USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე“
თარიღი:  892

„როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბიბისიმ“ (BBC) თავის ვებ- გვერდზე, რომლის ავტორია ანალიტიკოსი ბენ ჩუ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სრულმასშტავიანი სავაჭრო ომი რეალობა ხდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური პროდუქციის იმპორტზე 104%-იანი საბაჟო ტარიფები შემოიღო.

თავის მხრივ, ჩინეთმა განაცხადა, რომ იბრძოლებს ბოლომდე და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს აშშ-ის იძულებითი მოქმედების წინაშე. ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ უკვე გაზარდა თავისი საკუთარი სავაჭრო ბარიერები აშშ-ის წინააღმდეგ: 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციის იმპორტზე 84%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა.

რას ნიშნავს სავაჭრო კონფლიქტის გამწვავება მსოფლიოს ეკონომიკისათვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის გადავხედოთ აშშ-სა და ჩინეთის ვაჭრობის მოცულობას ერთმანეთთან.

585 მილიარდი დოლარი: დისბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ

გასულ 2024 წელს მსოფლიოს ორ ეკონომიკურად უძლიერეს სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი მოახდინა (440 მილიარდი დოლარის), ვიდრე ჩინეთმა აშშ-დან (145 მილიარდი დოლარის).

შესაბამისად, 2024 წელს აშშ-ის ჩინეთთან ვაჭრობის დეფიციტმა (ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის განხვავებამ) 295 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანია და აშშ-ის ეკნომიკის 1%-ის ექვივალენტს შეადგენს. მაგრამ ეს ბევრად მცირეა ერთ ტრილიონ დოლარზე, რასაც დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა.

ალბათ, უპრიანია გავიხსენოთ, რომ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა ჩინეთის პროდუქციაზე უკვე მოამატა საბაჟო ტარიფები, ხოლო ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაზარდა. ერთობლიობაში ამ ზომებმა შეამცირა იმ პროდუქციის წილი, რომელის იმპორტს აშშ ჩინეთიდან ახდენდა - 21%-იანი მაჩვენებლიდან (2016 წელს) 13%-იან მაჩვენებლამდე (2024 წელს).

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულში აშშ-ის დამოკიდებულება ჩინურ საქონელზე ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საყურადღებოა ერთი ფრიად ანგარიშგასაწევი გარემოება: ზოგიერთი პროდუქტის წარმოება, რომლის ექსპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახდენს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშია განაწილებული. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ვთქვათ, ვიეტნამში ჩინური კომპანია თავის პროდუქციას აწარმოებს და როცა შემდეგ ამ პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში ხდება, ეს შედის აშშ-ვიეტნამის და არა ჩინეთ-აშშ-ის   ვაჭრობაში, ანუ ტარიფების გვერდის ავლა ხდება.

2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 30%-იანი ტარიფები დააწესა ჩინური მზის პამელების იმპორტზე, მაგრამ 2023 წელს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ წარადგინა იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ჩინურმა კომანიებმა მზის ბატარეების წარმოების საბოლოო ოპერაცია (აწყობა) გადაიტანეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალაიზია, კამბოჯა და ვიეტნამი, შემდეგ კი მზა პროდუქციას აშშ-ში გზავნიდნენ, რითაც გვერდს უვლიდნენ ტარიფებს.

ბუნებრივია, ახალი ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრაპმა შემოიღო ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მიმართ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინური კომპანიების მიერ წარმოებულ საქონელზეც.

ამერიკული სოია ჩინელი ღორებისათვის

2024 წელს ამერიკული პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიად ჩინეთის იმპორტში ითვლება პარკოსანი მცენარეების, კერძოდ, სოიას მარცვლები, რომელსაც ჩინელები თავიანთი 440 მილიონი ღორის საკვებად იყენებენ.

ღორის ხორცი ჩინეთში ერთობ პოპულარულია: ქვეყანა აწარმოებს 51 მილიონ ტონა ღორის ხორცს, რაც მსოფლიო წარმოების ნახევარს შეადგენს.

ამერიკიდან ჩინეთში ასევე შეაქვთ ფარმაცევტული პრეპარატები და ნავთობპროდუქტები.

ჩინური ტელეფონები ამერიკელებისათვის

გასული წლის მონაცემებით, ჩინეთისაგან ამერიკა ძირითადად ელექტრონულ საქონელს ყიდულობდა, კერძოდ, კომპიუტერებს და სათამაშოებს, ასევე ლითიუმის აკუმულატორებს, რომლებიც აუცილებელია ავტომობილებისათვის. და მაინც იმ სამრეწველო პროდუქციის ყველაზე დიდ რაოდენობას (მთლიანი ვაჭრობის 9%-ს), რასაც აშშ ჩინეთისაგან ყიდულობდა, მობილური ტელეფონები - სმარტფონები შეადგენდა. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამერიკული ტრანსეროვნული კომპანიის Apple-ს სმარტფონების უდიდესი ნაწილი ჩინეთში მზადდება.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩინურ პროდუქციებზე საბაჟო ტარიფების ზრდა მათ გაძვირებას იწვევს. 104%-იანი ტარიფების დაწესება იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული ფასები, ვთქვათ, ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ Apple-ს მობილურ სმარტფონებზე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ანუ დაზარალდება ამერიკელი მომხმარებელი.

რასაკვირველია, ჩინეთის მიერ საპასუხოდ დაწესებული 84%-იანი ტარიფები ასევე გააძვირებს ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქციას, ანუ ამჯერად დაზარალდება ჩინელი მომხმარებელი.

ჩინური იშვიათმიწა ლითონები

თუმცა, ტარიფების გარდა, ჩინეთს და აშშ-ს აქვთ კიდევ სხვა მეთოდები და ბერკეტები, რომ ერთმანეთი რაც შეიძლება მეტად დააზარალონ ვაჭრობის მეშვეობით.

ჩინეთს ცენტრალური როლი აქვს დაკავებული მრეწველობისათვის ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ლითონის წარმოებაში - ჩვეულებრივი სპილენძიდან და ლითიუმიდან დაწყებული, იშვიათმიწა ელემენტებით დამთავრებული.

ესე იგი, პეკინს შეუძლია პრობლემები შექმნას ამ ლითონების ექსპორტში აშშ-სათვის. მსგავსი აკრძალვა ადრეც შეეხო ორ ლითონს - გერმანიუმს და გალიუმს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო მრეწველობა თბოვიზორებსა და რადიოლოკაციური აპარატურის წარმოებისათვის იყენებს.

თავის მხრივ, ამერიკას შეუძლია გაამკაცროს ჩინეთის საწინააღმდეგო მიმართული ტექნოლოგიური ბლოკადა, რომელიც ჯერ კიდევ ჯო ბაიდენმა დაიწყო - გაართულოს მიკროჩიპების (ინტეგრალური სქემების) ექსპორტი ხელოვნური ინტელექტისათვის, რომელთა წარმოება ჩინეთში ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის.

ახლახან დონალდ ტრამპის მრცეველმა ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავარომ ივარაუდა, რომ ამერიკას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რიგ ქვეყნებზე, მაგალითად, კამბოჯაზე, მექსიკაზე და ვიეტნამზე, რომ მათ, თუ აშშ-სთან ვაჭრობა სურთ, უარი უნდა თქვან ჩინეთთან ვაჭრობაზე.

აშშ-ის ანტიჩინური ნაბიჯის ნეგატიური გავლენა მსოფლიოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის 43%-ს შეადგენს.

თუ ორი სახელმწიფო ერთმანეთთან სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს გააგრძელებენ, რომელიც ექსპორტ-იმპორტის ზრდას დააყოვნებს ან სულაც რეცესიას გამოიწვევს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებსაც დააზარალებს, ვაჭრობის გლობალური ზრდის შენელების ფონზე. ასევე, სავარაუდოდ, შემცირდება საერთაშორისო ინვესტიციების ჩადება-დაბანდება.

არის სხვა პოტენციური ნეგატიური შედეგებიც.

ჩინეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იმაზე ბევრად მეტ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც საჭიროა შიდა მოთხოვნილებისათვის. პეკინს უკვე აქვს ტრილიონამდე სასაქონლო-სავაჭრო პროფიციტი, ანუ ჩინეთი უფრო მეტს გზავნის საზღვარგარეთ, ვიდრე საზღვარგარეთიდან თავისთან შეაქვს. ყურადღება მივაქციოთ: ჩინური პროდუქცია იწარმოება ძალიან იაფად, ანუ მისი თვითღირებულება დაბალია. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს დახმარებას უწევს იაფი კრედიტებით და სუბსიდიებით. ერთ-ერთი ასეთი საექსპორტო დარგია ფოლადის წარმოება.

არსებობს რისკი იმისა, რომ თუ ამგვარი საქონელი გაზრდილი ტარიფების გამო აშშ-ის ბაზარზე ვერ მოხვდებიან, მაშინ ჩინური კომპანიები შეეცდებიან მათი დემპინგი საზღვარგარეთიდან განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედება ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს, საბოლოო ჯამში მაინც დააზარალებს იმპორტიორი ქვეყყნის ეკონომიკას, შემცირებით დაემუქრება სამუშაო ადგილებს და შრომის ანაზღაურებას.

ლობისტურმა ჯგუფმა UK Steel-მა უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ჩინური ფოლადის ჭარბმა ნაწილმა შეიძლება ამერიკული ბაზრიდან ბრიტანულ ბაზარზე გადაინაცვლოს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ტოტალური სავაჭრო ომის გვერდითი შედეგები მთელი მსოფლიოსათვის საგრძნობი გახდება და როგორც ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის, მათი გავლენა  უკიდურესად ნეგატიური იქნება.

წყარო: 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის