USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში“: რას წერს დასავლური პრესა თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე“
თარიღი:  251

„დასავლური მასმედიის მთავარ თემას, ამ დღეებში, რა თქმა უნდა, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა წარმოადგენს, რომელიც მწვავე შეხლა-შემოხლით დასრულდა. რასაკვირველია, ჩაიშალა მინერალებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულა და ვაშინგტონიდან გაემგზავრა“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სათაურით „ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში“: რას წერს პრესა თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე“.

Financial Times: მასპინძელმა სტუმარი დაამცირა

თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, რომელიც იმდენად წარუმატებლად დაიწყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო“, გასაგები გახდა, რომ აშშ-მა „უარი თქვა უკრაინაზე“, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, - ნათქვამია „ფაინენშელ თაიმსის“ სარედაქციო სტატიაში სათაურით „ზელენსკი თეთრ სახლში დაამცირეს“.

„როგორც ჩანს, კიევში, სწორად ვერ შეაფასეს „დონალდ ტრამპის შეუბრალებლობა“: ამერიკის პრეზიდენტი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიეღო სასარგებლო წიაღისეულით - მინერალებით სარგებლობის  შეთანხმებიდან ისე, რომ კიევისთვის სანაცვლოდ ძალიან მცირე მიეცა. მართალია, ხელშეკრულების ბოლო პროექტი, გადამუშავების შემდეგ, ისეთი ხისტი აღარ იყო, როგორსაც თავდაპირველი ვერსია წარმოადგენდა, მაგრამ მასში მაინც არ იქნა შეტანილი უკრაინის უსაფრთხოების დაცვის არანაირი პირობები. დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ უკრაინაში ამერიკელი მუშების მუშაობა რუსეთის სამომავლო სავარაუდო თავდასხმის თავიდან აცილების გარანტია იქნებაო, დიდად სანდო არ არის.

ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის პრეზიდენტისათვის „მშვიდობა“ მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას ნიშნავს. იგი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია ისეთი ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც ამერიკელების ტელევიზორების ეკრანებიდან სისხლისღვრის კადრებს გააქრობს და ამერიკას სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება აღარ ექნება. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ასე არ დამყარდება. თეთრ სახლს არ სურს უფრო საიმედო გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შემდეგ ომის განახლება აღარ მოხდება.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ძველებურად განიცდის რაღაც მისტიკურ, გაუგებარ აღფრთოვანებას ვლადიმერ პუტინისა და მისი მსოფლმხედველობის მიმართ, რომელიც მე-19 საუკუნის დროინდელია და რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უნდა მართავდნენ არა მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტიტუტები, არამედ რამდენიმე ძლიერი და დიდი სახელმწიფოს ლიდერები, რომლებსაც თავიანთი გავლენის სფეროები ექნებათ.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთი დიპლომატიური ტალანტი არ აქვს, როგორც, მაგალითად, მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, რომლებმაც ამასწინანდელი ვიზიტების შედეგად დონალდ ტრამპთან ურთიერთობის მოგვარება მოახერხეს. როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრმა სახლმა ჩასაფრება მოუწყო, რომელიც მისი დამცირებით დასრულდა. პრეზიდენტის ბრძოლა უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში შევიდა, - წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

Fox News: უკრაინელ სტუმარს „მაგარი ბიჭობა“ მოუნდა

ამერიკული ტელეარხის „ფოქს ნიუსის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ჟურნალისტ ვიქტორია კოუტსის სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ვაშინგტონში „მაგარ ბიჭად“ წარსდგებოდა, მაგრამ ტრამპმა და ვენსმა მას იმედები გაუცრუეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ეგონა, რომ იგი ვაშინგტონში ჩამოსვლით მასპინძელთა უსაზღვრო აღტაცებას გამოიწვევდა და ისეთ „კარტ-ბლანშს“ მიიღებდა, როგორსაც ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის დროს იღებდა ხოლმე, მაგრამ შეცდა.

უკრაინის პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დადგმული კამერების წინ ისე იქცეოდა, თითქოსდა დონალდ ტრამპი ვალდებული იყო მის მიმართ უსიტყვო მხარდაჭერა და პატივისცემა გამოეხატა. იმის ნაცვლად, რომ უთანხმოება არ გამოევლინა და თუ რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდა, დახურულ კარს მიღმა ეთქვა, ზელენსკიმ არასწორი რეაგირება მოახდინა პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ნათქვამზე., რითაც ამერიკელების წინაშე საკუთარ რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ მას ეთქვა „მადლობა“, მან თავის ნათქვამში კრიტიკა შეურია და დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ დავა, რომელიც მან დაიწყო, „მაგარ ბიჭად“ წარმოაჩენდა, მაგრამ სინამდვილეში მისი მხრიდან გამოვლენილი ასეთი უპატივცემლობა არანაირ სიმპათიებს არ გამოიწვევს ამერიკელ გადასახადის გადამხდელში, რომლებმაც მძიმე შრომით გამომუშავებული ათობით მილიარდი მილიარდი დოლარი მის ქვეყანას მოახმარეს და რომლებმაც თავიანთი ხმა დონალდ ტრამპს მისცეს“.

The Wall Street Journal: ვაშინგტონისა და კიევის წარუმატებლობა

„თეთრ სახლში მომხდარი შეხლა-შემოხლით ორივე მხარე დაზარალდა - დონალდ ტრამპიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც: უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, აღარ ექნება ისეთი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერა გრძელვადიანი თავდაცვისათვის, როგორიც ჰქონდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი ხელით აღმართა დაბრკოლება თავისვე მიზნის მიღწევის გზაზე - შესულიყო ისტორიაში მშვიდობისმყოფლის სახელით, რომელმაც კიევისა და მოსკოვის დაზავება მოახერხა, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ოვალურ კაბინეტში მომხდარი ემოციური აფეთქება ტრამპისა და ზელენსკის წარუმატებლობას ნიშნავს“ (ავტორები - ალექსანდრე უორდი და მერი მაკგროუ).

დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი, რომლებმაც ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ გამოუცხადეს საყვედური, ალბათ, ელოდნენ, რომ იგი თავის ხისტ პოზიციას შეარბილებდა და უთანხმოებას ასე თუ ისე დამალავდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა: ზელენსკიმ პოზიცია არ შეცვალა. საბოლოო ჯამში,მოლაპარაკება ჩაიშალა. ასეთი უთანხმოების გამოვლენა საჩუქარია რუსი პრეზიდენტისათვის: მოსკოვს შესაძლებლობა უჩნდება კვლავ უკარნახოს თავისი პირობები  კიევს და ვაშინგტონს.

„არავინ ისე არ ტკბება თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტით, როგორც ვლადიმერ პუტინი. მოსალოდნელია რუსების სწრაფი მოქმედება, რომ კრემლმა მისთვის შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით ისარგებლოს და სწრაფად გარიგდეს უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციის თაობაზე“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

The Guardian: დიპლომატიის სიკვდილი პირდაპირ ეთერში

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიპლომატიის დაღუპვა: სტრამპი და ვენსი ზელენსკის დასაშინებლად გაერთიანდნენ“ (ავტორი - დევიდ სმიტი), რომელშიც აშშ-ის თეთრ სახლში მოხდარი ინციდენტი შეფასებულია როგორც „თანამედროვე ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთ უდიდეს დიპლომატიურ კატასტროფად“.

„ოდესღაც წმინდათა-წმინდა ოვალურ კაბინეტში მწვავე დავა გაჩაღდა: დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის გაცხარებულ ბრალდებებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მთელი მსოფლიო გაოცებისაგან ყბაჩამოვადნილი უყურებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპმა და მისმა გაქნილმა ვიცე-პრეზიდენტმა წინასწარ დაუგეს. მასპინძლებს ისეთი ვარაუდი ჰქონდათ, რომ სტუმარი გულხელდაკრეფილი იქნებოდა და „წიხლების რტყმევას“ მოითმენდა, მაგრამ მან „ძლიერთა ამა სოფლისას“ წინააღმდეგობა გაუწია. აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი შეეცადნენ უკრაინელი კოლეგისათვის „ყური აეწიათ“ ონავარი ბავშვისავით.

გარიგება არ შედგა. დაგეგმილი ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაუქმდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ხელცარიელი წავიდა. მას თეთრ სახლში პირადი დიპლომატიური ჩერნობილი მოუწყეს. რაც შეეხება ევროპას... უინსტონ ჩერჩილის ბიუსტს, რომელიც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ზურგს უკან იდგა, ალბათ, ბრაზისაგან ცრემლი წამოუვიდა...“, - წერს დევიდ სმიტი.

 Der Spiegel: რას გააკეთებს ევროპა?

გერმანულ ჟურნალ „შპიგელში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯუნგლების კანონი თეთრ სახლში“ (ავტორი - რენე პფისტერი), რომელშიც კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში მომხდარი სკანდალი სტუმარსა და მასპინლებს შორის.

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირება აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ: დასავლეთის წამყვან სახელმწიფოს ამჟამად აღარ უნდა ვენდოთ.

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ძალაზეა დამყარებული, არაორაზროვნად აჩვენებს „ძველ სამყაროს“ - ევროპას, რომ მას უკვე მეტად აღარ ექნება გარანტიები და ნდობა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. დიდი ალბათობით, ახდება წლების წინ ემანუელ მაკრონის მიერ ნათქვამი - ტრანსატლანტიკური ალიანსი მოკვდება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში, სადაც ისეთი ადამიანები ბატონობენ, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ტანკებისა და ბირთვული ქობინების იმედი აქვთ.

დონალდ ტრამპი შეიძლება ისევ არის ნატოს მიმართ მენ-ნაკლებად ერთგული, მაგრამ განა უნდა ვენდოთ იმ ადამიანის სიტყვებს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებს და მასზე ზეწოლას ახდენს ხელი მოაწეროს აშშ-სათვის სასარგებლო დოკუმენტს?

შესაძლოა გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვები - იყო თუ არა გონივრული ნაბიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ტრამპისა და ვენსისათვის ლექციის წაკითხვა პირდაპირი ეთერის დროს, მაგრამ ოვალურ კაბინეტში მომხდარ დრამას მხოლოდ მას ნუ დავაბრალებთ და ნუ ვიტყვით იმას, რომ მას დიპლომატიური ჩვევების დეფიციტი აქვს.

თვითონ დონალდ ტრამპმაც ცუდად მოამზადა პოტენციური გარიგება და რაც უფრო უარესია - შექმნა იმის შთაბეჭდილება, რომ ომში არ არსებობს მკაფიო განსხვავება აგრესორს (რუსეთს) და მის მსხვერპლს (უკრაინას) შორის.

სწორედ ამ გროტესკულმა მორალურმა მიდგომამ, როცა ორივე - აგრესორი და მისი მსხვერპლი დონალდ ტრამპმა „ერთ ტაფაში მოაქცია“, გამოიწვია ემოციები ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, ევროპისათვის დრამატული შედგები ექნება.

გერმანიის მომავალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწევთ, რომ ევროპა ახალი სახიფათო სამყაროს უსიერ ჯუნგლებში გაატარონ. ეს ამოცანა რთულია, მაგრან არის იმედი, რომ ისინი ამას რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ.

„რუსეთი, ევროზონასთან შედარებით, ეკონომიკურ ჯუჯას წარმოადგენს. რუსეთის ეკონომიკა ვერანაირად ვერ გაუწევს მეტოქეობას ევროკავშირის ეკონომიკას. თუ ევროპას ნამდვილად სურს, რომ რუსეთი შეაჩეროს, მან უნდა შექმნას ისეთი შემკავებელი სისტემა, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებლად იმოქმედებს. და თუ პარიზი, ბერლინი და, ალბათ, ლონდონიც ნაბიჯებს სინქრონულად გადადგამენ და გამოვლენ თავიანთი ეროვნული ინტერესების ჩარჩოებიდან (ანუ ევროპული მასშტაბით იმოქმედებენ), მაშინ ბრიტანული და ფრანგული ბირთვული იარაღით (გაერთიანებული ძალისხმევით) შეიძლება საერთო-ევროპული ბირთვული ქოლგა შეიქმნას“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.