USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
გელა დონაძე – აფრიკაზე შეყვარებული ქართველი ექიმი
дата:  1066

ჩვენი რუბრიკის გმირის, საქართველოში ენდოსკოპიის ერთ-ერთი ფუძემდებლის მოუსვენარ, მოვლენებით მდიდარ ცხოვრებას, ვფიქრობთ, ინტერესით გაეცნობა მკითხველი. მის შესახებ მოგონებები ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და მეგობრებმა გაგვიზიარეს. ინფორმაციის მოწოდებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დავით და კონსტანტინე დონაძეებს, ასევე – ბატონ ხუტა პაჭკორიას და ბატონ როსტომ ცხვედიანს.

ადრეული წლები

გელა დონაძე 1945 წლის 9 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში დაიბადა გენადი დონაძის, რაჭა-ლეჩხუმის მილიციის უფროსის ოჯახში.

– მოწაფეობისას მამა მძლეოსნობით ყოფილა გატაცებული, – გვიყვება გელა დონაძის უფროსი ვაჟი, დავითი, – რაიონისა და რესპუბლიკის მასშტაბით არაერთ შეჯიბრებაში გაუმარჯვია.

წარმატებული სპორტსმენი, როგორც ჩანს, არც სწავლაში ჩამორჩებოდა – 1963 წელს ამბროლაურის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაუმთავრებია. მომავალ საქმიანობაზე დიდხანს არ უფიქრია – იმხანად ექიმობა ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო. მით უმეტეს, ექიმების გარემოცვაში იზრდებოდა – დედა, ლუბა ქევანიშვილი, ამბროლაურის პირველი სკოლის სტომატოლოგი გახლდათ. დედის ძმა, პროფესორი შამშე ქევანიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, გელას ძმამ მერაბმაც მონათესავე სფერო აირჩია – ფარმაცევტი გახდა და წლების განმავლობაში თბილისის პირველი აფთიაქის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

1963 წელს გელა დონაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი კურსელები იყვნენ ომარ გიორგაძე, შემდგომში – ცნობილი კარდიოქირურგი, ზურაბ გვასალია – ზოგადი ქირურგი, ელდარ კობახიძე, გენო იოსავა და სკოლის მეგობარი, მომავალი ოტორინოლარინგოლოგი შოთა ჯაფარიძე.

ახალგაზრდობიდანვე უყვარდა გამოწვევები. სამედიცინო ინსტიტუტის დასრულებისთანავე, მისივე თხოვნით, ისე, რომ რუსული ერთი სიტყვაც არ იცოდა, უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკში გაანაწილეს. რკინიგზის საავადმყოფოში ექიმ თერაპევტად ორწლიანი მუშაობის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც პოლკის სამედიცინო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

სამშობლოში დაბრუნება

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ გელა დონაძემ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმ ენდოსკოპისტად დაიწყო მუშაობა. მისი მასწავლებელი იყო აკადემიკოსი ბაადურ რაჭველიშვილი, რომელმაც აკადემიკოს ეგნატე ფიფიასა და პროფესორ კანიშევთან ერთად საქართველოში პირველმა ჩაატარა ენდოსკოპიური გამოკვლევა.

– ეს პროცედურა იმ დროს შიდლერის მეტალის ხისტი აპარატით ტარდებოდა და როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვისაც საკმაოდ რთული გახლდათ, – იხსენებს ხუტა პაჭკორია, – 1973 წელს ენდოსკოპიაში ახალი ერა დაიწყო და არადრეკადი აპარატი ელასტიკურმა შეცვალა. განყოფილებაში იაპონური ფიბროგასტროენდოსკოპები მიიღეს. მახსოვს, ბატონი გელა ამბობდა, პირველ პაციენტს ვეხვეწებოდით, ფიბროენდოსკოპი გადაეყლაპა, რამდენიმე თვეში კი გამოკვლევის მსურველთა რიგი დადგაო.

1976 წელს გელა დონაძე ენდოსკოპიური განყოფილების გამგედ დაინიშნა. იმ დროს დონაძის განყოფილება იყო საქართველოს ენდოსკოპიური სამსახურის ორგანიზაციულ-მეთოდური ცენტრი. პირველად სწორედ იქ დაინერგა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენის ელექტროკოაგულაციით მკურნალობის მეთოდი, რომელმაც საოცარი შედეგი გამოიღო – მისი წყალობით უამრავი პაციენტი გადაურჩა სასწრაფო ოპერაციას. ამავე განყოფილებაში შეიქმნა სანავიას სამორიგეო სამსახური და ექიმებს ხშირად უწევდათ სასწრაფო გამოძახებაზე ვერტმფრენით გადაფრენა.

ბატონი გელა ენდოსკოპიურ კვლევებს ისე ოსტატურად ატარებდა, კლინიკაში მუშაობის ხუთი ათეული წლის განმავლობაში გართულების ერთი შემთხვევაც არ ჰქონია. მის განყოფილებაში ყველა სახის ენდოსკოპიური პროცედურა ტარდებოდა: დიაგნოსტიკური და სამკურნალო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კვლევა), სამკურნალო დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია (ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოღება), რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია (სანაღვლე გზების დიაგნოსტიკა), კოლონოსკოპია (წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა).

საქართველოში სწორედ გელა დონაძე ითვლება ელასტიკური ენდოსკოპიის ფუძემდებლად. თბილისის მრავალ წამყვან კლინიკაში და ქვეყნის სხვა რეგიონებში წარმატებით საქმიანობენ მისი აღზრდილი ექიმი ენდოსკოპისტები. მათ რიცხვშია თეიმურაზ სამადაშვილიც – გელა დონაძის პროფესიული მემკვიდრე, რომელიც დღეს დონაძის შექმნილ განყოფილებაში მუშაობს.

გელა დონაძე მონაწილეობდა საკავშირო დამწვრობის ცენტრის, თბილისის თერაპიის, ქირურგიის, ონკოლოგიის, ჰიგიენის, სისხლის გადასხმის, კანისა და ვენერულ სნეულებათა, ფიზიკისა და სამედიცინო ინსტიტუტების კათედრების საქმიანობაში. ავტორია 38 სამედიცინო ნაშრომისა და ორი გამოგონებისა, რომელთაგან ერთს მსოფლიო მნიშვნელობა აქვს ბირთვულ მედიცინაში.

ყველაფერი XX საუკუნის 60-იანი წლებში დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრამ, რომელსაც იმხანად პროფესორი კონსტანტინე ვირსალაძე ხელმძღვანელობდა, და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტმა, რომლის დირექტორიც იმხანად აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი გახლდათ, ერთობლივად შეიმუშავეს ქსოვილში მიკროელემენტების განსაზღვრის ნეიტრონული აქტივაციის მეთოდი. კუჭის ლორწოვანში ამ მეთოდით მიკროელემენტების განსაზღვრას მრავალი ნაშრომი მიეძღვნა. ის მოხსენიებულ იქნა 1964 წელს ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებისადმი მიძღვნილ ჟენევის კონფერენციაზე. მის შესახებ ფუნდამენტური მოხსენება გაკეთდა 1970 წელს კოპენჰაგენის კონფერენციაზე. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე კვლევის შედარებით გაუმჯობესებული მეთოდი შემუშავდა. ინსტრუმენტული აქტივაციის საშუალებით კუჭის ლორწოვანში მიკროელემენტების შესწავლა ნახევარგამტარ გამა-სპექტრომეტრზე ხდებოდა, რამაც გარღვევა მოახდინა ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ამავე პერიოდში აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური განყოფილებისა და ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე ამ საკითხის ირგვლივ ინტენსიური მუშაობა დაიწყო. ხანგრძლივი კვლევის შედეგად ექიმებს კუჭის ლორწოვანის ავთვისებიანი გადაგვარების ზუსტი დიაგნოსტიკის და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი ადრეულ ფაზაში გამოვლენის საშუალება მიეცათ. კვლევის შედეგების შესახებ რამდენიმე პუბლიკაცია მომზადდა, სსრკ აღმოჩენებისა და გამოგონებების სახელმწიფო კომიტეტის მიერ გაცემულ იქნა საავტორო მოწმობა და პატენტი ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიგური მოსულიშვილის, ნოდარ შონიას, კონსტანტინე ვირსალაძის, ბაადურ რაჭველიშვილისა და გელა დონაძის სახელზე.

აფრიკული თავგადასავალი

1975 წელს გელა დონაძე დაქორწინდა. მისი მეუღლე, ქეთევან გოგიტაშვილი, ბიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი  იყო. ცოლ-ქმარს ორი ვაჟი შეეძინა: დავითი, შემდგომში – მხატვარი მონუმენტალისტი, და კონსტანტინე, ეკონომისტი. შვილების დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გელა დონაძე, როგორც წამყვანი სპეციალისტი, მივლინებულ იქნა ეთიოპიაში, სადაც მეუღლესთან ერთად ორი დაუვიწყარი წელი გაატარა.

– მამა იმ წლებს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით იხსენებდა, – მოგვითხრობს დავით დონაძე, – აფრიკა ისე შეუყვარდა, იქიდან ჩამოსული ხშირად ფიქრობდა უკან დაბრუნებაზე. ეთიოპიაში გეოლოგებისა და კარტოგრაფების ექიმად იყო მივლინებული და მათთან ერთად ვერტმფრენით უამრავ ექსპედიციაშია ნამყოფი. თევზაობა და ნადირობა იტაცებდა. ისეთ ადგილებში უნადირია, მანამდე თეთრკანიანს ფეხიც რომ არ დაედგა. თუმცა ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ის უდიდესი პრაქტიკული გამოცდილებაა, რაც ახალგაზრდა ექიმმა აფრიკაში მუშაობისას მიიღო. იქაური მოსახლეობისთვის მამა იყო ენდოსკოპისტიც, თერაპევტიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად სტომატოლოგიც კი.

– ბატონ გელას თერაპიაში I კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, – ჰყვება ბატონი ხუტა, – მოგეხსენებათ, მალარია ძველთაგანვე ფართოდ იყო გავცელებული საქართველოში – კოლხეთის დაბლობსა და ალაზნის ველზე. 1924 წელს დაარსებული პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსურმა ღონისძიებებმა დაავადება აღმოფხვრა, თუმცა შემოტანილი შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად აღირიცხებოდა. მალარიაზე ეჭვის დროს ჩვენი კლინიკის ექიმები დახმარებისთვის სწორედ ბატონ გელას მიმართავდნენ, რომელიც აფრიკაში მუშაობის წლებში არაერთხელ შეჯახებია ამ დაავადებას და დიაგნოსტიკის ყველა კრიტერიუმს ფლობდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს გელა დონაძის სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც იმ დროისთვის აქტუალურ პრობლემას – დამწვრობის ფონზე კუჭ-ნაწლავის ზედა სართულის პათოლოგიათა გამომწვევი მიზეზების დადგენას და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდების შემუშავებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დამწვრობის შედეგად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის განვითარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღმოაჩინეს, მისი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის საკითხები, ლორწოვანის დაზიანების ხარისხი, ხასიათი და სიხშირე სრულყოფილად არ იყო შესწავლილი. გელა დონაძის კვლევის წყალობით დადგინდა დამწვრობითი დაავადების ფონზე საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა სართულის ლორწოვან გარსში განვითარებული დაზიანებების სიხშირე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების დამოკიდებულება დამწვრობითი დაავადების სიმძიმესა და პერიოდზე. მის მიერ შემუშავებული მკურნალობის მეთოდები დაინერგა თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრსა და ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

– დედა 1995 წელს გარდაიცვალა. 2002 წელს მამამ მეორედ იქორწინა ექიმ ფიზიოთერაპევტ მარინა წიკლაურზე, რომლის თანადგომამ ურთულეს ოპერაციებთან გამკლავება და მძიმე პერიოდის გადალახვა შეაძლებინა.

მოწოდებით ექიმი გახლდათ. ადამიანებს გულით ეხმარებოდა და არა გონებით. ურთიერთობებში იყო ძალიან უშუალო. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ასაკს, რანგს, დამსახურებას. სხვებზე უანგარო ზრუნვისთვის იყო გაჩენილი. მის მიერ უარით გასტუმრებული პაციენტი არასდროს გვინახავს, განურჩევლად იმისა, ეხებოდა ჩივილები მის პროფილს თუ არა. მოუსმენდა,  დააკვალიანებდა და შესაბამის სპეციალისტთან გააგზავნიდა. მახსოვს, ერთხელ თავად იყო ცუდად, ხერხემალი გაუსაძლისად სტკიოდა, საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა, საჭესთან დაჯდომაზე საუბარიც ზედმეტია, რის გამოც რაჭიდან თბილისში ვერ ვბრუნდებოდით. გვიან ღამით პაციენტის პატრონმა მოაკითხა, სრულიად უცნობმა ადამიანმა. ვითარება ალბათ მძიმე იყო, რადგან მამა ადგა და... საკუთარი მანქანით გაჰყვა. იმხანად ბენზინი ჭირდა და პაციენტის ოჯახს უკან წამოსაყვანი საწვავიც კი არ დაახარჯვინა.

იყო შემთხვევა, როცა თითქმის ყოველდღე დადიოდა თბილისიდან რუსთავში, რომ მეგობარი, რომელსაც საყლაპავის დამწვრობა ჰქონდა, ზონდით გამოეკვება.

მხოლოდ მძიმე 90-იანებში გადააბიჯა თავის თავს და პაციენტისგან გასამრჯელო აიღო. მანამდე ოჯახს ხელფასით, 120 მანეთით ინახავდა. როგორც ახლობლები ამბობენ, უზომო პატიოსნება და კანონმორჩილება მამისგან მემკვიდრეობით ერგო.

– ძალიან უყვარდა მშობლიური რაჭა, – იხსენებს გელა დონაძის მეგობარი და კოლეგა, თსსუ ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი როსტომ ცხვედიანი, –  ყველა შვებულებას იქ ატარებდა თავის განუყრელ ენდოსკოპთან ერთად. განსაკუთრებულად ეძვირფასებოდა იქაური ხალხი და მათზე ზრუნვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. ამბროლაურში მე და გელა ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ის ჩემზე რამდენიმე წლით იყო უფროსი. ხშირად გვიწევდა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის რაიონულ ტურებში მონაწილეობა. ამის შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტშიც ვხვდებოდით ერთმანეთს, ბოლოს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავახლოვდით. იშვიათი იუმორის პატრონი იყო, დიდთან – დიდი, პატარასთან – პატარა. მახსოვს, ერთხელ შუახნის ქალბატონს მსხვილი ნაწლავის კვლევა ჩაუტარა. ბოლოს პაციენტმა თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა, ასეთ მომხიბვლელ ახალგაზრდას ისეთი რა გაგიჭირდა, რომ ამ საქმეს მოჰკიდე ხელიო. გელამ გადაიხარხარა და კარგი განწყობის შექმნისთვის ქალბატონს იქით გადაუხადა მადლობა.

გელა დონაძე ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემსახურა მედიცინას. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოსკოპიის სექციის მთავარ სპეციალისტად. გარდაიცვალა რაჭაში, 2022 წლის 14 ივლის, 77 წლისა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

მარი მარღანია

მიყევით ბმულს aversi.ge

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати