USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
დავით არსენიშვილი - ხელოვნების მცველი, რომელმაც ანჩისხატის ეკლესია გადაარჩინა დანგრევას
თარიღი:  8945

დავით არსენიშვილი, ქვეყნისთვის თავდადებულ მოღვაწე, რომელსაც საბჭოთა საქართველოში სათანადოდ არ აფასებდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მაინც შემოენახა ამ დიდებული ადამიანის სახელი, მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. დავით არსენიშვილის ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ კარგად დაინახო მისი დიდი დამსახურება ეროვნული კულტურის წინაშე.

1905  წლის 11 იანვარს, დაბა ტყიბულში, ილია არსენიშვილსა და პრისკილე აბზიანიძეს ვაჟი, დავითი, შეეძინათ, იგი 1913 წელს ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა გაგრის, ბაქოსა და თბილისის სკოლებში. 1921-1923 წლებში განათლება მიიღო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1922 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის დრამატული სტუდია მსახიობ მ. ლ. როქსანოვას ხელმძღვანელობით.

1923 წლიდან კი  როგორც რეჟისორმა მუშაობა დაიწყო პროლეტკულტის ქართულ სექტორში. ამავე პერიოდში, 1921-1923 წლებში ,დავით არსენიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ტრიბუნასთან“. 1924-27 წლებში იგი თბილისის თანამედროვე თეატრ-სტუდიის სამეცნიერო ნაწილს ხელმძღვანელობდა და თეატრის ისტორიის შესახებ ლექციებსაც კითხულობდა.

დავით არსენიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში საგანგებოდ აღნიშნავდა: „სტუდიაში მუშაობის პერიოდში დავიწყე ქართული თეატრის ისტორიის შესწავლა. ამის შედეგია 1927 წელს სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის თეატრის სექციაზე წაკითხული ნაშრომი, რომელსაც ა. ა. ბახრუშინი თავმჯდომარეობდა“.

 1927 წელს დავით არსენიშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ წელს მის მიერ შეგროვებული უნიკალური საარქივო დოკუმენტებისა თუ სხვა ექსპონატების ბაზაზე თეატრალური გამოფენა გაიხსნა, რამაც   პირველ სათეატრო მუზეუმს დაუდო საფუძველი.

როგორ ჩამოიტანა ქართველმა მოღვაწემ ფასდაუდებელი ისტორიული თეატრალური ფარდა მოსკოვიდან თბილისში

1922 წელს ცნობილმა თეატრალმა ქალბატონმა, ელენე სუხოდოლსკაიამ, (ჭავჭავაძე), მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული “თავისუფალი თეატრის“  ფარდა საქართველოს უსახსოვრა. დავით არსენიშვილმა უნიკალური ხელოვნების ნიმუშის სამშობლოში ჩამოსატანად უამრავი დაბრკოლება გადალახა. მან 1930 წელს დაიწყო ბრძოლა  შედევრის გადასარჩენად!  ბრძოლა  საქართველოდან შორს, საბჭოეთის დედაქალაქში უნდა მოეგო. მოსკოვიდან უნდა წამოეღო ის, რაც თითქოს ქართველებს არც ეკუთვნოდათ. რუსეთიდან ძვირფასი განძი უნდა ჩამოეტანა,  ეს კი  თითქმის წარმოუდგენელი იყო. დავით არსენიშვილი იბრძოდა იმ უძვირფასესი თეატრალური ფარდისთვის, რომელიც დიდმა რუსმა მხატვარმა, კონსტანტინ სომოვმა, კოტე მარჯანიშვილის “თავისუფალი თეატრისთვის” შექმნა.

კოტე მარჯანიშვილიც კარგად უწყოდა, რომ სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელზე უდიდესი გავლენის მოხდენა ფარდას შეეძლო, სწორედ ფარდა უნდა ყოფილიყო თეატრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. ამიტომ ქართველმა რეჟისორმა ფარდის დამზადება კონსტანტინ სომოვს დაუკვეთა, მხატვარს, რომელიც თეატრისთვის საერთოდ არ მუშაობდა, მაგრამ მისი ხელოვნება საზეიმო დეკორაციულობითა და ეფექტური თეატრალიზაციით გამოირჩეოდა.

აპლიკაციებით გაფორმებული ფარდა მართლაც ხელოვნების გამორჩეული ქმნილება იყო. შემორჩენილია თანამედროვეთა აღფრთოვანებული გამოხმაურებებიც, მას “გასაოცარ ნამუშევრად” მიიჩნევდნენ.

აი, სწორედ ამ ძვირფასი შედევრის შენარჩუნება და საქართველოში ჩამოტანა სურდა დავით არსენიშვილს. ფარდის  ზომები 7 X 11 მეტრს შეადგენდა,  მხოლოდ ესკიზში “თავისუფალი თეატრის” მფლობელმა 15 ათასი რუბლი გადაიხადა და მის შესაქმნელად 50-მდე მკერავმა რამდენიმე თვე დახარჯა. როგორც რუსი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ელენა იაკოვლევა ,მიიჩნევს, ფარდის მნიშვნელობას ისიც აორმაგებდა, რომ მის შეკერვაში სავარაუდოდ, თავად მხატვარი და მისი და ,ანა სომოვა, მონაწილეობდნენ. ასე რომ, შედევრად ქცეულ ფარდას მემორიალური მნიშვნელობაც ჰქონდა.

1920 წლიდან ხელოვნების ეს ნიმუში ხმარებიდან ამოიღეს და მოსკოვის სანახაობათა სამმართველოს საწყობში ინახებოდა. დავითი წერილებით საქართველოს განათლების კომიტეტსა და საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა, იგი  ითხოვდა, ყოფილი თავისუფალი თეატრის ფარდა სათეატრო მუზეუმისთვის გადმოეცათ, რადგან “ფარდა საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის ფერწერულ დოკუმენტს წარმოადგენდა”.

მრავალი მცდელობისა და  წვალების შემდეგ, არსენიშვილმა  ხელისუფალთაგან თანხმობა მიიღო.

 დოკუმენტში ეწერა: “საბჭო მიიჩნევს, რომ ყოფილი თავისუფალი თეატრის ფარდის ადგილი საქართველოს სათეატრო მუზეუმშია, რომელიც ისტორიულად რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებას უკავშირდება, რისთვისაც გთხოვთ, აღნიშნული ფარდა საქართველოს სათეატრო მუზეუმს გადასცეთ განკარგვაში”.

შეიქმნა ფარდის საქართველოსთვის გადაცემის კომისია. მასში  შევიდნენ რესპუბლიკის სახალხო არტისტი ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან, პაველ კოგანი- სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიიდან, ალექსანდრ ტაიროვი- კამერული თეატრიდან, დავით არსენიშვილი- საქართველოს თეატრალური მუზეუმიდან, ვლადიმირ ვლადიმიროვი -მცირე თეატრიდან, ოსვალდ გლაზუნოვი- ვახტანგოვის სახელობის თეატრიდან და ევსეი ლიუბიმოვ-ლანსკოი -მოსკოვის ოლქის პროფკავშირთა თეატრიდან.

კომისიას საკითხი ფორმალურად უნდა შეესწავლა და დადებითად გადაეწყვიტა. მაგრამ მოხდა პირიქით, როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კერძოდ ლუბიმოვ-ლანსკოიმ,  კომისიის რუსი წევრები გადაარწმუნა და კომისიამაც უარი განაცხადა უნიკალური ფარდის საქართველოსთვის გადაცემაზე.

დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. გააფთრებულ წინააღმდეგობას სწევდა მოსკოვის სანახაობითი წარმოებების სამმართველოს უფროსი მოროზოვი, რომელმაც არსენიშვილს ასე მიმართა: “მე უარს ვაცხადებ ფარდის გადაცემის განკარგულების შესრულებაზე და მოსკოვის საბჭოს დადგენილებას ბოლომდე შევებრძოლები”. მოროზოვს მხარი აუბა ლიუბიმოვ-ლანსკოიმ, მოსკოვის პროფკავშირთა თეატრის დირექტორმა. მან არსენიშვილს ფარდის გადაცემის შესახებ ოფიციალური უარი გაუგზავნა. არსენიშვილსა და მოროზოვს შორის ფარდის გადაცემის თაობაზე დაძაბული საუბარი გაიმართა, სამმართველოს უფროსი დროის გაყვანას ცდილობდა, დავით არსენიშვილს კი ჩანს, უსახსრობის გამო, მოსკოვში დიდხანს დარჩენა არ შეეძლო. “რა ჩემი საქმეა, იყავით მოსკოვში თუნდაც ორი თვე, მე ჩემსას მაინც გავიტან” - ამ პასუხით გამოისტუმრა საბჭოთა მოხელემ მოსალაპარაკებლად მისული დავით არსენიშვილი და ფარდის გადაცემის საკითხი  ჩიხში შევიდა.

ქართული თეატრალური მუზეუმის დირექტორი დათმობას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა. დავითი ოპონენტის  დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ადამიანებს იმ საქმის მნიშვნელობაში არწმუნებდა, რომელსაც ემსახურებოდა და მათ თანამოაზრეებად აქცევდა. მისი ურთიერთობის თავისუფალი მანერა გადამდები იყო. დიდ ფორუმებსა თუ პირად საუბრებში სადად, უბრალოდ ლაპარაკის უიშვიათესი ნიჭი ჰქონდა.

მისმა დიპლომატიამ გაჭრა და დავითთან მოთათბირების შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკომ, პოეტმა პაველ კოგანმა, დრამატურგმა სერგო ამაღლობელმა და კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტაიროვმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომლითაც “თავისუფალი თეატრის” ფარდის საქართველოსთვის გადაცემა შეჩერდა. მოვლენები ქართული თეატრალური მუზეუმის სასიკეთოდ შემოტრიალდა. მოსკოვის საბჭოს დადგენილებას საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და რსფსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატმაც დაუჭირა მხარი.

1930 წლის თებერვლის ბოლოს მოსკოვის პროფკავშირის თეატრის თანამშრომლებისა და დავით არსენიშვილის თანდასწრებით სანახაობათა სამმართველოს საწყობში ფარდა დაათვალიერეს და შეაფასეს. “დათვალიერებით დადგინდა, რომ ფარდა სრულ წესრიგშია და დაცულია მშვენივრად, გამონაკლისია მხოლოდ მარჯვენა მხარეს ქვედა არშიასთან ადგილ-ადგილ გადახეხილი მწვანე კიდე”. ხელოვნების უნიკალური ნიმუში 60 ათას მანეთად შეფასდა და იგი სათეატრო მუზეუმის წარმომადგენელ დავით არსენიშვილს გადაეცა.

დაძაბული ეპოპეა ამით დასრულდა. შემორჩენილია ერთი პატარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ძვირფასი ნიმუში სამშობლოში დავით არსენიშვილმა მარტომ, მატარებლით ჩამოიტანა. ამისთვის მოსკოვში ამიერკავკასიის მუდმივ წარმომადგენლობას საგანგებოდ მიუმართავს მოსკოვში, ყაზანის ვაგზლის უფროსისთვის და ქართველ მოღვაწეს ნება დართეს, ძვირფასი ისტორიული განძი ვაგონში შეეტანა. ის დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ქმნილებად მიიჩნევა.

თეატრის მუზეუმის შექმნა

დავით არსენიშვილს ქართული კულტურის ისტორიისთვის თეატრალური მუზეუმის მნიშვნელობა შესანიშნავად ესმოდა. სტუდიაში სწავლის დროს თეატრალური მუზეუმის შექმნის იდეამ იმდენად გაიტაცა, რომ გარშემო სტუდიის მოსწავლე-ახალგაზრდობა შემოიკრიბა, რომელთა შორის იყვნენ:  ნინო ვოლკოვა, (შემდეგში ლადო გუდიაშვილის მეუღლე), ბორის ჩეჩელაშვილი, შოთა ტურაბელიძე (მოგვიანებით მოსკოვის ე. ვახტანგოვის თეატრის რეჟისორის ასისტენტი), ნინო და ალიოშა დუმბაძეები და მათთან ერთად ნეკრასოვისა და კლარა ცეტკინის ქუჩების კუთხეში მდებარე სასტუმროს `ეაუ ონდე~ ნახევრად სარდაფში სათეატრო მუზეუმის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

მომავალი მუზეუმისთვის თანხის მოსაზიდად დავითმა თეატრალური დადგმების განხორციელება გადაწყვიტა და ძველი ცირკის მრგვალ, ხისგან ნაშენ შენობაში ა. გრიბოედოვის პიესის, ”ქართული ღამის” დადგმა განახორციელა. მუზეუმის პირველ ექსპონატებს შორის იყო ა. სუმბათაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ოპერა “ღალატის” ლიბრეტო, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, გრიგოლ ორბელიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვათა ხელნაწერები. მუზეუმში მან თავი მოუყარა ძვირფას ქართულ თეატრალურ კოსტუმებს,   მემორიალურ ნივთებს, მათ შორის ისეთ იშვიათ ექსპონატებს როგორებიცაა: დიმიტრი ყიფიანის ნესესრი, მარიონეტების თეატრის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველი ფიგურის `ვაიანგის~ XIX საუკუნის ნიმუში. ქართული და კავკასიური დასების უნიკალურ ფოტოები. სამუზეუმო ფონდის ქართული ნაწილი ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან დაკავშირებული მასალით იყო წ,არმოდგენილი, როგორებიც არიან: პირველი ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი, ცნობილი მსახიობები ვასო აბაშიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულმა, აზერბაიჯანულმა და სომხურმა თეატრებმა დიდი ისტორიული მნიშვნელობის თეატრალური ნივთები მუზეუმს საჩუქრად გადასცეს.

სათეატრო მუზეუმში დაცული მასალა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა, ექსპონატები გამოფენილი იყო კიოლნში, ბერლინში, მიუნხენში, პარიზში, ლონდონში, რომსა და ნიუ-იორში.

დავით არსენიშვილი და გრიბოედოვი

1929 წელს დავით არსენიშვილმა ალექსანდრ გრიბოედოვის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყო თბილისში, ბაქოსა და ერევანში. მოგვიანებით, მისი თხოვნით, თბილისის განათლების განყოფილებამ ეს გამოფენა მუდმივმოქმედ ექსპოზიციად გადააქცია, რომელსაც მღვდელმა მაჭარაშვილმა ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავთან ახლოს მდებარე სახლში, ორი ოთახი დაუთმო. დავით არსენიშვილისა და ტიციან ტაბიძის მცდელობით, საბჭოთა საქართველოს მთავრობამ გრიბოედოვისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე ლიტერატურის მუზეუმად გამოაცხადა.

 ასე შეუწყო ხელი დიდმა ქართველმა, რუსი დიპლომატის გრიბედოვის სახელის უკვდავყოფას, იმ გრიბოედოვის, რომლის ღვაწლი საქართველოს წინაშე დიდი კითხვის ქვეშ დგას და რომელიც ქართველთა „სიძის“ სტატუსით ხშირად საქართველოს წინააღმდეგ და მის არაკეთილმოსურნეთა საარგებლოდ იღწვოდა. თუმცა ეს საყვედურად არანაირად არ შეიძლება წავუყენოთ დავით არსენიშვილს, რომელიც იმ ეპოქის შვილი გახლდათ და გულწრფელად იღწვოდა ამ კულტურული ფენომენის პოპულარიზაციისთვის.

როგორ გადაარჩინა დავით არსენიშვილმა ანჩისხატი დანგრევას

არსენიშვილი დასაღუპად განწირული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენისთვის აქტიურ ბრძოლას განაგრძობდა. მისი თაოსნობითა და დახმარებით, ანჩისხატის სახელოვანი ტაძარი დანგრევას გადაურჩა.

არსენიშვილმა იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ “მებრძოლ უღმერთოთა კავშირს”, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას მოითხოვდა. შეიტყო თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძრის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არსენიშვილი მაშინვე ეკლესიაში “გადასახლდა” და მის თაღებქვეშ ათენ-აღამებდა. მეცნიერი აცხადებდა, რომ მზად იყო, ტაძრის ნანგრევებქვეშ მოყოლილიყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საკითხის გამწვავებასა და აჟიოტაჟს უკან დახევა ამჯობინა. ხელოვნების სასახლეში შემორჩენილი საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დავით არსენიშვილს ანჩისხატის გადარჩენისთვის წამოწყებულ ბრძოლაში ფარულად ეხმარებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.

დავით არსენიშვილი მონაწილეობდა ყოფილ კომკავშირის ხეივანში, ნარიყალასთან ახლოს, თბილისის მუზეუმის დაარსებაში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე როსტომ მეფის სასახლისა და თოფხანის გაწმენდასა და რესტავრაციაში, ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან,  კალისტრატე ცინცაძესთან, რომელსაც ხუროთმოძვრების ძეგლებისა და საეკლესიო სიძველეთა გადარჩენასა და მოვლაში ეხმარებოდა.

სათეატრო მუზეუმის დირექტორობიდან განთავისუფლება

1935 წლის 19 მარტს, შეთითხნილი ბრალდებით- „ქალაქ ბაქოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად და დაუკითხავად გამგზავრების“ გამო, არსენიშვილი სათეატრო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მის მიერ დაარსებულ მუზეუმში ბოლო პერიოდამდე მის შესახებ კონკრეტულად არავინ არაფერი იცოდა, მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მუზეუმს “ვიღაც დირექტორი”  ჰყავდა. სათეატრო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1936-1938 წლებში დავით არსენიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ კ. სტანისლავსკის სახელობის სტუდიაში სწავლობდა.

1938-42 წლებში ხელშეკრულებით მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში სხვადასხვა დაწესებულებებში (მუზეუმები, გამოფენები) სამხატვრო გამფორმებელად. 1941 წელს მუშაობდა თბილისის არქიტექტურის ძეგლების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში. პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნიდა „სამხატვრო სალონს”, რომელიც 1944 წელს გაიხსნა. 1948-1950 წლებში დ. არსენიშვილი ორგზის აირჩიეს ქ. თბილისის  183 საარჩევნო ოლქის დეპუტატად. დაჯილდოვებული იყო მედლებით:  `შრომითი მამაცობისთვის~ და “კავკასიის დაცვისთვის“.

როგორ დაუბრუნა არსენიშვილმა რუსებს ანდრია რუბლოვი

1949 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოსკოვის ანდრონიკეს მონასტრის თეთრი ქვით ნაშენი მაცხოვრის ტაძრის შენობაში  უდიდესი რუსი ხატმწერის, ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის დასაარსებლად დ. არსენიშვილი მოსკოვში გადაიყვანა. დავითმა გაპარტახებული მონასტრის ტერიტორიაზე მუზეუმის შექმნა ორ თანამშრომელთან ერთად დაიწყო, რუსული კულტურის  არაერთი შედევრი სამუდამო დაღუპვისგან გადაარჩინა და ათი წლის შემდეგ ქვეყანას დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ბიზანტიური  და რუსული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი – ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმი მოუვლინა. აქ  დღეს დანგრეულ ეკლესიებში დასაღუპად განწირულ ხელოვნების ათასობით უნიკალური ნიმუში ინახება, მათ შორის – ანდრეი რუბლიოვისა და მისი წრის ოსტატთა – დანიელ ჩორნის, პროხორ გოროდცელის და დიონისის შედევრები. დ. არსენიშვილს მოსკოვში მუშაობის ათი წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია.

მოსკოვში მოღვაწეობა

მოსკოვში ჩასვლის პირველივე დღეებიდან მან  რუსულ-ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა შესწავლა დაისახა მიზნად. კვლევას მოსკოვსა და სხვა არქივებში დაცული ისტორიული წყაროები – ქრონიკები და დოკუმენტები დაედო საფუძვლად. 1954 წელს დ. არსენიშვილმა რუსულ-ქართული ურთიერთობებისა და XVII-XVIII საუკუნეების მოსკოვის ქართული კოლონიის ისტორიის ამსახველი გამოფენის მოწყობის საკითხი წამოჭრა. ეს გამოფენა მოსკოვში ქართველ ლიტერატორთა და საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელ, დონის მონასტრის უფლის მირქმის სახელობის ეკლესიაში გაიხსნა. მასზე წარმოდგენილი იყო პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის, პეტრე I-ის თანამებრძოლ ალექსანდრე ბატონიშვილის, დიდი ქართველი მწერლისა და დიპლომატის, “პუშკარსკი პრიკაზის” ფელდცეიხმეისტერ საბა ორბელიანისა და გენიალური ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის პორტრეტებიდან შესრულებული ფოტოსურათები. გამოფენის ორგანიზატორის მიერ შესანიშნავად შერჩეულ მასალას ძალზე ბუნებრივად ერწყმოდა ქართველ მოღვაწეთა საფლავის ფილების წარწერები. იმავე წელს, დავითმა სსრკ-ის კულტურის სამინისტროსთან არსებული ისტორიისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციას ქ. ასტრახანის კრემლში დაკრძალული საქართველოს მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის სამარხების საკავშირო ძეგლთა სიაში შეტანისა და მათი საფლავებიდან დაკარგული მემორიალური დაფების აღდგენის მოთხოვნის წერილით მიმართა. წერილის საფუძველზე ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძარში, არსენიშვილის ხელმძვანელობით გამოჩენილ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა სამარხების წინასწარი გათხრები ჩატარდა.

1955 წელს, დავითმა პეტერბურგში ბაგრატიონების სამეფო გვარის წარმომადგენელთა და პეტერბურგის ქართული კოლონიის სხვა წევრთა საფლავებიც მოიძია. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ეპიტაფიათა ნუსხა შეადგინა და დაკარგული საფლავების რაოდენობის დასადგენად XIX საუკუნის მონაცემები რუსეთის სიძველეთა მკვლევარ ზაბელინის მონაცემებს შეადარა... რუსეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში მუშაობის დროს დავითმა, რუსულ-ქართულ პოლიტიკურ ურთიერთობათა ამსახველი დოკუმენტების გარდა, ქართველ მოღვაწეთა მანამდე უცნობი ბიოგრაფიული ცნობებიც გამოავლინა. მის მიერ ლენინგრადის ისტორიულ არქივში ნაპოვნი დოკუმენტები აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის  მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ.

იეთიმ გურჯი ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.დავით არსენიშვილი - ქართველი ხელოვნებათმცოდნე. იოსებ იმედაშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ისევ რეპრესიები და დიდი ქართველის აღსასრული

1959 წელს საბჭოთა ნომენკლატურა დ. არსენიშვილს კვლავ დაუნდობლად მოექცა. ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, საბჭოთა ბიუროკრატიული აპარატის მუშაკთა უმეცრებისა და ინტრიგების გამო, მძიმედ დაავადებული დავით არსენიშვილი მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 1960 წელს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის საზეიმო გახსნას დავითი, როგორც კერძო პირი, ისე ესწრებოდა... `...მომავალ კვირას ჩემი მუზეუმი იხსნება. რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც ჩემია და მარადჟამს ჩემი იქნება~, – წერდა გულდაწყვეტილი დავითი ახლობელს.

1963 წლის შემოდგომაზე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იატაკის მოხეხვა და მასტიკის წასმა განიზრახეს. ბრონქიალური ასთმით მძიმედ დაავადებული პაციენტი დამლაგებელს ევედრებოდა, მის პალატაში მასტიკა არ წაესვათ. “პალატის ექიმთან მიდით, მან მიბრძანოს” – ისმის  პასუხად. ავადმყოფი ექიმს მიმართავს, პასუხი იგივეა: “მთავარ ექიმთან მიბრძანდით, ბრძანება მან უნდა გასცეს!” პაციენტი მთავარ ექიმთან მიდის – “ასეა საჭირო”... მეორე დღეს ავადმყოფი ბრონქიალური ასთმის უმძიმესი შეტევით გარდაიცვალა.

 

 

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.