდა მამანო, - მიუგო მამა იონამ, - მხოლოდ თქვენგნით ვერავითარი შეწყნარება და კაცური თანაგრძნობა ვერ ვნახე. აგერ, ხომ ხედავთ, დავბერდი და სრულიად გავთეთრდი; რა არის, რას გვერჩით, რას გვიშავებთ, რატომ არ შეხედავთ ღმერთს ან რატომ არ გაიხსენებთ თქვენი მონასტრის დამაარსებელ წმინდა მამებს, რად არ გვაძლევთ საშველს; რა დაგემართათ, რომ წირვა მიატოვეთ და ასე უბრალო, სრულიად უმნიშვნელო საქმისთვის აქ ამოგვეჭერით და ასე გვიჯავრდებითო?
ჩვენც კაცები ვართ და ღვთის გაჩენილებიო; ჩვენც ცხოვრება გვინდა და რას გვერჩითო. ეს სიტყვები ქართულად იყო წარმოთქმული, ხოლო ერთს, საქართველოში ნამყოფ ბერძნის ბერს, კახური ღვინით და კახელების პურ-მარილით გამაძღარს, ესმოდა რომელმაც გადასცა ეს სიტყვები უკლებლად სხვა მის ამხანაგებს. ამასთან მამა იონამ ბევრჯელ სთხოვა მათ ასულიყვნენ სასტუმროში და ყავა მიერთმიათ ათონის საზოგადო წესისამებრ, მაგრამ ისინი გაანჩხლდნენ და უბრძანეს თავიანთ ჯარის-ჯაცებს დაენგრიათ შენობის სვეტები და აქეთ-იქით გადაეყარათო.
ეხლა კი გაწყდა ამ ნახევარის საუკუნის განმავლობაში მოთმინებით აღსავსე ქართველების აჯა და პიარ-დაპირი წინააღმდეგობა გამოუცხადეს; არ მისცეს ნება დაენგრიათ და მშვიდობით წაბრძანება ურჩიეს. მოგეცათ ღვთის წყალობა, რომ ისინი ძალიან მოლბნენ და ძალიან ჩქარაც გაუდგნენ გზას. მეორე დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ივერიის მონასტრის ბერებმა მიჰმართეს უფრო უმძლავრეს საშუალებას - აქაურ პროტს, მთელი ათონის სამმართველო კრებას, ჩამოაგზავნეს რამდენიმე შეიარაღებული კაცი, რამდენიმე ბერი და დაანგრიეს შენობა. ქართველების ძმობამ კი მთავრობას მიჰმართა თან დეპეშები დაუგზავნა რუსეთის ელჩსა და წინამძღვარს მამა ბენედიქტეს.
ბერძნებმა კი სასწრაფოდ სხდომა მოახდინეს ათონის საყოველთაო საკრებულოში და გადაწყვიტეს: არ მისცენ ქართველებს არაფრის აშენების ნება და იხმარონ ყოველი ღონისძიება, ძალით ან ნებით გარეკონ ისინი ათონის მთითგან. ასეთ მდგომარეობაში არის დღეს საქმე და საერთოდაც გადაწყვიტეს ქართველებმა გაუძალდნენ მონასტერს და არ მოშორდნენ ამ მათის შრომით აღგებულს სავანეს.
თან სთხოვენ ქართველთ საზოგადოებას შეეწიონ და აღმოუჩინონ რამე დახმარება. გევედრებით ძმებო, ნუ დასტოვებთ თქვენს სისხლსა და ხორცს ქართველებს, თქვენთვის მლოცველებს, ამ საშინელ მდგომარეობაში. იქ გვიშუამდგომლეთ, სადაც ჯერ არს; შეგვეწიეთ ღვთის გულისათვის, უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. ასეთის გლოვა-ტირილითა და ღაღადით მოგმართავთ დღეს, ქართველნო, 40 სულიერი მოხუცი მამა, რომლებსაც მეტის მეტი გაჭირვებისგან მოთმინება გასწყვეტიათ და მზად არიან უსამართლობას შეებრძოლონ.
/ ქართველთა შორის მართლმადიდებელ ქრისტიანობის საზოგადოების საყურადღებოდ. ივერია. 1899 წ. №220. გვ. 2-3/.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ბერძენთა მხრიდან ქართველი სამღვდელოების შევიწროებას რუსეთის ხელისუფლება ხელს არ უშლიდა. როგორც წერილიდან ჩანს ბერძნულ ეკლესიას აფინანსებდა კიდეც.
რუსეთს, რომელსაც საბერძნეთი თავის მოკავშირედ სჭირდებოდა თურქეთის წინააღმდეგ, ქართული ეკლესია მონასტრების ხელში ჩასაგდებად ბერძნებისთვის ჩუმი თანხმობა ჰქონდა მიცემული.
ამ თანხმობამ დაგვაკარგინა ყველა ის ეკლესია მონასტერი რაც ქართველობას ჰქონდა იერუსალიმში, წმინდა მიწასა თუ საბერძნეთში.