USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
თბილისი
დაწერილია წითელ პარასკევს - ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
თარიღი:  795
ჯუბრან ხალილ ჯუბრანი - ლიბანელი მწერალი და მხატვარი.
რომანტიკული მიმდინარეობის ფუძემდებელი არაბულ ლიტერატურაში.
ქრისტიანი (მარონიტი) იყო. 1895-იდან აშშ-ში ცხოვრობდა.
 
"დღესაც ისევე, როგორც ამ დღეს ყოველწლიურად, კაცობრიობა ფხიზლდება თავის ღრმა ძილისაგან, დგება თაობათა ლანდების წინაშე და ცრემლგადაკრული თვალებით უყურებს გოლგოთის მთას, რათა იქ ხის ჯვარზე გაკრული იესო ნაზარეველი დაინახოს. ხოლო როდესაც მზე დღის სავალიდან ჩადის, კაცობრიობა ბრუნდება, რათა ყოველ ბორცვსა და ყოველი მთის წვერზე დამაგრებული კერპების წინ სალოცავად მუხლი მოიყაროს.
დღეს ხსოვნა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა სულებს იერუსალიმისკენ მიუძღვის, იქ მწკრივ-მწკრივად დგებიან, გულში მჯიღს იცემენ და დაჟინებითი შეჰყურებენ ეკლის გვირგვინით შემკობილ აჩრდილს, რომელსაც მკლავები უსაზღვროების წინაშე გადაუშლია და სიკვდილის ზღუდის მიღმიდან სიცოცხლის სიღრმეებში იყურება. მაგრამ ღამის ფარდები ამ დღის სცენაზე ჯერ არ არის დაშვებული, რომ ქრისტიანები უკან ბრუნდებიან და გუნდ-გუნდ დავიწყების ჩრდილქვეშ წამოგორდებიან ხოლმე, უმეცრებისა და უნიათობის საბნებში გახვეულნი.
ყოველწლიურად სწორედ ამ დროს ფილოსოფოსები ტოვებენ თავიანთ ბნელ მღვიმეებს, მოაზროვნეები თავიან ცივ მონასტრებს, მგოსნები - მათ წარმოსახვით ხეობებს და ყველანი მაღალ მთაზე დგებიან, მდუმარენი, შეძრწუნებულნი და გულისყურით ისმენენ ხმას იმ ჭაბუკისა, თავის მკვლელებზე რომ ამბობს: ,,მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“
მაგრამ სინათლის ხმებს გარს სიმშვიდე ჯერაც არ შემორტყმია, რომ გაბრუნდებიან ფილოსოფოსნი, მოაზროვნეები და მგოსანნი და მათი სულები ცნობისწადილის აღმძვრელ წიგნთა ფურცლების სუდარაში ეხვევიან.
ცხოვრების ორომტრიალით გართული, სამკაულებითა და მოსართავებით გატაცებული ქალები გამოდიან დღეს შინიდან, რათა იხილონ მწუხარე ქალი, რომელიც ჯვრის წინ ისე დგას, როგორც ლბილი ხე ზამთრის ქარიშხლების წინაშე, მიუახლოვდნენ ამ ქალს, რათა მისი ღრმა გმინვა და ტკივილიანი კვნესა მოისმინონ.
გოგონები და ყმაწვილები კი, დღეთა ნაკადებთან ერთად, იქით რომ იხრებიან, საითკენაც თვით ვერ გაიგიათ, დღეს ერთი წამით შედგებიან და მიიხედავენ უკან, რათა დაინახონ ყმაწვილი მაგდანელი ქალი, თავისი ცრემლით რომ ჰბანს სისხლის წვეთებს ცასა და მიწას შორის წამომართული მამაკაცის მუხლებს. მაგრამ როგორც კი ამ გოგო-ბიჭების თვალი ამ სანახაობიდან გადაინაცვლებს, ისევ აჩქარებულ და მოკისკისე ყმაწვილებად გადაიქცევიან.
ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს იღვიძებს კაცობრიობა გაზაფხულის გამოღვიძებით და დგება მტირალი ნაზარეველის სალმობათათვის, მერე თვალებზე ქუთუთოებს ჩამოიფარებს და კვლავ ღრმა ძილს მიეცემა. გაზაფხული კი მღვიძარი რჩება, იღიმის და მიდის, ვიდრე ოქროთი მოვარაყებულ, კალთებსურნელოვან შემოდგომად გადაიქცეოდეს.
კაცობრიობა არის ქალი, რომელსაც გარდასულ თაობათა გმირების დატირება სიამოვნებს თორემ კაცობრიობა რომ კაცი ყოფილიყო, გაიხარებდა ამ გმირების დიდებულებითა და ბრწყინვალებით.
კაცობრიობა, ბალღია, რომელიც ოხვრით დგება დაკლული ფრინველის სიახლოვეს, მაგრამ ეშინია წინ გადაუდგეს მძვინვარე ქარიშხალს, რომელიც თავის გზაზე ლეწავს ხმელ ტოტებს და მტკიცედ მიიხვეტავს დიდი ხნის განმავლობაში გამჯდარ სიბინძურეს.
კაცობრიობა იესოს ხედავს, როგორც ღარიბებივით შობილს, მცხოვრებს, როგორც გაჭირვებულთ, დამცირებულს, ვითარცა უღონოებს, ჯვარზე გაკრულს, როგორც ავაზაკებს და დასტირის, გლოვობს და თანაუგრძნობს. და სულ ეს არის, რასაცა იქმს მისდა სადიდებლად.
უკვე ცხრამეტი თაობაა, რაც ადამის ძენი იესოს სახით თაყვანს სცემენ სისუსტეს, მაშინ, როცა იესო იყო ძლიერი, მაგრამ მათ არ ესმით ძლიერების ჭეშმარიტი არსი.
იესოს არ უცხოვრია, როგორც გაჭირვებულ მშიშარას და არ მომკვდარა, როგორც წუწუნა ტანჯული, არამედ იცხოვრა, ვითარცა მეამბოხემ, ჯვარს ეცვა, როგორც შეუპოვარი და აღესრულა, ვითარცა მძლეველი.
იესო არ ყოფილა ფრთებჩამომტვრეული ჩიტი. ის იყო მძვინვარე ქარიშხალი, რომელმაც თავისი ქროლვით ყველა გამრუდებული ფრთა მთლიანად დაცალეწა!
იესო ლურჯი თანაგრძნობის მიღმიდან კი არ მოსულა, რომ სიცოცხლის სიმბოლოდ ტკივილი ექცია. არამედ მოვიდა იმისათვის, რომ სიცოცხლე ჭეშმარიტებისა და თავისუფლების სიმბოლოდ გაეხადა.
იესოს არ შეშინებია მდევრებისა, არ შეუძრწუნებია მტრებს და არ უგმინია თავის მკვლელთა წინაშე, არამედ იყო თავისუფალი შემსწრეთა თავს ზემოთ, მამაცი ჩაგვრისა და ტირანიის წინაშე, ხედავდა საზიზღარ მუწუკებს და რწყავდა მათ, ესმოდა მოღაღადე ბოროტებისა და ენას აკმედინებდა, ხვდებოდა თვალთმაქცობას და სრავდა.
იესო უზენაესი სინათლის წრიდან ქვემოთ იმისათვის კი არ დაშვებულა, რომ დაენგრია სახლები და მათი ქვებით ეკლესია-მონასტრები აეშენებინა ანდა ძლიერი კაცები წაექეზებინა, რომ ბერმონაზვნებად გაეხადა. არამედ იმისათვის მოვიდა, რომ ამ სამყაროს სივრცეში ახალი, ძლიერი სული გაევრცელებინა, რომელიც თავის ქალებზე ამაღლებულ ტახტებს საყრდენთ შეურყევდა, სამარეებზე წამომართულ სასახლეებს დაანგრევდა და დაჩაგრულ სუსტთა სხეულებზე დაფუძნებულ კერპებს დაამხობდა.
იესო იმისათვის არ მოსულა, რომ ხალხისათვის თვალისმომჭრელ ეკლესიათა და დიდებულ ტაძართა შენება ესწავლებინა ბეჩავ ქოხმახთა და ბნელ, ცივ საცხოვრისთა გვერდით, არამედ მოვიდა იმისათვის, რათა ადამიანის გული ტაძრად ექცია, სამშვინველი საკურთხევლად, ხოლო გონება მისი - მღაღადებლად.
აი, ეს არის ის, რაც იესო ნაზარეველმა ქმნა და ეს არის საფუძვლები, რომელთა გამოც ჯვარს ეცვა, ვით რჩეული. და ადამის ძენი რომ აზროვნებდნენ, დღეს დადგებოდნენ გახარებულნი და გაცისკროვნებულნი და მტრის ძლევისა და გამარჯვების სიმღერებს დააგუგუნებდნენ.
შენ კი, გამარჯვებულო ჯვარცმულო, გოლგოთის მაღლობებიდან, თაობათა ქარავნებს რომ გადმოჰყურებ, ერთა გნიასს რომ უსმენ და მარადისობის ოცნებები გესმის, შენ ხის ჯვარზე, სისხლში ამოსვრილიც უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხარ, ვიდრე ათასი მეფე, ათას ტახტზე, ათას სამეფოში. შენ სულთმობრძაობასა და სიკვდილს შორის უფრო შემაძრწუნებელი ხარ და ძლევამოსილი, ვიდრე ათასი მხედართმთავარი ათას ჯარსა და ათას ბრძოლაში.
შენ შენი ვნებებით უფრო სიხარულის მომნიჭებელი ხარ, ვიდრე გაზაფხული თავისი ყვავილებით. შენ შენი ტკივილებით უფრო გულმშვიდი ხარ, ვიდრე ანგელოზი, მთელი თავისი ზეცით. და შენ - ჯალათთა შუაში - მზის სინათლეზე უფრო თავისუფალი ხარ!
შენს თავზე ეგ ეკლის გვირგვინი უფრო ბრწყინვალე და მშვენიერია, ვიდრე გვირგვინი ბაჰრამისა, სამსჭვალი შენს ხელისგულზე უფრო ზვიადი და დიდებულია, ვიდრე სკიპტრა მუშთარისა, და სისხლის წვეთები შენს ფეხებზე უფრო კაშკაშაა, ვიდრე ყელსაბამნი აშთრუთისა. და მიუტევე იმ უძლურთ, რომელნიც დაგტირიან, რამეთუ არ უწყიან, თავისი თავი როგორ დაიტირონ. და შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რომ შენ სიკვდილი სიკვდილით დათრგუნე და საფლავების შინათა სიცოცხლე მიანიჭე."
არაბულიდან თარგმნა
ანალიტიკა
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.