USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან“
თარიღი:  894

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაჯიდ ტახტ-რავანჩისთან სათაურით „ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან“ (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლიზ დიუსეტი, რომელიც თეირანში იმყოფება და ალექს ბოიდი - ლონდონიდან).

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

„თუ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ზალისხმევის განახლება სურს, მაშინ ვაშინგტონმა მთლიანად უნდა გამორიცხოს ნებისმიერი დარტყმები ირანის მიმართ“, - განაცხადა BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანს შუამავლების მეშვეობით შეატყობინა, რომ თეთრ სახლს სურვილი აქვს მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ „ჯერ-ჯერობით ამერიკას თავისი პოზიცია არ დაუკონკრეტებია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ - გააგრძელებს თუ არა შეტევებს ირანის წინააღმდეგ“.

ირაელის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც 13 ივნისის ღამით დაიწყო, ჩაშალა პირდაპირი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი, რომელიც მასკატში (ოამანის დედაქალაქში) უნდა გამართულიყო 15 ივნისს. აშშ ირანსა და ისრაელის კონფლიქტში ჩაერია 22 ივნისს, ადრე დილით, როცა ავიადარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე (ფორდო, ნათანზე და ისპაჰანი).

მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი მტკიცედ მოითხოვს, რომ ურანის გამდიდრების შესაძლებლობა ჰქონდეს, მშვიდობიანი მიზნებით და უარყო ბრალდება, თითქოსდა ირანი ფარულად ცდილობს ბირთვული იარაღის დაუფლებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ირანს აუკრძალეს ბირთვული მასალებზე მუშაობის უფლება კვლევითი მიზნებისათვის, ამიტომ თეირანი იძულებულია „საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს“.

„ურანის გამდიდრების დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ასევე მის მოცულობაზეც, მაგრამ იმის თქმა, რომ თქვენ ურანის გამდიდრების უფლება არ გაქვთ, რომ თქვენ გამდიდრებული ურანის არცერთი გრამი არ უნდა გქონდეთ და თუ გექნებათ, აუცილებლად დაგბომბავთო - ასეთი მოთხოვნა ჯუნგლების კანონს წარმოადგენს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში.

ირანის ბირთვული პროგრამისადმი მიყენებული ზიანი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი რჩება. როგორც თვითონ მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა, მასაც არ შეუძლია რაიმე ზუსტი შეფასება გააკეთოს.

გაეროს საერთაშორისო ატომური სააგენტოს („მაგატე“) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით, დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ბირთვულ პროგრამას, თუმცა, მისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად არის განადგურებული. და თუ ირანი ისევ დააპირებს ურანის გამდიდრებას, მაშინ კვლავ დადგება დღის წესრიგში ირანის დაბომბვის საკითხი.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს თავისი ბირთვული პროგრამის გადახედვა (შემცირება) რომელიმე შეთანხმების ჩარჩოებში, ვთქვათ, თუ ირანს სანქციებს მოუხსნიან და ინვესტიციების ნებას დართავენ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ თქვა: „განა რატომ უნდა დავთანხმდეთ ჩვენ ასეთ წინადადებას?“. მან გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული კვლევების პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და ურანის 60%-მდე გამდიდრება სწორედ ამ მიზნების რეალიზებისათვის არის აუცილებელი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შუამავლების დახმარებით მიიღო შეტყობინება, რომ ამერიკას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლაში, კერძოდ, ქვეყნის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომაში. მაჯიდ ტახტ-რავანჩის თქმით, ირანელებს შეუძლიათ ხელისუფლების ზოგიერთი მოქმედება გააკრიტიკონ, „მაგრამ როცა საქმე ეხება უცხოურ აგრესიას, ირანელი ხალხი ერთ მუშტად იკვრება და მომხდურს წინააღმდეგობას უწევს“.

ირანის არაბი მოკავშირეები სპარსეთის ყურედან „ყველაფერს აკეთებენ, რომ დიალოგისათვის აუცილებელი ატმოსფერო შექმნან“ (მაგალითად, კატარმა საკვანძო როლი შეასრულა ცეცხლის ამჟამინდელ შეწყვეტაში). „ჩვენ ომი არ გვინდა. ჩვენ გვსურს დიალოგი და დიპლომატია, მაგრამ ჩვენ ამავდროულად მზად უნდა ვიყოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ რთულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ.

აქვე შევნიშნავთ, რომ „ბიბისის“ კორესპონდენტს ნება აქვს ირანში იმუშაოს, მაგრამ იმ პირობით, რომ მისი არცერთი რეპორტაჟი არ იქნება გამოყენებული „ბიბისის“ სპარსული სამსახურის მიერ. ეს მოთხოვნა ეხება ირანში მომუშავე ყველა საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენელსაც.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის