USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
თბილისი
BMG: „ბათუმში უძრავი ქონების 60-70% ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყიდება“ – G&T-ის მკვლევარი
თარიღი:  494

საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად კვლავინდებურად საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელების მიერ საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესი.

გალტ&თაგარტის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში მხოლოდ დედაქალაქში 3 179 ბინა გაიყიდა, რომლის 23% უცხოელებმა იყიდეს. მათაგან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი - 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, წინა წლის მსგავსად ბინების 2% რუსეთის, 10% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს.

საინვესტიციო ბანკის ასოცირებული მკვლევარი, ზუკა თავყელიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თბილისისგან განსხვავებით, უცხოელების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ არსებობს.

„ბათუმი და თბილისი საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის ცხელი წერტილია, თუმცა არის შინაარსობრივი განსხვავებები ამ ორ ქალაქს შორის. პირველი, თუ თბილისში ძირითადად ბინები იყიდება საცხოვრებელი მიზნობრიობით, ბათუმში უფრო საინვესტიციო მიზნობრიობით იყიდება და ეს აისახება თბილისში ბინის საშუალო ზომაში, სადაც გვაქვს საშუალოდ 70 კვადრატული მეტრის ბინები, მაშინ როცა ბათუმში დაახლოებით 40 კვადრატული მეტრია საშუალო ფართი. ეს ითარგმნება ასევე ღირებულებაში, თუ თბილისში დაახლოებით 90 000 დოლარი ღირს ბინა, ბათუმში 60 000 დოლარი ღირს საშუალოდ.

საინვესტიციო ხასიათი იწვევს იმას, რომ ბათუმში ბევრად უხვად გვყავს წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები უძრავი ქონების გაყიდვებში. ჩვენი შეფასებით, 60-70% ყოველწლიურად იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მაშინ როცა თბილისში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის მოთხოვნას და 85-90% გაყიდვებისა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ბაზარი დამოკიდებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე, მაშინ როდესაც ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მნიშვნელოვან მოთხოვნას ქმნიან.

ბათუმში ბოლო წლებში საკმაოდ დივერსიფიცირებულად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობდნენ ბინებს. ყველაზე დიდი წილი ეჭირა რუსეთის მოქალაქეებს, მას მოჰყვებოდა ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და დასავლური ქვეყნებიც. აქ საკმაოდ დიდი რაოდენობა ქვეყნებისა ასევე არაბეთის ყურიდან გააქტიურდა ბოლო წლებში და საკმაოდ მიმზიდველი გახდა ეს ბაზარი მათთვის. პირველი მიზეზი არის, რომ უძრავი ქონება იაფია და საშუალო ღირებულება ბინის არის დაბალი, ხოლო მეორე მხრივ ამონაგები არის მაღალი, თუ შევედრებით სხვა ზღვისპირა ქალაქებს, რომლებიც საინვესტიციოდ განიხილება, ბათუმის ბაზარზე ამონაგები 8%-ზე მაღალია, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

რაც შეეხება თბილისს, აქ ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს მოთხოვნის მთავარ სტიმულატორს, რასაც ბოლო ტენდენციას თუ გადავხედავთ, მოჰყვება ისრაელის ბაზარი. 2025 წლის 5 თვის გამოკვლევით, დაახლოებით 11%-იანი წილი მოდიოდა ისრაელის მოქალაქეებზე“,-აცხადებს თავყელიშვილი.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის