USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა“
თარიღი:  611

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა“. პუბლიკაციაში განხილულია ის რეზონანსი და გამოხმაურება, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში დაზიანებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას მოჰყვა.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინვის ეკიპაჟის დაღუპულ პილოტებს და სტიუარდესას, პრეზიდენტის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდებები მიენიჭათ. ეკიპაჟის ცოცხლად გადარჩენილი წევრებიც მაღალი ორდენებით დაჯილდოვდნენ. მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება და კომენტარებს უკეთებს იმას, თუ რას და როგორ წერენ უცხოეთის მასმედიაში.

რას ფიქრობენ აზერბაიჯანელები

ბევრი ფიქრობს, რომ პილოტებმა უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმი და მამაცობა გამოავლინეს, როცა დასაღუპავად განწირული საჰაერო ლაინერით როგორღაც ყაზახეთის აქტაუს აეროპორტამდე მიფრინდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხისტი დაშვება განახორციელეს, მგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი გადარჩა.

ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ რუსეთის ბრალი არ უღიარებია (თუმცა პრეზიდენტმა ახსენა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მუშაობა). კომპენსაციის გადახდაზე მას არაფერი არ უთქვამს, რაც ბევრ აზერბაიჯანელს არ მოსწონს.

ამასობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორჯერ შეამცირა რუსეთის მოქალაქეების აზერბაიჯანში ყოფნის ხანგრძლივობის ვადები - 90 დღემდე წელიწადში და ამ  გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დადებითი რეზონანსი გამოიწვია.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გაისმის მოწოდებები, რომ აზერბაიჯანში რუსების ადგილი  არ არის და რომ რუსეთი ავიაკატასტროფის გამოძიებას გააყალბებს - „საკუთარ თავს არ დაადანაშაულებს“. ზოგიერთებს კითხვები უჩნდებათ: პუტინის ბოდიში მხოლოდ ტელეფონით დარჩება თუ იგი საჯაროდაც მოიხდის ბოდიშს აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე?“.

აზერბაიჯანში ისიც შენიშნეს, რომ რუსეთის ტელევიზია აქცენტს აკეთებს უკრაინის დრონებზე და საკითხს ისე წარმოაჩენს, რომ უკრაინამ განგებ გაუშვა დრონები იმ დროს, როცა აზერბაიჯანის თვითმფრინავი რუსული რაკეტების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

უკვე ძალიან გვიანია...

ოპოზიციური პოლიტიკური მიმომხილველი რაუფ მირკადიროვი თვლის, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება უფრო ნაკლები იქნებოდა, ვლადიმერ პუტინს რომ ბოდიშის მოხდა მთელი ოთხი დღით არ დაეგვიანებინა. „ამ მოვლენამ ცხადჰყო, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული უთანასწორობის ფაქტორი არსებობს. ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ მომხდარ შეცდომას (თუ დანაშაულს) დაფარავდა და რომ მსგავსი იმედების არსებობა მიანიშნებს იმას, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული პრობლემები არსებობს. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა თავს დახრის და ყველაფერს უსიტყვოდ მიიღებს“.

როგორც რაუფ მირკადიროვი თვლის, პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებული ტექსტიდან ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრალი პირდაპირ არ აღიარა, ხოლო ილჰამ ალიევმა არ ისარგებლა შანსით, რომ რუსეთის ლიდერზე ზეწოლა მოეხდინა და უფრო მკაფიოდ გამოეხატა რუსეთის ბრალი.

აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი რასიმ მუსაბეკოვი ვარაუდობს, რომ რადგან რუსეთმა საბოლოო ჯამში შეცდომა აღიარა, ბაქოსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულება არ გაუარესდება. „იქ, კრემლში, გააცნობიერეს, რომ სიცრუე და დეზინფორმაციის პროპაგანდა რუსეთს არც სახელს არ შემატებს და არც პატივისცემას“, - თქვა მან „ბიბისთან“ ინტერვიუში, - რუსეთს შეცდომის აღიარება და ამ შეცდომის ჩამდენების დასჯა უფრო მეტად განუმტკიცებს ავტორიტეტს და უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას. პუტინმა ბაქოში საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბისტრიკინი გამოგზავნა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი კომპენსაციასაც გადაიხდის“.

ილჰამ ალიევი საზღვრებს არ ხსნის

აზერბაიჯანს 2020 წლის მარტიდან თავისი სახმელეთო საზღვრები დახურული აქვს - ფორმალურად კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ „კოვიდ-19“-ის საფრთხემ დიდი ხანია გაიარა, საზღვრები კი არ გახსნილა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც აზერბაიჯანის საქსტატის მონაცემებით ირკვევა, აზერბაიჯანელელთა ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა შემცირდა, მაგრამ ვისაც გასვლა ჭირდებოდა, ის ძირითადად ავიატრანსპორტით გადიოდა, ანუ თვითმფრინავების  მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, იგივე ბაქო-გროზნოს ავიარეისი AZAL-მა პირველად 2022 წელს შეასრულა და მას შემდეგ ამ მარშრუტით 77 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ აზერბაინანის ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ სახმელეთო საზღვრები რომ ღია ყოფილიყო, მაშინ ადამიანები (შრომითი მიგრანტები ან მათი ახლობლები) ისევე როგორც 2020 წლამდე, რუსეთში ტრადიციულად ავტოტრანსპორტით ან რკინიგზის მატარებლებით გაემგზავრებოდნენ და შესაბამისად, ისინი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მსხვერპლი არ გახდებოდნენ - ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასია საკმაო ხანია უკრაინის დრონების მოქმედების რეალად გადაიქცა.

„რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში აზერბაიჯანიდან რუსეთში გამგზავრება ყველაზე უსაფრთხოდ ავტომობილებით და რკინიგზით შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო საზღვრები უკვე ოთხი წელია დახურულია თითქოსდა პანდემიის გამო“, - ამბობს უფლებადამცველი და პოლიტემიგრანტი არიფ იუნუსი, - ილჰამ ალიევი ამაყად და მუდმივად აცხადებს, რომ საზღვრების დახურვით აზერბაიჯანმა ბევრ საფრთხეს თავი აარიდაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“.

დამსხვრეული ავიალაინერის ბორტზე აზერბაიჯანის 30 მოქალაქე იყო და მათგან ნახევარი ბელაქანელი (ქალაქი რუსეთის საზღვართან, ყოფილ ზაქათალის ოლქში, ანუ საინგილოში - ქართული ტოპონიმიკით - მთარგმნ.). ბელაქანელი მგზავრებიდან ბევრი შრომითი მიგრანტი იყო ან მათი ნათესავები.

როგორც ბელაქანის ერთ-ერთი მცხოვრები გიუნაი ამბობს, გროზნოში მის ძმა სამირ დავრიშევი მიფრინავდა,  რომელიც მშენებლობზე მღებავად („მალიარად“) მუშაობდა. მისი ახლობლები თითქმის 20 წელია გროზნოში ცხოვრობენ. „როცა საზღვრები  ღია იყო, დავდიოდით სახმელეთო ტრანსპორტით, ხოლო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რუსული სამგზავრო ავიაციით, რომელსაც მოგვიანებით „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავებიც დაემატა“. საბედნიეროდ, გიუნაის ძმა სამირი ცოცხალი გადარჩა და მხოლოდ ნაკაწრები გაუჩნდა.

20 წლის აიჰან ბაირამზადე გროზნოში სამუშაოდ თვითმფრინვით მიფრინავდა და ცხოვრებაში პირველად მოუწია თვითმფრინავით მგზავრობა. საბედნიეროდ, ისიც ცოცხალი გადარჩა. დეიდამისი  შახლა მურადოვა ჰყვება, რომ ჩეჩნეთში აიჰანის ძმა ოჯახით ცხოვრობს. „დიდი ხანია უკვე, რაც ნათესავები არ მინახავს, საზღვრები დახურულია და წასვლა არ შეგვიძლია“, - ამბობს მურადოვა.

რუსეთს აზერბაიჯანისათვის, მგზავრთა ნაკადის რაოდენობით, მეორე ადგილი უკავია თურქეთის შემდეგ.

ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიისაკენ ავიარეისები გააუქმა და „განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი“ გააგრძელა, ანუ სახმელეთო საზღვრები დახურული რჩება.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c4gwyddgzg4o

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის