USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
BMG: გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 24-30 მარტი
თარიღი:  203

გთავაზობთ გასული კვირის - 24-30 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუარესა

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ინსტიტუციური და მმართველობითი სტაბილურობა საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება 2024 წლის მაისში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება, მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას.

ასევე, Moody's-ი მიუთითებს, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის დროებითი შეჩერება და ცენტრალური ბანკის მმართველობის ცვლილებები აჩენს კითხვებს ეროვნული ბანკის მმართველობითი პოლიტიკის შესახებ, ეს კი Moody’s-ის შეფასებით, ასუსტებს საქართველოს ინსტიტუციურ და მმართველობით სტრუქტურებს.

ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებისგან დაშორებამ, შესაძლოა, სებ-ის დამოუკიდებლობაზე გავლენა მოახდინოს - S&P Global

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის თანახმად, 2025 წლისთვის საქართველოს საბანკო სექტორი კვლავაც სტაბილური და კონკურენტუნარიანია რეგიონში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საბანკო რეგულირების მხრივ რეგიონში საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა გამოთქმულია შეშფოთება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიისგან დაშორება, შესაძლოა, სებ-ის დამოუკიდებლობაზეც აისახოს.

"ჩვენ კვლავაც მივიჩნევთ, რომ საქართველოში საბანკო რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში ყველაზე განვითარებულია, თუმცა დემოკრატიული პრინციპებისგან დაშორებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბანკო სექტორის რეგულირებაზე და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე", - წერს S&P Global-ი.

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატი წლიურად გაუარესდა - BAG ინდექსი

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატი წლიურად გაუარესდა - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ BAG ინდექსშია ნათქვამი.

„2025 წლის I კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 31.9 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 13.9, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 51.5 ქულაა. 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 3.3 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 14.7 ქულით გაუარესდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 9.6 ქულით გაუმჯობესდა. 2025 წლის I კვარტალის სამივე შედეგი გაუარესებულია 2024 წლის I კვარტალთან შედარებითაც. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა 11.6 ქულით, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 13.5 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 9.4-ით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

თბილისში - დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის ფასების გამოკვლევა გამოცხადდა

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. ის გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. ფასების გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

თებერვალში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 108.11 მილიონი ლარით (0.17%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.63%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 62.58 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.43% შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.56 მლნ ლარით (0.78%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 383.66 მლნ ლარით (1.40%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.44%-ით).

თებერვალში ქართული ბანკებში არსებული სადეპოზიტო პორტფელი შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 57.98 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 978.11 მილიონი ლარით, 1.66%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით ნაკლები). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.78% შეადგინა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 429.98 მილიონი ლარით, ანუ 1.57%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.63%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 548.13 მილიონი ლარით, ანუ 1.74%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.67%-ით).

თებერვალში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 18.5%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის თებერვალში ქართულმა ბანკებმა სულ 3,499 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 328 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.5%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 2%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბანკები საშუალოდ უფრო ნაკლებ იპოთეკებს გასცემენ ვიდრე გასულ წელს, თუმცა საშუალო იპოთეკური სესხის ზომა კი გაიზარდა.

ქართულმა ბანკებმა იანვარ-თებერვალში 462 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, ზრდა 0.3%-ია

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ორი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 462 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით, ანუ 0.3%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-თებერვალში 14 მოგებაზე იყო, 5-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.

სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ საქართველოს ბანკი იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში 256 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.1 მილიონით, ანუ 8%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 172 მილიონი ლარით, რაც წლიურად 2.6 მილიონით, ანუ 1.6%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 18.4 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 12.5%-ით არის გაზრდილი.

სებ-ი Visa-სა და Mastercard-ის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც გარკვეულ მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს ქვეყანაში Visa და Mastercard-ის შეზღუდვა იგეგმება. სებ-ი მიუთითებს არასწორ ინტერპრეტაციებზე, რაც მყისიერი გადახდების სისტემისა და ღია ბანკინგის განვითარების მიმართულებით ხუთშაბათს სებ-ის ვიცეპრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ მყისიერი გადახდის სისტემებს აქვთ პოტენციალი განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს შესთავაზონ მომსახურების საფასურის მიღების ეფექტური გზა და აღნიშნულის განვითარებისთვის სებ-ი ფინქტექებთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდროდ პარტნიორობს.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი.

"ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წყარო:bm.ge

თბილისი
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.