ქართული ქირურგიის ისტორიამ არაერთი ძვირფასი სახელი შემოგვინახა: დიდი მეცნიერების, დიდი მასწავლებლების, ბრწყინვალე ორგანიზატორების და სწორუპოვარი ოპერატორების. ამ უკანასკნელთა შორის ყოველთვის გამორჩევით იხსენიებენ ეგნატე ფიფიას. ამბობდნენ, რომ მასავით ფაქიზი და დახვეწილი ოპერაციული ტექნიკა არავის ჰქონია... თანამედროვეები მას ქართული ქირურგიის მეფეს უწოდებდნენ.
ნიჭის, სიბეჯითის და ალბათ ცოტა იღბლის წყალობითაც სამეგრელოს მთიან სოფელში, გლეხის ოჯახში დაბადებული ბიჭი ქართული ქირურგიის ბურჯი გახდა.
გასტროენეროლოგმა, მედიცინის ისტორიის მკვლევარმა ხუტა პაჭკორიამ ეგნატე ფიფიას შესახებ მასალებით მომამარაგა, საინტერესო ამბებსაც მომყვა და დამაკავშირა ადამიანებს, რომლებიც პირადად იცნობდნენ დიდ ქირურგს.
ეგნატე ფიფია 1901 წლის 3 იანვარს სამეგრელოში, ქალაქ ჯვრიდან 6-7 კილომეტრზე მდებარე სოფელ ჩქვალერში, შეძლებული გლეხის ოჯახში დაიბადა. კალისტრატე – ყაი, როგორც თანასოფლელები ეძახდნენ – ჯიშიან ცხენებს ამრავლებდა და შვილებსაც კარგი ცხენის დამფასებლებად ზრდიდა.
ეგნატე დიდი სიყვარულით იხსენებდა ბაბუა ივანეს, რომელსაც გოლიათური აღნაგობის, უსაზღვრო სიკეთისა და გამრჯეობის გამო დიდ ივანეს ეძახდნენ. სწორედ მან ასწავლა შვილიშვილს შრომა და ბუნების სიყვარული.
ეგნატეს დედა, ჯგალელი ქალი ესმა კვარაცხელია, ხალხური სიტყვიერების მცოდნე და განათლების დიდი დამფასებელი ყოფილა. სწორედ მისი მონდომებით შეუყვანიათ ეგნატე ჯერ ჯვარის, მერე – წალენჯიხის სასწავლებელში, ბოლოს კი ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მომავალმა აკადემიკოსმა 1920 წელს დაამთავრა.
ბედის ბორბალი
იმავე წელს ეგნატემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა. თავიდანვე ქირურგიით იყო გატაცებული, რაც არ გამოპარვია საქართველოში ახლად დაბრუნებულ ნიკოლოზ კახიანს – დიდ ქირურგსა და მეცნიერს. მეოთხე კურსის სტუდენტს, ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე დააწყებინა მუშაობა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი პროპედევტიკის კლინიკაში წაიყვანა.
ნიკოლოზს ხშირად დაჰყავდა მოწაფეები იმერეთში, მშობლიურ სოფელ როკითში, სადაც უანგაროდ მკურნალობდა თანასოფლელებს მოსახლეობას და ახალგაზრდებსაც დიდ გამოცდილებას სძენდა.
ნიკოლოზ კახიანს, რომელსაც კათედრის გამგის თანამდებობა ეკავა, ეგნატეს ასისტენტად აყვანა ჰქონდა განზრახული, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა, ახალდანიშნული კათედრის გამგის ასისტენტად კი რევოლუციის წინაშე დამსახურებისთვის სხვა მიიღეს. ამ ამბავმა ისე იმოქმედა თავშეკავებულ ეგნატეზე, რომ კათედრის გამგესთან სერიოზული დაპირისპირება მოუვიდა და ეს კონფლიქტი ათეულობით წლის განმავლობაში გაგრძელდა.
უმუშევრად დარჩენილი ეგნატე ნახევრად სარდაფში მეგობართან – კალე (კალისტრატე) სალიასთან ერთად ცხოვრობდა (ეს ის კალისტრატე სალიაა, რომელიც ოციანი წლების მეორე ნახევარში პარიზში გადასახლდა, სორბონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და დააარსა ისტორიულ–ლიტერატურული ჟურნალი "ბედი ქართლისა", რითაც დიდად შეუწყო ხელი ევროპაში ქართველოლოგიური მიმართულების განვითარებას).
ამ ყოფაში ჩავარდნილი ეგნატე შემთხვევით ნახა ქართული ქირურგიის მამამთავარმა გრიგოლ მუხაძემ, ჩაისვა ეტლში და ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატში წაიყვანა. ეგნატეს მაშინვე დააწერინეს განცხადება და ორდინატორად დანიშნეს ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში, რომელსაც მუხაძე ხელმძღვანელობდა, მცირე ხნის შემდეგ კი მისი ასისტენტიც გახდა.
გრიგოლ მუხაძე ეგნატეს მეორე მასწავლებელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ფიფიამ კიდევ უფრო დახვეწა ქირურგიული ტექნიკა. ჩაება ახალბედა ექიმების სწავლებაშიც.
სამეცნიერო მივლინება
ეგნატე ფიფიამ კანდიდატის ხარისხი 1936 წელს მოიპოვა ღვიძლის ამებური აბსცესის მკურნალობის შესახებ ნაშრომისთვის, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით მონოგრაფია გამოსცა. ახალგაზრდა კანდიდატი გრიგოლმა ჯერ მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში მიავლინა ცნობილ ქირურგთან სერგეი იუდინთან, ორი თვის შემდეგ კი, სადოქტორო დისერტაციის თემის შესარჩევად – მოსკოვის გორკის სახელობის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებაში, რომელსაც სათავეში ედგა აკადემიკოსი ალექსეი სპერანსკი.
ეგნატე დღესა და ღამეს ასწორებდა. მალე ისეთი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა, რომ სწორედ მას დაავალა აკადემიკოსმა ექსპერიმენტული ოპერაციების ხელმძღვანელობა და ხელფასიც დაუნიშნა, რადგან შეატყო, რომ ფინანსურად უჭირდა.
სადოქტორო ნაშრომით ეგნატე ფიფიამ სადისერტაციო საბჭოს ახალი მონაცემები წარუდგინა დაკბილული იოგის შენებისა და ფუნქციის შესახებ.
სპერანსკიმ ეგნატე საუკეთესო მეცნიერული დახასიათებით გამოუშვა სამშობლოში. ისინი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ.
ეგნატემ შესანიშნავი მკვლევარისა და მეცნიერის სახელი დაიმკვიდრა, თუმცა მისი მოწოდება მაინც ქირურგია იყო. ის თბილისში დაბრუნდა და მასწავლებელთან ერთად გააგრძელა საექიმო და პედაგოგიური საქმიანობა.
დაბრკოლებები და მიღწევები
1939 წელს ეგნატე ფიფია ჰოსპიტალური ქირურგიის კათდრის დოცენტი გახდა, ერთ წელიწადში კი პროფესორის წოდებაც მიიღო. 1941 წელს, გრიგოლ მუხაძის წარდგენით, ის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კათდრის გამგედ აირჩიეს. მასთან მუშაობდა მიხეილ ჩაჩავაც, რომელსაც სტუდენტობიდანვე იცნობდა. თავის დროზე სწორედ ეგნატემ მიიყვანა მიხეილი ნიკოლოზ კახიანთან, რომელმაც ხელმოკლე სტუდენტი კათედრაზე ლაბორანტად მიიღო (მოგვიანებით დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ეგნატე ფიფია და მიხეილ ჩაჩავა კონკურენტები იყვნენ, თუმცა ბატონი ხუტა ამის თაობაზე სხვა აზრისაა – გვარწმუნებს, რომ ორ დიდი მეცნიერს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ომის მძიმე წლებში ეგნატეს კათედრის გაძღოლასთან ერთად ლექციების კითხვა და ევაკოჰოსპიტალში მუშაობაც უწევდა.
– ეს ჰოსპიტალი მაშინდელ ჩხეიძის ქუჩაზე მდებარეობდა, – მოგვითხრობს ბატონი ხუტა, – მუდამ სავსე იყო დაჭრილებით და ეგნატეც, ეს უნივერსალური ქირურგი, აკეთებდა და აკეთებდა ერთმანეთზე რთულ ოპერაციებს. ხშირად უწევდა ნაწლავის გარეთა ფისტულებისა და ტრავმული ანევრიზმების მკურნალობა. სწორედ იმ პერიოდში დანერგა ტრავმული ანევრიზმის მკურნალობის ახალი მეთოდი – ანევრიზმის ამოკვეთის შემდეგ სისხლძარღვის მთლიანობის აღდგენა ცირკულარული ნაკერით, რომლის უპირატესობა წლების შემდეგ აღიარეს ანგიოქირურგებმა.
წარმატებით მკურნალობდა პერიფერიული ნერვების ტრავმულ დაზიანებას. ომის წლებშიც კი არ შეუწყვეტია ფიზიოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაობა. ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით აკვირდებოდა ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას თავის ტვინის ჩირქგროვებისა და ტრავმული დაზიანების დროს.
1950 წელს ეგნატე ფიფია აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის გამგედ. კათედრა ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე იყო განთავსებული.
1968 წელს სათავეში ჩაუდგა თბილისის აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოებას, რომლის გამგეობის წევრი მანამდეც იყო.
1969 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.
ეგნატე ფიფიას ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 9 მონოგრაფია და უნდა ითქვას, რომ მისი ყველა მეცნიერული მიგნება თუ მკურნალობის მეთოდი მისივე მდიდარ პირად გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული.
ექიმი და მასწავლებელი
– ეგნატესთვის შაბლონი არ არსებობდა, ყოველ ოპერაციას შემოქმედებითად უდგებოდა. ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეეძლო, მაგრამ უმთავრესად მუცლის ღრუს ქირურგიაში მუშაობდა. განსაკუთრებით ხშირად ატარებდა ოპერაციებს ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე, ასევე კუჭზე წყლულის სამკურნალოდ. ეგნატემ შეიმუშავა და დანერგა მრავალი დაავადების მკურნალობის სრულიად ახალი, ორიგინალური მეთოდი, მაგალითად: ღვიძლის ამებური ჩირქგროვის დახურული მკურნალობა მასში ემეტინის ჩასხმით; საკუთარი ოპერაციული მიდგომა მხრის წნულის ტრავმული დაზიანების დროს, რომელიც დღესაც ცნობილია როგორც ფიფიას მეთოდი. პანკრეასის გარეთა ფისტულების დროს პირველმა გამოიყენა წარმატებით კანქვეშა ფისტულოენტეროსტომია, თორმეტგოჯა ნაწლავის ტაკვის მონოპოლარული დახურვის მეთოდი და ბევრი სხვა. უმაღლეს დონეზე აიყვანა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და სიმსივნის დროს კუჭის რეზექციის ტექნიკა, საქართველოში პირველმა ჩაატარა რადიკალური ოპერაცია – კუჭის რეზექცია – თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის დროს (მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგებაც, რომ მისი პაციენტი დიდი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე გახლდათ).
ეგნატეს წარმატებაში მის ქირურგიულ ტექნიკასთან ერთად პაციენტებისადმი მის დამოკიდებულებასაც მიუძღვოდა წვლილი. ხშირად უმეორებდა მოწაფეებს: ავადმყოფი დიდ ყურადღებას და ზოგჯერ უძილო ღამესაც მოითხოვს, ავადმყოფის ტკივილი თქვენი ტკივილი უნდა იყოს და მისი გასაჭირი – თქვენი გასაჭირი; ყველა ავადმყოფში დაინახეთ დედა, მამა, და, ძმა, ისე იზრუნეთ მასზე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცზე იზრუნებდითო.
მოწაფეებს ხშირად აფრთხილებდა, არაფერი დაფაროთ, დროულად გამჟღავნებულ შეცდომას ეშველებაო. თვითონაც თამამად აღიარებდა საკუთარ შეცდომებს, ყოფილა შემთხვევა, ქირურგიული საზოგადოების სხდომაზეც გაუტანია განსახილველად.
მკაცრიც იყო და ლმობიერიც, თუ ძალიან გაბრაზდებოდა, ექიმს პაციენტს ჩამოართმევდა და ეს უდიდეს სასჯელად მიიჩნეოდა. თუმცა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მკურნალი ექიმი, პაციენტი ყველასი იყო. ვერ იტანდა გამოთქმას "ჩემი ავადმყოფი" – ავადმყოფი კლინიკისააო, იტყოდა ხოლმე. ექიმები გულის კანკალით ელოდნენ ორშაბათის დიდ შემოვლებს, რომელსაც მთელი პერსონალი უნდა დასწრებოდა და რომლის დროსაც ექიმს ყველა პაციენტის შესახებ უნდა შეძლებოდა ამომწურავი ინფორმაციის წარდგენა. ეს შემოვლები დიდი სკოლა იყო დამწყები ექიმებისთვის.
ხალათის გარეშე
– როცა კი ახერხებდა, ეგნატე სოფელში ფიზიკურადაც შრომობდა. ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. გართობაც უყვარდა. გიჟდებოდა ნარდზე და კარგი მოთამაშეც იყო. კახი კავსაძე, რომელიც ეგნატეს მეგობრის, ცნობილი თერაპევტის ლევან ანჯაფარიძის მეზობლად ცხოვრობდა, იხსენებდა, მათი თამაში ზოგჯერ დილის 4-5 საათამდე გრძელდებოდაო. ეგნატე ისეთი აზარტით თამაშობდა, მისი თვალებისთვის რომ შეგეხედათ, შეგეშინდებოდათო.
ეგნატეს ულამაზესი ცოლი, ვალია ჯუღელი, მხატვარი იყო, მომღერალ ნიკო ქუმსიაშვილის ახლო ნათესავი. მომღერლის ქალიშვილი როდამ ქუმსიაშვილი შემდგომში ეგნატეს მოწაფე და ერთ–ერთი საუკეთესო ქირურგი ქალი გახდა. მოგვიანებით როდამმა ეგნატე ფიფიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ძალიან კარგი წიგნი დაწერა.
ამ წიგნში ქალბატონ როდამს ერთი თვითმხილველის მონათხრობიც მოჰყავს: თელავში ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ პაციენტი დამძიმდა და ეგნატე საავადმყოფოში გამოიძახეს. გვიანი ღამე იყო და ვალიაც თან გაჰყვა. პაციენტს სასწრაფოდ დასჭირდა სისხლის გადასხმა. ვალიამ, ეს რომ გაიგო, უთხრა ქმარს: ღამით დონორის მოძიება გაჭირდება, დროს ნუღარ კარგავთ, პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათო. ასე გადაარჩინა მეუღლის პაციენტი სიკვდილს.
ეგნატეს და ვალიას ერთი ვაჟი, ვახტანგი ჰყავდათ, რომელიც 1929 წელს შეეძინათ, მომავალში – ცნობილი გულმკერდის ქირურგი. რძალი, ცნობილი ისტორიკოსი ნანა ხაზარაძე, ეგნატეს ძალიან ეამაყებოდა. ქირურგი გახლდათ ვახტანგის ვაჟი გოგა ფიფიაც, რომელსაც ფართო საზოგადოება უფრო ფილმებში "მზიური" და "როცა აყვავდა ნუში" შესრულებული როლებით იცნობს. ოჯახის საექიმო ტრადიციას მისი ძმისშვილი, ეგნატეს შვილთაშვილი ირაკლი აგრძელებს, რომელიც გარეგნობითაც ჰგავს დიდ ბაბუას და, როგორც ამბობენ, ოპერაციული ტექნიკითაც.
ვალია 1968 წელს თრომბოზით გარდაიცვალა. ეგნატეს არ ეგონა, რომ ამის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა, მაგრამ როგორც კი მძიმე შემთხვევა გამოჩნდა, მაშინვე საოპერაციოს მიაშურა, მთელი არსებით საქმეში გადაეშვა და კიდევ არაერთი ადამიანი გადაარჩინა.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უღონობა დასჩემდა. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზმა ეგნატეზე ძალიან იმოქმედა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია. სიკვდილამდე ათიოდე დღით ადრე ბოლო ლექცია ჩაატარა და სტუდენტებს ანდერძად დაუბარა, როგორები უნდა ყოფილიყვნენ პაციენტებისთვის. ინფარქტით გარდაიცვალა და, ბედის ირონიით, სიკვდილის შემდეგ სიმსივნე არ დაუდასტურდა. ვინ იცის, სიმართლე რომ სცოდნოდა, მეტი ეცოცხლა...
ეგნატე 1979 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა, მახსოვს გასვენების დღე – საშინელი სიცხე იყო, მაგრამ უამრავმა ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე.
საოპერაციოში და მის გარეთ
ასმათ ყურშავიშვილს დღეს ბევრი იცნობს როგორც ძაფით ფერწერის ოსტატს, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ წლების წინ ის საოპერაციო ექთანი იყო და 30 წელი მუშაობდა ეგნატე ფიფიას გვერდით. ქალბატონმა ასმათმა სიამოვნებით გაიხსენა დიდი ქირურგი:
– ოპერაციის დაწყებამდე, სანამ ვემზადებოდით, ბატონი ეგნატე ყველას გამოგვკითხავდა, როგორ ვიყავით, რა გვიჭირდა, რა გვილხინდა, თავისი ოჯახის ამბებსაც მოგვიყვებოდა, გაგვაცინებდა კიდეც. მერე დაიწყებოდა ოპერაცია. თუ ვითარდება გართულდებოდა და დავიძაბებოდით, ხუმრობით განმუხტავდა სიტუაციას... ყველას სტიმულს გვაძლევდა და ენერგიით გვავსებდა. ყოველდღე რაღაცას ვსწავლობდით მისგან – არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ადამიანობაში... ყველას გულით უმართავდა ხელს, ბინის საკითხის გადაჭრაში დახმარება იქნებოდა თუ სხვა რამ.
მარტო ვზრდიდი გოგონას, დამტოვებელი არავინ მყავდა, ამიტომ, როცა ღამით მორიგეობა მიწევდა, თან მიმყავდა და მედდების ოთახში საოპერაციო ეტლზე ვაძინებდი ხოლმე. ერთ ღამეს ავარიაში დაშავებულები მოიყვანეს და ბატონი ეგნატეც გამოიძახეს. ჩემი მძინარე შვილი რომ დაინახა – ამას აქ რა უნდა, აქ როგორ წევს ბავშვიო?! შიშით ავკანკალდი, მოვუბოდიშე, – სახლში ვერავის ვუტოვებ, მაგრამ გპირდებით, არ შეგაწუხებთ–მეთქი.
– აქამდე რატომ არ მითხარიო?! – და თავისი კაბინეტის გასაღები მომაწოდა, იქ დააძინე ხოლმეო. მას შემდეგ ყოველ დილით მოჰქონდა ჩემი შვილისთვის საუზმე: კარაქიანი და თაფლიანი პური და აუცილებლად ვაშლიც. ჩაისვამდა კალთაში, ელაპარაკებოდა... ძალიან უხაროდა ბავშვთან ურთიერთობა.
ავად რომ გახდა, თავის კაბინეტში იწვა და ექთნები რიგრიგობით ვმორიგეობდით. ვინც არ უნდა მისულიყო – ის მთიული ჩამომიყვანეთო, სთხოვდა ხოლმე ჩემზე. ცოლი თიანეთიდან ჰყავდა, მეც იქიდან ვარ და ძალიან უყვარდა თიანეთზე საუბარი, უამრავ საინტერესო ამბავს მიყვებოდა. გული მწყდება, რომ ვერ ჩავიწერე.
როდესაც გარდაიცვალა, მის მოწაფესა და მეგობართან, პროფესორ როდამ ქუმსიაშვილთან ერთად წავედი ჯვარში, მის სახლში. მოდიოდნენ მეზობლები, მეგობრები და ეგნატეს სიკეთეზე, ადამიანობაზე საოცარ ამბებს გვიყვებოდნენ...
ჟურნალისტს, ეკოლოგს, მხარეთმცოდნეს, ეგნატე ფიფიას თანასოფლელ გვანჯი მანიას დიდ ქირურგთან სამი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. აკადემიკოსის ერთ–ერთი ცნობილი ფოტოც მისი გადაღებულია.
– ლეგენდებად დადიოდა სოფელში ეგნატე ფიფიას ამბები, – იხსენებს ბატონი გვანჯი, – ჩვენი მხარე, მთიანი სამეგრელო, ლაკადა, ბევრი ცნობილი ადამიანის სამშობლოა: აქ დაიბადნენ ტერენტი გრანელი, ლეო ქიაჩელი, კალისტრატე სალია, დიდი რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, ცნობილი არქეოლოგი და ეთნოგრაფი აკაკი ჭანტურია, რაიხსტაგის გმირი მელიტონ ქანთარია, ცნობილი აგრონომი ტარასი კვარაცხელია, ლოტბარი კირილე პაჭკორია...
მასწავლებლებს: ბათუ ჭანტურიას, პროფი ჭანტურიას, მიხა მანიას, ასლან შანავას... – ეგნატე მუდამ დიდი სიყვარულით იხსენებდა
თავდაპირველად ეგნატე ფიფიას მათემატიკის ან ფიზიკის შესწავლა უნდოდა. ექიმობა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა: შეესწრო, სოფელში ბავშვი რქაზე როგორ ააგო გაავებულმა ხარმა, ახლომახლო კი ექიმი არ აღმოჩდა. ამ ამბავმა ეგნატეს გულში წარუშლელი კვალი დატოვა.
გიმნაზიაში სწავლის დროს ეგნატე ფეხბურთმა გაიტაცა და უცხოელ მეზღვაურებს ხშირადაც ეთამაშებოდა თურმე (სიტუაცია კარგად არის გადმოცემული ფილმ „პირველ მერცხალში“). ფეხბურთის სიყვარული ეგნატეს ბოლომდე გაჰყვა. თბილისის "დინამოს" ექიმი–კონსულტანტი იყო და თამაშებსაც შეძლებისდაგვარად ხშირად ესწრებოდა.
როდესაც ვკითხე, დღეში, ყველაზე მეტი, რამდენი ოპერაცის ჰქონდა ჩატარებული, აღმოჩნდა, რომ ომის დროს 20–25–იც კი ჩაუტარებია, თანაც ყველაზე მძიმე პაციენტები მასთან მიჰყავდათ.
ეგნატე ფართო განათლების პატრონი იყო. ერთხელ, კიშინიოვში, ქირურგთა საეთაშორისო კონგრესის დამთავრების შემდეგ, მოულოდნელად თამადად აირჩიეს. ჯერ დაიბნა, ცუდად იცნობდა მოლდავეთს და არ იცოდა, რა ეთქვა. უეცრად ფოთის გიმნაზიაში ნასწავლი ოვიდიუსის "მეტამორფოზები" გაახსენდა და პირველი სადღეგრძელოც ამაზე ააგო: იმ მიწაზე ვიმყოფებით, სადაც რომის იმპერიამ დიდი პოეტი თავისუფალი აზროვნებისთვის გადაასახლაო. – და ამას მოაყოლა "მეტამორფოზების" რამდენიმე სტრიქონი ლათინურ ენაზე, მერე კი იგივე სტრიქონები რუსულადაც წაიკითხა, რომ ყველას გაეგო. დარბაზი სულგანაბული უსმენდა...
ძალიან უყვარდა თავისი სოფელი. დიდი ამაგიც ჰქონდა მასზე. ის იყო ყველას დამხმარე და დამკვალიანებელი. ღია ცის ქვეშ, ჰამაკში, ჭრაქის შუქზეც კი ჩაუტარებია ოპერაცია. 1940 წელს მის სახლში ავაზაკები შეიჭრნენ. ეგნატემ გაქცევა მოახერხა. ნასროლი ტყვია ასცდა, მაგრამ ძალიან ეწყინა, ასე რომ გაიმეტეს და ორი ათეული წელი სოფელში აღარ ჩასულა. ოცი წლის შემდეგ თანასოფლელებმა დიდი შეხვედრა მოუწყვეს და შემოირიგეს. მერე სოფლის დახმარებით აგურის სახლიც ააშენა.
ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ლიდერმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ, მეგრული ქორწილის შესახებ წერილის დაწერა სთხოვა. ეგნატემ თხოვნა შეუსრულა. ეს წერილი, "ქორწილი სამეგრელოში“, გიორგი ჩიტაიამ შეიტანა კრებულში "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის" და მერე ამბობდა ხოლმე, დიდი მეცნიერი დაეკარგა ქართულ ეთნოგრაფიასო.
ეგნატე კონსულტაციებს უწევდა აკაკი ჭანტურიას ვაჟს, პროფესორ არიანე ჭანტურიას, როდესაც ის მამის დაარქივებულ ნაშრომებს აქვეყნებდა.
ბუნება ძალიან უყვარდა. სულ ბაღსა და ეზოში ტრიალებდა. გამოცდილი მეთევზე იყო. მამლის ბუმბულით შესანიშნავად თევზაობდა კალმახზე... ბავშვობაში მიურატებთან ერთადაც არაერთხელ უთევზავია.
ჩქვალერში, ბაბუის ნაფუძარზე აშენებულ ეგნატეს ორსართულიან სახლში, მოწყობილია სახლ–მუზეუმი, რომელსაც ჩქვალერლები საკუთარი ხარჯით უვლიან. დასანანია, რომ მისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებასა და დაფინანსების გამოყოფაზე არავინ ზრუნავს.
საუკუნიდან საუკუნემდე
ჟურნალისტის, პუბლიცისტის, მწერლის ზაურ ფიფიას ნებართვით გთავაზობთ ამონარიდებს მისი ნარკვევიდან "საუკუნიდან საუკუნემდე". ბატონ ზაურს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონოდა ბატონ ეგნატესთან; მასთან ერთად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ნარკვევი თუ ჩანახატი დიდებულ მამულიშვილზე. "საუკუნიდან საუკუნემდე" მოგვითხრობს აკადემიკოსის მოგზაურობაზე მშობლიური ჩქვალერის მთებში.
„...გული სწყდებოდა, ხეობაში ნაბდად მოფენილ, ხავსჩამოძონძილ ბზის კორომებში ნაჯახის კვალს რომ ნახავდა...
...სასხლავით ხელში დადიოდა ნათესავ-მეზობლების ბაღ-ვენახებში. ზოგს მოუწონებდა ნაამაგარს, ზოგს კიდევ საყვედურობდა:
– ე, წიე, რას ერჩი ამ ვაზს?! როგორაა, რომ გაგისხლავს?! თუ არ იცი ვაზის მოვლა, მცოდნეს გაასხვლევინე, შე კაცო! მისგან ისწავლე მაინცაა... გადმოდი და ნახე ჩემი ვენახი! არაა მაგი სირცხვილი!
ვენახი კი მუდამ კოპწიად ჰქონდა მოვლილი.
***
– ლამის ასი წლისაა ეს წისქვილი! ახლა ისიც შემომაპარეს, რკინა-ბეტონისა უნდა ჩავდგათო მის ადგილას, მარა ავუკრძალე... ესეც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლია და ასეც რომ არ იყოს, ის კი არ იციან, წისქვილს ნიავქარიც უნდა, თორემ ნესტი აფუჭებს ნაფქვავს! წყლის წისქვილზე დაფქვილი ამიტომაცაა გემრიელი, რომ არ ხურდება ფქვილი ზედმეტად!.. რკინა–ბეტონში თუ ჩასვი და დაგმანე, რა გამოვა?!
***
მანქანა ჯგეგეს ეკლესიის ნანგრევებთან შეჩერდა.
– რა ქნეს, ა?.. – პირჯვარი გარდაისახა.
ნანგრევებიდან მეექვსე თუ მეშვიდე საუკუნის სიწმინდე იმზირებოდა.
– ულამაზესი ტაძარი იდგა აქ. მთელი ჯვარი, ჩქვალერი, ჭალე, ლია და ახლომახლო სოფლები აქ ლოცულობდნენ. იყო ჯარობა, სულიერების დიდი ზეიმი... რას ერჩოდნენ? გასაკვირი თუ გინდა! თუ მოვახერხეთ, ტაძარი უნდა აღდგეს! მარა ჯერ არქეოლოგებმა უნდა შეისწავლონ... გიორგის ვეტყვი, ჩიტაიას, იქნებ მოახერხოს რამე.
* * *
რუხ ზოლად გაწლილიყო მოასფალტებული გზა შქა-ღალის თეთრ სამანებში.
საუკუნეები ოცნებობდნენ ჩქვალერელები ასეთ გზაზე.
– ეგნატემ გააყვანინა იგი!
– ეგნატეს გზა ჰქვია მას!
ავტობუსი წამოგვეწია მანჩას წყაროსთან.
ეგნატემ უყიდა სოფელს ავტობუსი!
"ეგნატეს გზაზე" "ეგნატეს ავტობუსით" დადიოდა მთელი სოფელი.
– დედა, ბეჩა!.. ეგნატე ფეხით მოდის!.. – ატკმარცალდნენ მგზავრები: ეგნატეს დები და ძმები, ეგნატეს დისშვილები და ძმისშვილები, ეგნატეს მორდუ და მორდუხანულები, ეგნატეს სისხლი და ხორცი, მეზობელ-ნათესავები დიდი ეგნატესი!
ჩამოცვივდნენ გნიასით, ხელები დაუკოცნეს ეგნატეს, შუბლი დაუკოცნეს ეგნატეს, ყველანი გულში ჩაიკრა ეგნატე ბიძიმ.
***
როცა ისვენებდა, ჩქვალერიც ფეხაკრეფით დადიოდა თითქოს. დილაუთენია ნახირსაც სხვა შუკებით მიერეკებოდნენ თანასოფლელები – არ გავაღვიძოთო ეგნატე!
...ალიონზე ჭიშკარს კაცი მოადგა და მასპინძელოო, დაიძახა.
– რა მოხდა, შე კაცო, ამ შუაღამისას რომ გაჰყვირიხარ და აღვიძებ ადამიანს?! ისვენებს კაცი! – უსაყვედურა მეზობელმა.
– ბოდიში, თქვანი გოლუაფირო, მარა... მე მეზობელი სოფლიდან ვარ... შვილი მყავს ცუდად და...
– დავაცადოთ, ადგება და მერე...
– რა იყო, წიე, ვისაა, რომ არ უშვებ ეზოში? – ოდის აივანზე გრძელ ხალათმოხურული იდგა აკადემიკოსი.
– არ ვიცი, შვილი მყავსო ცუდად და...
– მერე, ავადმყოფი ჩემს ძილს დაელოდება თუ რა, წიე?!
...სოფლიდან სოფელში გადადიოდა ეგნატე ბიძი და საღამოს შინ მობრუნებულს სახეზე ატყობდნენ, როგორ გრძნობდა ავადმყოფი თავს.
ხან ხალისიანი და იუმორით სავსე ბრუნდებოდა:
– ხურმა უჭამია ზედმეტი ბავშვს და...
– ჰაი, ჯიმაჯამი!.. ამაზე შეგაწუხეს, კაცო?! – ბუზღუნებდნენ შინაურები.
ხან ჩაფიქრებული გადმოვიდოდა ოლაგეს:
– ხვალ დილით თბილისში მივდივარ, ავადმყოფს უნდა დავადგე თავზე!
***
ასე და ამგვარად მიდიოდა ზაფხული...
თვითონ აწყობდა აგურს აგურზე მშენებლობაზე, თვითონ აწყობდა ბწკალზე კალმახს, თვითონ აკრავდა კეცზე ჭადს. ოჯალეშით სავსე ლაგვანს თვითონ მოხდიდა სარქველს და ჩქვალერის საღამოს სიმყუდროვეში პაპისპაპისდროინდელი ჩარექა ყანწით ხელში მადლს სწირავდა მამა-პაპას, ასე "ოქროჯგურა" (ოქროსავით) მამული რომ დაგვიტოვეს.
...ცის კაბადონიდან ჩქვალერს, ეგნატე ბიძის შუბლივით ნათელი, დაჰყურებდა ლეგენდებით სავსე ყვირას მთა.
არდევან ყურუას "ურალი" ტაატით მიუყვებოდა ქარაფებზე შეკიდულ შარას.
ძარაზე სხვებთან ერთად იდგა ეგნატე, – კაბინიდან ნაკლებად ჩანს ქვეყანაო, ბრძანა!
– ბარხას კლდეპიტალოებთან ლოდების ცვეენის ბარხალი ისმოდა მუდამ თურმე და ამიტომაც შეარქვესო ამ მთას "ბარხა" – ხმაურიანი, ბარხალა ადგილი.
– ყვირაზე ირმები ყვიროდნენ, თურმე...
– "ჩქოლა" ნორჩი, ახალამოყრილი ტყეა და ამიტომ ჰქვიაო მთის კიდესთან განფენილ სოფელს ჩქვალერი.
– "ინწირო" ვიწროა. ისეთ ვიწროებში მოედინება ჩვენი მდინარე, ინწირაც ამიტომ შეარქვესო, ალბათ...
– წალენჯიხა ჭანთა ციხეს, "ჯიხას", ჭანთა მიწას ჰქვიაო, ჩემო ბატონო... ჭანისწყალი კი თვითონ ამბობსო სათქმელს!..
* * *
...იმ დღეს ენგურმა და მაგანამ უგალობეს სადიდებელი ჯვარი-ჩქვალერის ორ დიდ შვილს.
გუშინ ჩამობრძანებულიყო ქალაქ რიაზანიდან აკადემიკოსი ბიძინა ხუბუტია და ენგურის ქარქამებში სასეირნოდ გასული ეგნატე ბიძი მოინახულა.
ეგნატე ფიფია გულში იხუტებდა უმცროს კოლეგას, რომლის სახელი უკვე გასცდენოდა დედამიწას – თხის რქის თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ვარსკვლავისთვის ეწოდებინათ.
უხაროდა დიდ ეგნატეს, თანასოფლელის წარმატებებს რომ უყურებდა.
– ბიძინა ჩვენი ქვეყნისა და ჯვარის სიამაყეა, ზაურ! – არაერთხელ უთქვამს ჩემთვის.
***
– ბალღობაში გუძას მეძახდნენ მშობლები... მოგუძაფილო, ზურგზე აკიდებული ამოვყავდით ყვირაზე და ამიტომ შემარქვეს, ალბათ, ასე.
დიდხანს ეფერებოდა ყვირას ფერდებს დიდი ხნის უნახავი შვილი გუძა ფიფია და ბედნიერი იყო უსაზღვროდ. ბედნიერები ვიყავით ჩვენც მასთან გატარებული წუთებით.
ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ ზაურ ფიფიას და ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორს, პროფესორ რამაზ შენგელიას.
მარი აშუღაშვილი