USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
BMG: გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 18-24 აგვისტო
თარიღი:  458

გთავაზობთ გასული კვირის (18-24 აგვისტოს) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა

2025 წლის II კვარტალში საქართველოში თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლებშია აღნიშნული. ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის ზრდა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა. 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

2025 წლის 7 თვეში საქართველოს ექსპორტი 3.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ქვეყნების სტატისტიკა

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით 14 მლრდ 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 7 თვეში ექსპორტი 3 მილიარდ 845 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 დოლარი, ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 10.8%-ია.

2025 წლის იანვარ-ივლისში TOP-10 საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% დაიკავა. ისევე როგორ წინა პერიოდებში, ექსპორტის დიდი ნაწილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის და აქედან გამომდინარე საექსპორტო გეოგრაფიაში ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი ლიდერობენ. ამასთან, წელს 7 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ანუ მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი პარტნიორები არიან. TOP-10 ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ყირგიზეთი - $815.5 მლნ, ზრდა - 38.8%;
  2. ყაზახეთი - $494.7 მლნ, ზრდა - 10.8%;
  3. რუსეთი - $411.9 მლნ, ზრდა - 1.4%;
  4. აზერბაიჯანი - $400.2 მლნ, კლება - 0.1%;
  5. სომხეთი - $290 მლნ, კლება - 16.1%;
  6. თურქეთი - $196 მლნ, კლება - 31.6%;
  7. ჩინეთი - $185 მლნ, ზრდა - 5.3%;
  8. ბულგარეთი - $108 მლნ, ზრდა - 166.6%;
  9. უზბეკეთი - $103.9 მლნ, ზრდა - 56.5%;
  10. შვეიცარია - $66.1 მლნ, ზრდა - 7.8%.

საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რიცხვი შემცირდა

საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 7 თვეში ქვეყნის გზებით 277 058 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ კი 96.970 მლნ ლარი შეადგინა.

წლიურად, ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის გადასახადი 5.8 მილიონი ლარით ანუ 6%-ით არის შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს გზებით თითქმის 17 000-ით ნაკლებმა ტრაილერმა გაიარა.

2025 წლის 7 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

2025 წლის 7 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 75 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 7 თვეში 922 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 686 მილიონი ლარით, რაც წლიურად 0.4%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 74 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 41 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს".

მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველ ნახევარში 71 მილიონი ლარის მოგება მიიღო

მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველი ნახევარი 70.6 მილიონის წმინდა მოგებით დახურა. წლიურად წმინდა მოგება 3.7 მილიონით, ანუ 5.5%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი წელს 2-მა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა და მიკრობანკების ლიცენზიით გააგრძელა ოპერირება, მისოებმა მომგებიანობის ზრდა შეძლეს, თუმცა ემბისის და კრისტალის მისო-ების სექტორიდან გასვლის გამომ დაახლოებით 212 მლნ ლარით 1.68 მილიარდ ლარამდე შემცირდა მისოების საკრედიტო პორტფელი. სულ მიკროსაფინანსო სექტორს 813 117 სესხი აქვს გაცემული.

საკრედიტო პორტფელში სალომბარდე კრედიტები ლიდერობს 1.3 მილიარდი ლარით, მეორე ადგილზე კი 252 მილიონი ლარით სამომხმარებლო სესხებია.

მობილურმა ოპერატორებმა 2025 წლის 6 თვეში 438 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

2025 წლის 6 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 438 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 26 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,756,274-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 172,000 აბონენტის მატებას ნიშნავს.

2025 წლის იანვარ-ივნისში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მაგთი - 206,534,442 ლარი, 2,361,432 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-ივნისში 5.4%;
  • სილქნეტი - 154,195,437 ლარი, 2,041,811 აბონენტი, ბაზრის 35.5%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 6.2%;
  • სელფი მობაილი - 76,936,360 ლარი, 1,334,723 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 8.9%.

2025 წლის 6 თვეში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა

კომპანიის მმართველობითი ანგარიში ცხადყოფს, რომ 6 თვეში რკინიგზით 6.3 მილიონამდე ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა. წლიურ ჭრილში 9%-ით, 3.2 მლნ ტონამდე შემცირდა ტვირთის მოცულობა წლის მეორე კვარტალშიც.

წელს, იანვარ-ივნისში ტრანზიტული ტრანსპორტირების წილი გადაზიდული მთლიანი მოცულობის 59% შეადგენდა. კერძოდ, “საქართველოს რკინიგზა” წელს 3.7 მლნ ტონა ტრანზიტულ ტვირთს მოემსახურა, კლება კი 10.6%-ი იყო.

სარკინიგზო კომპანია მიუთითებს, რომ ტრანზიტულ ტვირთებში გადაზიდვის 11%-იანი შემცირება, ძირითადად, ყაზახეთიდან გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. კლება 478.3 ათასი ტონა იყო.

წყარო: https://bm.ge/

მსოფლიო
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის