USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“: როგორია აშშ-ის გეგმა და რა მოჰყვება მის სავარაუდო რეალიზებას“
თარიღი:  795

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისიმ“ (BBC) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“: როგორია აშშ-ის გეგმა და რა მოჰყვება მის სავარაუდო რეალიზებას“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობების ფონზე, მოცემულია „ამერიკული გეგმის“ შინაარსი  და განხილულია მხარეთა პოზიციები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ლონდონში შეხვედრამ, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გარეშე ჩაიარა. როგორც კი მასმედიაში მთავარი ამერიკელი დიპლომატის უარი გავრცელდა, სამიტის მესვეურებმა შეხვედრის სტატუსი დააქვეითეს და მოლაპარაკება ძირითადად ელჩების და წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

ექსპერტების და დამკვირვებლების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უარი გამოიწვია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ გაზეთ The Wall Street Joumal-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ იგი „ყირიმის რუსეთისადმი კუთვნილებად აღიარების საკითხს არ განიხილავს“.

დასავლური პრესა: აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დებულებები

დასავლურ პრესაში, კერძოდ, ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას 7-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. მისი ძირითადი დებულებები ასეთნაირად გამოიყურება:

პირველი - დაუყონებლივი დაზავება;

მეორე - პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის;

მესამე - უკრაინის უარი ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა გაერთიანდეს ევროკავშირში;

მეოთხე და მეხუთე - ეს პუნქტები ეხება სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებს: აშშ იურიდიულად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები ფრონტის ხაზს „გაყინავენ“. დოკუმენტში ნათქვამი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები ფორმალურად რუსეთის კუთვნილად გამოცხადდება, მაგრამ, „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, აშშ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ისინი რუსეთის მთავრობის მიერ იქნებიან გაკონტროლებული. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხერსონის ოლქში - დნეპრის შესართავი) კიევს დაუბრუნდება, ხოლო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - ევროპაში უდიდეს აეს-ს - აშშ გააკონტროლებს.

მეექვსე - უკრაინა ხელს აწერს აშშ-სთან შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვების თაობაზე;

მეშვიდე - აშშ-ს და რუსეთს შესაძლებლობა ექნებათ აღადგინონ ეკონომიკური კავშირები. აშშ მთლიანად აუქმებს (ხსნის) ანტირუსულ სანქციებს. იწყება ფართო თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში.

„დეილი ტელეგრაფის“ მონაცემებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული გეგმა არ შეიცავს რაიმე მკაფიო გარანტიებს უკრაინის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის მხრიდან. ასევე დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი აშშ-ის მონაწილეობაზე „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციაში“ - იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც მზად არიან უკრაინაში სამშვიდობო ძალების გასაგზავნად (აქვე შევნიშნავთ, რომ აშშ-ის გეგმის თაობაზე მასალები გამოაქვეყნეს რიგმა ამერიკულმა და ევროპულმა გაზეთებმაც და გამოცემებმაც).

სარგებელი კრემლისათვის: რას იტყვის ევროპა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) კორესპონდენტი ელისაბედ ფოქსი აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და წერს: დასავლურ პრესაში მასალების მოზღვავება აშკარად მოწმობს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს. თეთრ სახლში იგი რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის დაპირებით მოვიდა, მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა: მოსკოვისა და კიევის დაპირისპირების „ცხელი ფაზა“, რომელიც ათი წლის წინ დაიწყო და რომელიც 2022 წლის თებერვლის ბოლოს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, თურმე აშშ-ის პრეზიდენტის სურვილით არ დამთავრდება. არსებობს უამრავი საკითხი, რომელთა სწრაფი გადაჭრა არ ხერხდება. მოკლედ, ომის სწრაფი შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან „ეშმაკი დეტალებში იმალება“.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შესრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირაღა რჩება. ტრადიციულად, პრეზიდენტობის ასდღიანი ვადა მმართველობის ის პერიოდია, რომლის შედეგადაც დასკვნა კეთდება, თუ როგორ მუშაობს თეთრი სახლი. დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტის საკითხში ჯერ-ჯერობით სატრაბახო არაფერი აქვს, ამიტომ დარჩენილ დროში რაღაც წარმატების დემონსტრირება აუცილებელია.

აშშ-ის საზავო ფაცი-ფუცი კრელმლს აშკარად ხელს აძლევს: ყირიმის იურიდიულად აღიარება რუსეთის ტერიტორიად, ოფიციალური უარი უკრაინის ნატოს წევრად მიღებაზე, ანტირუსული სანქციების მოხსნა ისეთი პირობებია, რომლებიც სწორედ რუსეთის მოთხოვნებში შედის და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გასული წლის ზაფხულიდან აყენებს. აშშ-ის პირობები არ უთავსდება უკრაინის „წითელ ხაზებს“, რომელთა თანახმად, კიევი კატეგორიულად უარს აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე.

თეთრი სახლი დიპლომატიური პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს - მოსკოვიც და კიევიც. უკრაინის პოზიცია აშშ-სათვის მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, მაგრამ დათანხმდება თუ არა მოსკოვი? მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, ტრამპის გეგმის მიხედვით, დონბასს და ყირიმს იღებს, მისთვის მაინც მტკივნეული იქნება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დარჩენილი ტერიტორიების კიევის კონტროლქვეშ დატოვება. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ოლქების ტერიტორიები სრულად შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს უკანდახევა მოუწევს.

აშშ-ის მცდელობებს, რომ როგორმე პოზიტიურ შედეგებს მიაღწიოს, წინ კიდევ ერთი პრობლემა ეღობება. დიახ, გასაგებია, რომ ევროპა და უკრაინას არ შეუძლიათ რაიმე გავლენა მოახდინონ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფზე, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს (და ამბობენ, პუტინის მიმართ კეთილად არის განწყობილი), მაგრამ აშშ-ის ნატოელ (ევროპელ) მოკავშირეებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ნატოს განცხადება, რომ უკრაინას ალიანსის რიგებში არ მიიღებს, ანდა ანტირუსული სანქციების მოხსნა-გაუქმება ვერ მოხდება დასავლეთის ქვეყნების ფართო კოალიციის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპელები დონალდ ტრამპის პოლიტიკის ბევრ მიმართულებას არ იზიარებენ და საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

მარკო რუბიოს ვიზიტი: რა მოჰყვება მის გაუქმებას

როგორც უკრაინაში „ბიბისის“ კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო აღნიშნავს, კიევის მოქმედების ლოგიკა „ამერიკული გეგმის“ მიმართ სრულიად გასაგებია, მაგრამ რჩება კითხვა: რა იქნება შემდეგ?

თუ ამერიკელები „უკრაინულ ტრეკს“ მართლაც მიატოვებენ, ამით დონალდ ტრამპის პირველ მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ მარცხს აღიარებენ და დაადასტურებენ იმას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მომლაპარაკებელი არ არის. ბუნებრივია, სიტუაციის ასეთი განვითარება თეთრ სახლს არ აწყობს. მაგრამ რას იზამს ვაშინგტონი, ამერიკელები კიევისათვის უფრო პოზიტიურ და მისაღებ გეგმას მოამზადებენ?

რას მოიმოქმედებენ ევროპელები? განა ისინი მოკლე დროში შეძლებენ  ამერიკელთა ჩანაცვლებას სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, თუ თეთრი სახლი, თავისი სამშვიდობო მისიის წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინას მიატოვებს? შეეცდებიან ევროპელები კიევსა და ვაშინგტონს შორის ხიდის აღდგენას? ან საკუთარ ფარგლებში ჩაიკეტებიან და მოემზადებიან შტორმისათვის, რომელიც ევროპას ელოდება ამერიკელების წასვლის შემდეგ?

დღეისათვის ისე ჩანს, რომ ამ სიუჟეტებში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს. მაგალითად, ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართოს არა ლონდონში ან ერ-რიადში, არამედ... რომში, პაპ ფრანცისკას დაკრძალვის დროს, სადაც შაბათს გაემგზავრებიან როგორც დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი პირველი პირები, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

შესაძლოა, ვიღაცეებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი უცნაური ინციდენტისა და აშშ-უკრაინის ურთიერთობების კრიზისის შემდეგ კიევი დარწმუნდება, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებაში ჭირვეულობით თვითონ ზარალდება და ამიტომ შეეცდება თავი აარიდოს კონფრონტაციას... მაგრამ ლონდონის მოლაპარაკებების ჩაშლამ აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს უნარი ამერიკას შეეწინააღმდეგოს და მის გეგმას „არა“ უთხრას.

„დონალდ ტრამპის გეგმა“, რომლის პრეზენტაციას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ელოდნენ, ინაუგურაციის მომდევნო დღეებში, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტად ომში რუსეთის მიზნების რეფერატს მოგვაგონებს, ვიდრე ურთიერთდათმობების დაფიქსირებას. მოკლედ, თეთრი სახლის შეთავაზება უფრო მეტად კრემლისთვისაა მომგებიანი, ამიტომაც კიევის ნეგატიური რეაქცია გასაკვირი არ არის.

აშკარაა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის გეგმას დაეთანხმება, ზიანს მიიღებს როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული გეგმა, როცა უკრაინას უსაფრთხოების გარანტია არ აქვს და თანაც ამერიკელები, ალბათ, დახმარებას შეამცირებენ, კიევისათვის მომგებიან პირობებს არ შეიცავს. და საერთოდ, უკრაინა დონალდ ტრამპის გეგმას რომც დაეთანხმოს, სადაა იმის გარანტია, რომ გეგმა მოსკოვისთვისაც მისაღები იქნება? ვლადიმერ პუტინმა რომ ტრადიციულად თქვას - „ჩვენ, ცხადია, ვეთანხმებით, მაგრამ...“ - და შემდეგ ნათქვამს ახალი მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალს მოაყოლებს, მაგალითად, კიევმა ოფიციალური უარი უნდა თქვას ოთხ ოლქზე და დემილიტარიზება უნდა განახორციელოსო, რას გააკეთებს ტრამპი?

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის