USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპის ახალი ერა „ოქროს საუკუნის“ დაპირებით დაიწყო“ (ანალიზი)
თარიღი:  1011

„ტრამპის ახალი ერა „ოქროს საუკუნის“ დაპირებით დაიწყო“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ რუსული სამსახურის  (BBC russian) სტატიას, რომელშიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაა გაანალიზებული - BBC-ის ვაშინგტონში აკრედიტებული სპეცკორესპონდენტის ენტონი ზურკერის მიერ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში ამერიკელ ამომრჩეველთა საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე დაბრუნდა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის გამო, თავის საინაგურაციო გამოსვლაში მოსახლეობას დაპირდა, რომ ამერიკისათვის ახალი „ოქროს საუკუნე“ დგება.

დონალდ ტრამპის გამოსვლა გამოსვლა დაპირებებისა და წინააღმდეგობების ნარევს წარმოადგენდა. მათში მკაფიოდ ჩანდა ის ზოგიერთ საკითხი და გამოწვევა, რომლებიც ახალ პრეზიდენტს წინ დახვდება პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს.

ამერიკის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმიგრაციას და ეკონომიკას - იმ საკითხებს, რომლებიც, საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელ ამომრჩეველს გასულ წელს ყველაზე უფრო მეტად აღელვებდა. დონალდ ტრამპი ამერიკელებს ასევე დაპირდა, რომ ბოლოს მოუღებს აშშ-ის დემოკრატი მთავრობის მიერ რეკლამირებულ მრავალფეროვნების პროგრამებს და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა დაეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამაკაცი და ქალი. სხვათა შორის, განსაკუთრებით სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია აღფრთოვანებული რეაქცია კაპიტოლიუმში და მეზობელ Capital One Arena-ზე შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ეს არის იმის ნიშანი, რომ კულტურის სფეროს საკითხები, რომლებზეც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატებს უპირისპირდებოდა, სწორედ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება ელექტორატისა და ახალი პრეზიდენტის დამაკავშირებელ რგოლად.

მაგრამ სანამ იმას აღნიშნავდა, თუ რას მოუტანს ახალი ეპოქა, დონალდ ტრამპმა ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკური კლიმატის საკმაოდ უღიმღამო და ბნელი სურათი დახატა. იმ დროს, როცა ინაუგურაციაზე მყოფი მისი წინამორბედები - ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერ-წარმომადგენლები გაქვავებული სახეებით ისხდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა „ნდობის კრიზისს“ განიცდის. მან დაგმო წინა დემოკრატი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის (მთავრობის) მოქმედება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, მასზე როგორც რესპუბლიკელთა კანდიდატზე, ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ და დევნიდნენ - 2020 წლის არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეაჩერებს და უკუაგდებს „საშინელი ღალატის პოლიტიკას“ და მწავედ გააკრიტიკა აშშ-ის „რადიკალურ-კორუმპირებული ისტებლიშმენტი“, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელ მოქალაქეებს ხელისუფლებას ართმევდა და მათ ხარჯზე მდიდრდებოდა.

კაცმა რომ თქვას, ეს იყო ერთგვარი პოპულისტური, ანტიელიტური რიტორიკა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დონალდ ტრამპის გამოსვლების ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, თუმცა იმ დროისაგან განსხვავებით, როცა დონალდ ტრამპმა პირველად დაიწყო აღმასვლა აშშ-ის პოლიტიკური ხელისუფლების მწვერვალისაკენ 2015 წელს, ამჯერად იგი თვითონ წარმოადგენს იმ ისტებლიშმენტის ნაწილს, რომელიც უკვე ყალიბდება - იმავე დონითა და მდგომარეობით, როგორც ნებისმიერი ამერიკელი მოქალაქე. დონალდ ტრამპის უკან, შემაღლებულ ადგილზე ისხდნენ ამერიკული ბიზნესის მსოფლიოში ცნობილი გავლენიანი წარმომადგენლები - მარკ ცუკერბერგი, ჯეფრი ბეზოსი, სუნდარ პიჩაი, ილონ მასკი...

თავისი ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა ყურადღება მიიპყრო იმითაც, რომ მოსახლეობას უამრავ ბრძანებულებაზე ხელმოწერას დაპირდა - იმიგრაციის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის მწვავე საკითხებზე. პრეზიდენტმა ზოგიერთ მათგანზე ვრცლად ილაპარაკა: მან განაცხადა, რომ მოაგვარებს ენერგეტიკის და იმიგრაციის სფეროებში შექმნილ მძიმე სიტუაციას და გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის საზღვრების გასწრივ ამერიკის არმიის ქვედანაყოფები განათავსოს, მკვეთრად შეზღუდავს თავშესაფრის მთხოვნელთა უფლებებს და კვლავ დაუშვებს ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.

პრეზიდენტმა საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ აპირებს მექსიკის ყურეს სახელს გადაარქმევს და ამერიკის ყურეს უწოდებს (ცნობისათვის: მექსიკის ყურე - ატლანტის ოკეანის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-დასავლეთითან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია აშშ-ის, სამხრეთითან და სამხრეთ-დასავლეთიდან  - მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - კუბის სანაპირო ზოლით).

დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი დაპირება პანამის არხის დაბრუნების თაობაზე და გააკეთა უსაფუძვლო განცხადება, რომ მსოფლიოს ამ საკვანძო საზღვაო მარშრუტს ჩინეთი აკონტროლებს და ხაზი გაუსვა - „ამერიკული გემები, სამხედრო ხომალდების ჩათვლით, არხში გავლისას ძალიან ბევრ ფულს იხდიანო. ეს, ალბათ, მინიშნებაა პანამის მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკების მთავარ მიზანზე. „აშშ ისევ იქნება მზარდი ქვეყანა“, - თქვა მან და მოქალაქეებს დაპირდა აშშ-ს სიმდიდრის მატებას და ტერიტორიის გაფართოებას.

ბოლო გამონათქვამი, ალბათ, აშშ-ის მოკავშირეების ყურადღებას მიიპყრობს, რომლებიც უკვე შეშფოთებას ამჟღავნებენ დონალდ ტრამპის ინტერესით გრენლადიის დაუფლებაზე და მისი ხუმრობით, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდებაო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს და 20 იანვრის საინაუგურაციო გამოსვლაშიც დონალდ ტრამპი ამერიკელებს ბევრი საკითხისა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ახლა, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, როცა ინაუგურაცია უკვე ჩატარდა და როცა მან უკვე თეთრს სახლში აშშ-ის პრეზიდენტის ადგილი იურიდიულად დაიკავა, მას თავისი დაპირებების შესრულება მოუწევს და იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავს „ოქროს საუკუნე“ ამერიკისათვის.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c93q4xqvg1go

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის