USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
ფრანჩერსკო ტოტი - პიეტრო ლომბარდი ჩვენი ბაბუ იყო, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
თარიღი:  938

მასთან დანიელე დე როსი მივიდა, ჯიბიდან 2006 წელს მოგებული ოქროს მედალი ამოიღო და მკერდზე დაასვენა

პიეტრო ლომბარდი 1924 წელს ფლორენციაში დაიბადა. როდესაც 20 წლის შესრულდა, პოლიციის აკადემიაში ჩააბარა და შემდეგ ამ საქმეს გაჰყვა. მოკლედ, "კარაბინიერი" გახლდათ და თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა. როგორც იტალიელების აბსოლუტურ უმრავლესობას, მასაც უყვარდა ფეხბურთი და, როგორც ფლორენციელების აბსოლუტური უმრავლესობა, ისიც "ფიორენტინას" გულშემატკივარი იყო. თუმცა, "სტადიო არტემიო ფრანკიზე" იშვიათად დადიოდა და მეტწილად, ტელევიზიით ადევნებდა თვალს თამაშებს. გასული საუკუნის შუა პერიოდი და რადიოში მოსმენილი საფეხბურთო ტრანსლიაციები ყოველთვის კარგად ახსენდებოდა და ხშირად, იმ დროს შენატროდა. 50 წელს ისე გადააბიჯა, რომ ფეხბურთთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონია - მხოლოდ გულშემატკივრობა რადიოსა თუ ტელევიზიის საშუალებით და აქა-იქ სტადიონზე სტუმრობა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, გამოუცხადეს, რომ "კოვერჩიანოს" სამწვრთნელ ბაზაზე იყო მივლენილი და იქ უნდა დაეცვა უსაფრთხოების ნორმები.

* * *

"კოვერჩიანო" ფლორენციაში მდებარე საწვრთნელი ბაზაა, რომელიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და სადაც "სკუადრა აძურა" მატჩებისთვის ემზადება. "კოვერჩიანო" იტალიური ფეხბურთისთვის საკულტო ადგილია, რადგან იქ ქვეყნის მთავარი გუნდი გადის შეკრებებს და იქ, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები ვარჯიშობენ. თავიდან, პიეტრო ლომბარდი თავისთვის, ჩუმად იდგა და აკვირდებოდა მოვლენებს - ცდილობდა, რომ ბაზაზე ყოველთვის წესრიგი ყოფილიყო. ეს უკვე 80-იანი წლებია, იტალიაში კი ის თაობა მოდის, რომელიც ესპანურ მუნდიალზე ოქროს აიღებს. ანუ, პიეტრო ლომბარდი "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ცენტრში პაოლო როსის, მარკო ტარდელის, კლაუდიო ჯენტილეს, დინო ძოფის, ალესანდრო ალტობელის და სხვა ვარსკვლავების უსაფრთხოებას იცავდა. გადიოდა წლები, ლომბარდი კი კარგად ართმევდა თავს მოვალეობას და მისი სხვაგან გადაყვანა არავის უფიქრია. პიეტრო ძალიან დაუახლოვდა ფეხბურთელებს და მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მოთამაშეებს უყვარდათ მასთან საუბარი, შთაბეჭდილებების გაზიარება და მისგან რჩევების მიღება.

* * *

1991 წელს, იტალიის ნაკრების მწვრთნელი არიგო საკი გახდა, რომელსაც არ გამორჩენია, რომ უკვე ასაკოვანი კარაბინიერი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო. სულ მალე, სენიორ პიეტრომ მოულოდნელი შეთავაზება მიიღო, რომელსაც უყოყმანოდ დათანხმდა - ლომბარდი იტალიის ეროვნული ნაკრების ადმინისტრატორი გახდა; თუმცა, ის იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ადმინისტრატორი და ამაზე სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთა მოყოლილი ისტორიები ნათლად მეტყველებს. რობერტო ბაჯო: "პიეტრო ლომბარდი ადმინისტრატორი იყო? - არც კი ვიცოდი. ის ჩვენთვის ყველაფერი იყო. ალბათ უფრო მამა, რომელიც ცხოვრებას გვასწავლიდა. 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაფუჭებული საბედისწერო პენალტის შემდეგ, იტალიაში დაბრუნება არ მინდოდა და საერთოდ, მეგონა რომ არა თუ ჩემი კარიერა, ცხოვრება დასრულდა. ხაზი გადავუსვი ყველაფერს - გატანილ გოლებს, ტიტულებს და ოქროს ბურთს, რადგან ამიერიდან ჩემი სახელი სწორედ გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანთან იქნებოდა ასოცირებული. უმძიმეს პერიოდში, ყველაზე მეტად სწორედ ლომბარდი დამეხმარა, რისთვისაც ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები, პიეტროს ნათქვამი ერთი ფრაზა კი არასდროს დამავიწყდება: ისინი ჩემპიონები არიან და ზეიმობენ, მაგრამ დამიჯერე, 22 ბრაზილიელი ფეხბურთელიდან, მინიმუმ 21 ისურვებდა, რომ რობერტო ბაჯო იყოს, თუნდაც დამარცხებული და თუნდაც ასეთი ფატალური. სულ მინდოდა მეკითხა თუ ვინ იყო ის ერთადერთი, მაგრამ რატომღაც, არ ვკითხე. ალბათ რომარიო". ფრანჩერსკო ტოტი: "პიეტრო ლომბარდი ჩვენი ბაბუ იყო, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სულ ჭკუას გვარიგებდა და ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც კი გვასწავლიდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფში მას დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მედალი არ აუღია, რადგან ადმინისტრატორებს ის არ ერგებათ. ეს ალბათ, ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც კი ფეხბურთში ოდესმე მინახავს. ყოველი თამაშის წინ და შემდეგ, ჯერ მარჩელო ლიპის ვუსმენდით და შემდეგ პიეტრო ლომბარდის, რადგან მან ყველაზე უკეთ იცოდა თუ, როდის, რა ეთქვა. გერმანიასთან ნახევარფიალური მატჩის წინ, ფავორიტად მეტოქე ითვლებოდა და თითქოს, გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა მოგების. გერმანელები დაფრინავდნენ და თანაც, დორტმუნდში, გადაჭედილი ტრიბუნებით გველოდნენ. როდესაც თამაშის წინ, გასახურებლად მინდირზე გავედით და მოედანზე გადმოკიდებულ ტრიბუნებს ავხედე მტრულად განწყობილი გულშემატკივრებით, მივხვდი, რომ ასეთ წნეხში არასდროს არსად მითამაშია. მაშინ, ყველა პიეტროს რჩევას ველოდით, მან ყველაზე მოკლე სიტყვა თქვა, რაც კი ოდესმე უთქვამს - მხოლოდ ერთი წინადადება: იმღერეთ ჰიმნი ისე, რომ ხმის იოგები ჩაგიწყდეთ". მარიო ბალოტელი: "ჩეზარე პრანდელი შესანიშნავი ადამიანია და მან იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს, თუმცა ის, რომ ეროვნულ ნაკრებში არასდროს მქონია პრობლემები, პირველ რიგში, პიეტრო ლომბარდის დამსახურება იყო. ერთხელ, ვკითხე: სენიორ პიეტრო, მე ალბათ, ყველაზე რთული ფეხბურთელი ვარ, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ - გაეღიმა და მიპასუხა: პაოლო როსიზე გსმენია რამე? - მეც გამეღიმემა, მან კი დასძინა: იმასთან შედარებით ტორტი ხარ მარწყვის შიგთავსით. როგორც შემდეგ შევიტყვე, როსისაც ძალიან უყვარდა სენიორ პიეტროსთან საუბარი". დანიელე დე როსი: "2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკას ვხვდებოდით, როდესაც წითელი ბარათი მივიღე და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამომიწერეს. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ნომერში შევიკეტე და გამოსვლა აღარ მინდოდა. პიეტრო საათობით იჯდა ჩემთან და მელაპარაკებოდა. ახალგაზრდობის პერიოდს იხსენებდა და იმ სირთულეებს, რომელიც გამოიარა, ყველაზე მეტი კი მაინც ომზე ილაპარაკა. არ ვიცი, რა კვალიფიკაციის ფსიქოლოგი უნდა შემხვედროდა, რომ ისე გამოვეყვანე დეპრესიიდან, როგორც ეს მან შეძლო. მახსოვს, ფინალის წინ, მოვიდა, მაგრად გადამეხვია და მითხრა: ხომ არაფერი მითხოვია შენთვის - გადი და მოიგე მსოფლიოს ჩემპიონატი. როდესაც ეს მითხრა, თვალზე ცრემლი მოადგა. როცა თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩემი ჯერი დადგა, ბურთისკენ მიმავალი სწორედ პიეტროზე ვფიქრიბდი - მინდოდა, რომ გატანილი გოლით, მისთვის მადლობა გადამეხადა. მე გავიტანე პენალტი და ჩვენ მოვიგეთ ის ჩემპიონატი".

* * *

16 მარტს, დანიელე დე როსიმ და ფრანჩესკო ტოტიმ დილას ადრე, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, რადგან შემდეგ ფლორენციაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. რომაელებს ტოსკანის დედაქალაქში მთელი საფეხბურთო იტალია დახვდათ. იქ იყვნენ ყველა თაობის ფეხბურთელები, მწვრთნელები, საფეხბურთო ჩინოსნები - ისინი ბოლო გზაზე აცილებდნენ ფლორენციელ კარაბინიერის, რომელიც 92 წლის ასაკში აღესრულა - აცილებდნენ ისე, როგორც ეს იტალიაში იციან: ცრემლებში გაზავებული ტაშით და ოვაციებით. პიეტრო ლომბარდი მიწას უნდა მიებარებინათ, როდესაც მოულოდნელად, მასთან დანიელე დე როსი მივიდა, ჯიბიდან 2006 წელს მოგებული ოქროს მედალი ამოიღო და მკერდზე დაასვენა. დანიელეს სიტყვა მოკლე იყო, მაგრამ მრავლისმთქმელი: "ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი ოდესმე მქონია და ვატან ყველაზე ძვირფას ადამიანს, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი".

* * *

რამდენიმე დღეში, პიეტრო ლომბარდის პირადი ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელთა შესახებ მის გარდაცვალებამდე არავინ, არაფერი იცოდა. ბაბუ თავისთვის წერდა და ამ ნაწერებს ოჯახის წევრებსაც კი არ უზიარებდა. სამომავლოდ, ამ ჩანაწერების მიხედვით, წიგნის გამოცემა იგეგმება, აქ კი მხოლოდ ერთ პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ: "ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, რიდესაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. მიხაროდა იმ ბიჭების გამო, რომლებმაც საკუთარ თავს აჯობეს. მიხაროდა მწვრთნელის გამო, რომელსაც ჩემპიონატის მსვლელობისას, მთელი ერთი თვის განმავლობაში, არც კი ვიცი როდის ეძინა. მიხაროდა გერმანიაში მცხოვრები იტალიელების გამო, რომლებიც იქ ძირითადად, პიცას აცხობენ, გერმანისასთან მოგების შემდეგ კი ბიზნესი ჩაუწვათ, მაგრამ მაინც უბედნიერესები იყვნენ. მიხარია, რომ მეც ამ ისტორიის ნაწილი ვარ და მერე რა, რომ ადმინისტრატორს ოქროს მედალი არ ერგება. მე ვიცი, რომ თითოეული ფეხბურთელი თავისი მედლის მცირედს მე მიძღვნის, ასე კი ერთი მედალი ნამდვილად შეიკვრება"..

.ხმელი ფოთოლი / folha seca

ზაზა ახალაია

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.