USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
«CNN» (აშშ): „უკრაინის კონტრშეტევა მოლოდინს ვერ ამართლებს“
дата:  429

ამერიკულმა ტელეარხმა „სი-ენ-ენ“-მა (CNN) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა მოლოდინს ვერ ამართლებს“ (ავტორი - ჯიმ შიუტო), რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის თაოაბზე.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ამ ეტაპზე ისეთ წარმატებას ვერ აღწევს, როგორსაც დასავლეთი ელოდა, სამაგიეროდ, რუსეთის ჯარები უფრო მეტ კომპეტენციას ავლენენ, ვიდრე დასავლური შეფასებებით ჩანდა, - განუცხადა „სი-ენ-ენ“-ს სამმა დასავლელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელთაგან ორი ევროპელი და ერთი ამერიკელია.

„კონტრშეტევა მოლოდინს ვერცერთ ფრონტზე ვერ ამართლებს“, - თქვა ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა.

დასავლური შეფასებების თანახმად, რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი კარგად გამაგრებული აღმოჩნდა, რაც ხელს უშლის კიევის არმიის შეტევის განვითარებას: უკრაინის ჯარებმა, თითქმის 20-დღიანი ბრძოლის შემდეგ, ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს ფრონტის ხაზის გარღვევა. ამასთან, რუსულმა ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს - სარაკეტო დარტყმებით დასავლური ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს. მოსკოვი წარმატებით სარგებლობს დანაღმული ველებით და ეფექტურად იყენებს თავის ავიაციას.

ამასთან, ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზე იმყოფება და, აქედან გამომდინარე, აშშ და მისი მოკავშირეები „ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, რომ დროთა განმავლობაში უკრაინის ჯარები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას გაათავისუფლებენ“. ამერიკა და მისი მოკავშირეები, სავარაუდოდ, ივლისამდე მოიცდიან, რათა კონტრშეტევის მიმდინარეობის სრული სურათი დაინახონ.

როგორც ცნობილია, უკრაინის ჯარების შეტევა სამი კვირის წინ დაიწყო და განიხილება როგორც გადამწყვეტი ფაქტორი იმის განმსაზღვრელად, თუ ვინ გაიმარჯვებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომში.

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „უკრაინული ქვედანაყოფები თანდათან განიცდიან ადაპტირებას რუსული მხარის ბრძოლის ტაქტიკასთან და, სამომავლოდ, ალბათ, უფრო წარმატებულ შედეგს მიაღწევენ“.

შეიძლება ითქვას, რომ კონტრშეტევის განხორციელება უკრაინისათვის „რთული“ აღმოჩნდა, თუმცა ამ მხრივ არც რუსეთს არ უდგას კარგი დღე. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღიარა, რომ კონტრშეტევის „პროგრესი ისეთი არ არის, როგორიც სასურველია“. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს უფრო მასშტაბური ნაბიჯები გადავდგათ. მჯერა, რომ ვინც იბრძვის, ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ვინც აკაკუნებს, იმისთვის კარი მაინც გაიღება“, - თქვა მან „ბი-ბი-სი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

კონტრშეტევის დაწყებიდან საკმაო ხნით ადრე დასავლელი ოფიციალური პირები კიევს აფრთხილებდნენ, რომ თავდამცავი მხარე, რომელიც თავის პოზიციებს იცავს, შემტევ მხარესთან შედარებით უპირატესობით სარგებლობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში დროს უქმად არ კარგავდა და თავისი თავდაცვითი ზღუდეები საკმაოდ მტკიცედ გაამაგრა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა მაღალჩინოსანმა „სი-ენ-ენ“-ს განუმარტა, რომ უკრაინის არმიისათვის პრობლემა აღმოჩნდა კლიმატური მდგომარეობაც: „ამინდმა არევ-დარევა შეიტანა შეტევის განხორციელების გრაფიკში - სატრანსპორტო საშუალებები და მძიმე ჯავშანტექნიკა ღრმა ტალახში სასურველი სიჩქარით გადაადგილებას ვერ ახერხებდა. დიახ, უკრაინელების დანაკარგები მძიმეა, მაგრამ არც ისე სერიოზული, როგორც ამის წარმოდგენას კრემლი ცდილობს მსოფლიოსათვის“.

გასულ კვირას ბრიუსელში გამართული საკონტაქტო ჯგუფის სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალი თანამდებობის მქონე გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინა, რუსეთის ჯარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მდგრად პროგრესს აღწევს, მაგრამ მან ასევე გააფრთხილა კიევი იმაში, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი:

„რუსეთთან ბრძოლა ძალიან რთული ბრძოლაა, დაუნდობელი ხასიათით და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან დროს დაიკავებს. კიევს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ შეტევას თან დიდი მსხვერპლი და დანაკარგები ახლავს“, - ხაზი გაუსვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა მარკ მილიმ.

აღიარა რა უკრაინისთვის გადაცემული დასავლური წარმოების ჯავშანტექნიკის დანაკარგები შეტევის პირველ ეტაპზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა: „უკრაინელებს აქვთ იმის შესძლებლობა, რომ დაზიანებული ტექნიკა აღადგინონ, გაარემონტონ და ბრძოლის ველზე დააბრუნონ... რასაკვირველია, სომარი დანაკლისი გაგრძელდება, მაგრამ უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანობას და სამხედრო ძლიერებას ინარჩუნებს“, - ხაზი გაუსვა ლოიდ ოსტინმა.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/06/22/politics/ukraine-counteroffensive-western-assessment/index.html

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати